მძღოლი, რომელმაც გალში "სასწრაფოს" მედპერსონალი და პაციენტი იმსხვერპლა, ქუთაისში მკურნალობს - საზარელი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

მძღოლი, რომელმაც გალში "სასწრაფოს" მედპერსონალი და პაციენტი იმსხვერპლა, ქუთაისში მკურნალობს - საზარელი ავარიის დეტალები

"მეუღლის გარდაცვალების ამბავი დაშავებულმა ქმარმა ჯერ არ იცის"

"მერსედესი" ისე ძლიერ შეეჯახა სასწრაფოს, რომ სასწრაფოს მანქანა რამდენჯერმე ამოყირავდა. ყველანი სასწრაფოს მივცვივდით, საშინელება ტრიალებდა"

"იურიდიულად საქართველო ხელფეხშკრულია - მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ვერ დაიწყებს და დამნაშავესაც ვერ დააკავებს"

23 სექტემბერს გალში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. დაახლოებით დილის 10 საათზე, სასწრაფო დახმარებისა და "მერსედესის" მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. თვითმხილველთა თქმით, "მერსედესის" მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ორივე მედპერსონალი და პაციენტი ადგილზე გარდაიცვალნენ. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, "მერსედესის" მძღოლი - ბადრი ყოლბაია მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ყოლბაია იმავე დღეს ზუგდიდში გადავიდა, თუმცა, ადგილობრივმა საავადმყოფომ პაციენტი არ მიიღო და ქუთაისში გადაიყვანეს. ყოლბაია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. გუშინვე მას ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"კვირის პალიტრა" გალში მცხოვრებთ დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვწერთ), ამბობს, რომ "მერსედესის" მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომანქანას:

"ავარია საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა. აქ ძალიან ცუდი მოსახვევია. ადრეც მოხდა ავარია. მძღოლი ლამის მოფრინავდა, მანქანას ისე სწაფად მართავდა. სასწრაფოც ნელა არ მიდიოდა, რადგან პაციენტი მიჰყავდა, ცუდა ყოფილა ის საწყალი ქალი, რომელსაც თან ქმარი ახლდა. ერთ წამში მოხდა ყველაფერი. "მერსედესი" ისე ძლიერ შეეჯახა სასწრაფოს, რომ სასწრაფოს მანქანა რამდენჯერმე ამოყირავდა. ყველანი სასწრაფოს მივცვივდით, საშინელება ტრიალებდა, ამიტომ, მძღოლისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. შემდეგ თქვეს, რომ მიიმალა. ვერ გეტყვით ნასვამი იყო თუ არა. წესით დილის ათ საათზე ნასვამი ვერ იქნებოდა. გალში საგზაო წესებს ვინ იცავს და ვისაც მანქანა ჰყავს ქალაქი თავისი ჰგონია, მანქანას გიჟებივით დაატარებენ. როგორც თქვეს, ის მძღოლი გალში ცხოვრობს, მანქანასაც აფხაზური ნომრები აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ახლა სად არის? სადაც არ უნდა დაიმალოს, სამი ადამიანის ცოდვას ვერ მოიცილებს. ეს ხალხი კი გააუბედურა, შვილები, ოჯხები დარჩათ."

ავარიის შედეგად გალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ლია ჩხოტუა, ექთანი თეა ჭედია და პაციენტი ნური ხასაია ადგილზე გარდაიცვალნენ. გარდაცვლილ პაციენტს თან მეუღლე ნოდარ ბერაია ახლდა, რომელიც მძიმე დაზიანებებით გალის საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე, მძიმედ დაზიანდა სასაწრაფოს დახმარების მძღოლი ნიკოლაი დროგინი, რომელიც გალის საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება "მერსედესის" მძღოლს, ბადრი ყოლბაიას, თავდაპირველად, დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძღოლი მიიმალა და მასზე ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით, განაცხადეს, რომ მძღოლის ვინაობა დადგენილია და ის გალის რაიონის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

თუმცა, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბადრი ყოლბაია ავარიიდან მალევე ზუგდიდში გადავიდა, მაგრამ ზუგდიდის საავადმყოფომ არ მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამიტომ, დასავლეთის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოში დაგვიდასტურეს. ყოლბაია ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში წევს. ექიმების თქმით, პაციენტს კოჭის ძვლის მოტეხილობა აქვს. მას 24 სექტემბერს ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტის ოჯახს პრესასთან საუბარი არ სურს.

მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს ვესაუბრეთ:

- ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულები არიან ჩვენი ექიმები. არაჩვეულებრივი ადამიანები გახლდათ. ორივე ახალგაზრდა, ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. სამწუხაროდ, რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, ისიც ითქვა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების მძღოლისა და გარდაცვლილი პაციენტის მეუღლის გადმოყვანა ვერ ხერხდებაო. ეს მართალი არ არის, ჩვენი რეანომობილები მზად არიან, რომ ნებისმიერ წუთს გამოძახებაზე გავიდნენ, მაგრამ ამის საჭიროება არ დგას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გალის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დაშავებულები თბილისში გადმოვიყვანოთ.

- მომხდართან დაკავშირებით რა იცით?

- გარდაცვლილი პაციენტი ბანკში მუშაობდა, მას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს და გალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. რა უბედურებაც დატრიალდა უკვე იცით. მეუღლის გარდაცვალების ამბავი დაშავებულმა ქმარმა ჯერ არ იცის, ეს მათი შვილების თხოვნით გაკეთდა. სასწრაფოს მძღოლმა შოკი მიიღო, ნელ-ნელა მდგოამრეობიდან გამოდის.

- თუ იცით "მერსედესის" მძღოლის ადგილსამყოფელი?

- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის ქუთაისის ჰოსპიტალშია მოთავსებული. სიმართლე გითხრათ, მისით არ დავინტერესებულვარ, ამ ტრაგედიაზე ვართ გადართულები."

ისმის კითხვა - მომხდართან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცავები გამოძიებას დაიწყებენ თუ - არა? იურისტების თქმით, ვინაიდან, აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ვერ დაიწყება.

ციალა რატიანი, იურისტი:

- ამ შემთხვევაში ძალიან რთული ვითარებაა, სადაც დანაშაული მოხდა, იქ ჩვენი იურისდიქცია ვერ ხორციელდება. შენი პოლიცია და პროკურატურა იქ არ არის. მხოლოდ ფაქტი შეიძლება იცოდე, მაგრამ ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაული მოხდა. მოწმეს ვერ დაკითხავ, მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებ სასამართლოს ვერანაირ დასკვნას ვერ წარუდგენ, შესაბამისად, ხელფეხშკრული ხარ, ვერაფერს გააკეთებ და ვერ გამოძიებას ვერ დაიწყებ და დამნაშავესაც ვერ დააკავებ."

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)