"ბიჭი, რომელსაც ტყვია გაუვარდა, საშინელ დღეში იყო" - მოზარდის სიკვდილით დასრულებული გართობა - კვირის პალიტრა

"ბიჭი, რომელსაც ტყვია გაუვარდა, საშინელ დღეში იყო" - მოზარდის სიკვდილით დასრულებული გართობა

"დასისხლიანებული ბავშვი ძირს იწვა და გარშემო უამრავი ხალხი ეხვეოდა. იქვე არაადიამანურად ღრიალებდა ვიღაც ბიჭი, - ეს რა მომივიდაო!"

19 სექტემებრს, წყნეთში, ე.წ. პეინტბოლის ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა - 13 წლის მოზარდი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. თვითმხილველის თქმით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ცეცხლსასროლ იარაღს წმენდა, რა დროსაც ტყვია გაუვარდა და იქვე მდგომ მოზარდს მოხვდა.

პეინტბოლის ტერიტორია ექსტრემალური, სპორტული თამაშისათვის განკუთვნილი ადგილია, სადაც საბრძოლო ქმედების იმიტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეციალური საღებავების მსროლელი იარაღებით შეჯიბრი. თუმცა, თვითმხილველის თქმით, იმ ბიჭს, ანუ ეჭვმიტანილს ნამდვილი იარაღი გაუვარდა:

- როდესაც გასროლის ხმა გავიგეთ, მაშინვე იქით გავიქეცით, დასისხლიანებული ბავშვი ძირს იწვა და გარშემო უამრავი ხალხი ეხვეოდა. იქვე არაადიამანურად ღრიალებდა ვიღაც ბიჭი, - ეს რა მომივიდაო! ასე 30 წლამდე იქნებოდა. ბიჭი, რომელსაც ტყვია გაუვარდა, საშინელ დღეში იყო, თავად ჩაბარდა ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს. პირველად თქვეს, სათამაშო იარაღი გაუვარდა და მისი ტყვა მოხვდა ბავშვს და უეცარი სიკვდილი ამან გამოიწვიაო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

- ბავშვის მშობლებიც იქ იმყოფებოდნენ?

- იქ ისეთი ამბავი ატყდა, ამის გარკვევა ძნელი იყო... როგორც გაირკვა, ბავშვი მშობლებს დაბადების დღეზე ჰყოლიათ გასართობად მოყვანილი. თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ეს უბედურება მოხდა... ის ბიჭი, ეჭვმიტანილი, ვისაც იარაღი გაუვარდა, ასევე მეგობრებთან ერთად იყო პეინტბოლის ტერიტორიაზე მოსული. ტაბელურ იარაღს წმენდდა, რა დროსაც ტყვია გაუვარდა და იქვე მდგომ მოზარდს პირდაპირ ყელში მოხვდა... არ ვიცის, დაკავებულს, ჰქონდა თუ არა იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება. საწყალი თავადაც ძალიან ცუდ დღეში იყო.

სასწრაფოს დახმარების მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა. იქვე, წყნეთში არსებულ "დოქტორ ჰაუსის" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ბიჭი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

- გარდაცვლილი ბავშვი წყნეთელია?

- არა, თავიდან ითქვა, რომ ადგილობრივი იყო და წყნეთში არსებულ "ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლე იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. გარდაცვლილი, სავარაუდოდო თბილისელია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

.