"აქ ენითაუწერელი ტრაგედია ტრიალებს, გვეშინია მამაუკას დედამ თავს არაფერი აუტეხოს" - ბურუსითმოცული, ორმაგი მკვლელობა ბათუმში - კვირის პალიტრა

"აქ ენითაუწერელი ტრაგედია ტრიალებს, გვეშინია მამაუკას დედამ თავს არაფერი აუტეხოს" - ბურუსითმოცული, ორმაგი მკვლელობა ბათუმში

ვინ და რატომ მოკლა ბათუმში სტუმრად მყოფი, დედისერთა ბიჭი?!

"როგორც ხალხი ამბობს, მკვლელობა ქალის მიზეზით მოხდა. თუმცა, ვინ ვის წაათვა ქალი და ცოლად მოიყვანა, არ ვიცი. ერთი ეგ ვიცი, რომ ის სენაკელი სულ ტყუილად მოკლეს. იმ ღამით 4 მანქანა ამოსულა, მამუკა უბნის ბიჭებთან ერთად ეზოში მდგარა. მისთვის უკითხავთ შენი მეგობარი სად არისო, ამას უთქვამს, არ ვიციო. როგორ თუ არ იციო და ამაზე ჩხუბი ამტყდარა."

ბათუმში 10 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ე.წ. დევნილების დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მეორე დღესვე შუახევის რაიონში დააკავეს. "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოკლული 27 წლის სენაკელი მამუკა შეროზიაა, რომელიც ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენების ვინაობას, ვერ გავარკვიეთ. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულებს ადგილობრივებმა განგვიცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული და მისი მეგობრები ბათუმში არ ცხოვრობდნენ და მათ შესახებ არაფერი იციან.

რა მოხდა 10 სექტემბრის ღამეს? - ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილი დღემდე პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. ჩვენდა გასაკვირად, ადგილობრივები რატომღაც მომხდართან დაკავშირებით საუბარს გაურბიან. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და გასროლის ხმაც არ გაუგია.

მკვლელობა ბათუმის გარეუბანში ე.წ. დევნილების დასახლებაში მოხდა. კერძოდ, აფხაზეთის ქუჩის 22-ე კორპუსის წინ. დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს სასურსათო მაღაზია, რომელიც მკვლელობის ღამეს მუშაობდა. თუმცა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ: - "ჩვენც გაოცებულები ვართ, რომ აქვე, ორ ნაბიჯში მკვლელობა მოხდა და გასროლის ან შეკამათების ხმა ვერ გავიგეთ. მომხდარის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა პატრულისა და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდნენ. ჯერ გვეგონა ერთი იყო დაჭრილი, მერე მეორეც იპოვეს, ისიც უკვე გარდაცვლილი იყო. ეს ბიჭები აქაურები არ არიან. როგორც ითქვა, ერთი გარდაცვლილი ჩაქვში ცხოვრობდა. მეორე კი, 27 წლის მამუკა შეროზია, სენაკელი იყო და აქ სტუმრად დეიდასთან და ბებიასთან იმყოფებოდა".

- მკვლელობის ვერსიებზე რას ამბობენ?

- როგორც ხალხი ამბობს, მკვლელობა ქალის მიზეზით მოხდა. თუმცა, ვინ ვის წაათვა ქალი და ცოლად მოიყვანა, არ ვიცი. ერთი ეგ ვიცი, რომ ის სენაკელი სულ ტყუილად მოკლეს. იმ ღამით 4 მანქანა ამოსულა, მამუკა უბნის ბიჭებთან ერთად ეზოში მდგარა. მისთვის უკითხავთ შენი მეგობარი სად არისო, ამას უთქვამს, არ ვიციო. როგორ თუ არ იციო და ამაზე ჩხუბი ამტყდარა. დანარჩენი კი იცით, რაც მოხდა.

"კვირის პალიტრა" მოკლული მამუკას შეროზიას ოჯახის ახლობელსაც ესაუბრა. მკვლელობის მიზეზი მათთვისაც უცნობია.

ი.ჭ. მოკლულის ოჯახია ახლობელი:

- მამუკა დედისერთა ბიჭი იყო. დედამისმა წვალებით გამოზარდა ეს ერთი შვილი. ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო. ეკლესიური, სტიქაროსანი. ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ დედისერთა რადან იყო, დედის ხათრით თავს იკავებდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც ბერობა ჰქონდა გადაწყვეტილი. არავინ ვიცით რა მოხდა, რატომ მოკლეს, გაოგნებულები ვართ. მათ ოჯახში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. მამუკას დედა იმდენად ცუდად არის, რომ ნემსებს უკეთებენ და დროებით თიშავენ. გვეშინია თავს არაფერი აუტეხოს.

- ბათუმში სტუმრად ვისთან იყო?

- მამუკა გერმანიიდან ახლახან ჩამოვიდა. რამდენიმე წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს. თუმცა, იქ რას საქმიანობდა, ზუსტად არ ვიცი. დედას სახლში რემონტი ჰქონდა, უკვე დასრულების პირას იყო. მამუკას მეგობრებმა სთხოვეს ორი დღით ბათუმში გავისეირნოთო. დედა უარზე იყო, სახლში ამდენი საქმეა და სად უნდა წახვიდეო, თუმცა, მამუკამ თავისი გაიტანა, უთხრა ორ დღეში ჩამოვალო და წავიდა. ბათუმში დეიდა და ბებია ცხოვრობენ. მამუკა ბათუმში ჩასვლიდან მეორე დღეს მოკლეს. დედა შვილის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. უსაყვედურა, მალე ჩამოდი, საქმეებს ვერ ავუდივარ, დამეხმარეო. რას იფიქრებდა, საწყალი ქალი, რომ შვილს უკანასკნელად ელაპარაკებოდა, რამდენიმე საათში ასეთი ტრაგედია დატრიალდა...

- ბათუმში ამბობენ, რომ მკვლელობა ქალის გულისთვის მოხდაო...

- სინამდვილეში რა მოხდა, არ ვიცით. არა მგონია, რომ მამუკა ქალისთვის მოეკლათ, მაგრამ რაც არ ვიცი იმაზე რა გითხრათ? როგორც გავიგეთ, იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვლელს ახლდა, ერთ-ერთი პოლიციელის შვილი ყოფილა. ალბათ, მალე გაირკვევა რა მოხდა და რატომ გაწირეს ეს დედისერთა ბიჭი.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს მამუკა შ-მ (შეროზია -ავტ) დანით ერთი ჭრილობა მიაყენა მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარს მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილოდ დაჭრა 1990 წელს დაბადებული რაულ მ. დაჭრილების მეგობარმა მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკდვილოდ დაჭრა მამუკა შეროზია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შეროზია და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა მალევე მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. ჩხრეკისას მისგან დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის ბათუმიდან)