დაკავების ოპერაციისას ეჭვმიტანილმა ცეცხლი ჯერ სამართალდამცავებს გაუხსნა, მერე კი თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

დაკავების ოპერაციისას ეჭვმიტანილმა ცეცხლი ჯერ სამართალდამცავებს გაუხსნა, მერე კი თავი მოიკლა

თეთრიწყაროს რაიონში, დანაშაულში ეჭვმიტანლმა დაკავებისას თავი მოიკლა. შსს-ს ცნობით, პირი წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი, ამჯერად კი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ეძებდა.

დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში". - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"