"ბიჭი არაადამიანურად ღრიალებდა, ეს რა დამემართაო..." - კვირის პალიტრა

"ბიჭი არაადამიანურად ღრიალებდა, ეს რა დამემართაო..."

გასროლის ხმა გავიგონეთ თუ არა, გავიქეცით და დავინახეთ, დასისხლიანებული ბავშვი ძირს ეგდო. უამრავი ხალხი ირეოდა. ბიჭი იქვე, წყნეთში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო...

გასულ კვირას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. პეინტბოლის მოთამაშე ახალგაზრდა ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, როცა მოულოდნელად იარაღი გავარდა და ტყვია იქვე მყოფ მოზარდს ყელში მოხვდა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, არც ბრალდებულის ვინაობა გახმაურებულა.

როგორც ამბობენ, დამნაშავეს დამალვა არც უცდია. თურმე არაადამიანურად ღრიალებდა, ეს რა დამემართაო. სამართალდამცავებსაც თავად ჩაჰბარდა.

პეინტბოლის ტერიტორია ექსტრემალური სპორტული თამაშისთვის არის განკუთვნილი. იქ საბრძოლო ქმედების იმიტაციით იმართება სპეციალური საღებავების მსროლელი იარაღებით შეჯიბრება.

როგორც ირკვევა, ბრალდებული პეინტბოლის მოყვარულია. რატომ იყო ის შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მისული და ჰქონდა თუ არა გაფორმებული იარაღი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

საქმის დეტალების გასარკვევად პეინტბოლის ფედერაციის წარმომადგენელს დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა:

"ვარჯიშებს ამჟამად აღარ ვატარებთ. მომხდარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენენ. გამომძიებელმა მირჩია, თავი შევიკავო ყოველგვარი კომენტარისგან".

ტრაგედიის ადგილთან ახლოს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაა. ჩვენ სკოლის თანამშრომელს, ნატალის გავესაუბრეთ:

- ეს საშინელი ტრაგედია ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამბობენ, რომ ახალგაზრდას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

არ ვიცით ბავშვის ვინაობაც, ის ჩვენი სკოლის მოსწავლე არ ყოფილა. ის ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ჩვენი სკოლის მომიჯნავედ მდებარეობს და პეინტბოლის ფედერაციას იჯარით აქვს აღებული.

- ადრე ხომ არ ყოფილა მსგავსი ფაქტი ამ ტერიტორიაზე, ხომ არ შეგინიშნავთ რომ შეიარაღებული პირები ვარჯიშობდნენ?

- არა, ადრე მსგავსი რამ არ შემინიშნავს. აქ უამრავი ბავშვი სწავლობს. როგორ ფიქრობთ, რაიმე პრობლემა რომ გვექმნებოდეს და საფრთხეს ვგრძნობდეთ, გავჩუმდებოდით? პირველი, ვინც ხმას ამოიღებდა, ჩვენ ვიქნებოდით.

აი, რას ამბობს ფაქტის თვითმხილველი:

- გასროლის ხმა გავიგონეთ თუ არა, გავიქეცით და დავინახეთ, დასისხლიანებული ბავშვი ძირს ეგდო. უამრავი ხალხი ირეოდა. არაადამიანურად ღრიალებდა ბიჭი, რომელსაც იარაღი გაუვარდა. ბავშვი მშობლებს გასართობად ჰყოლიათ მოყვანილი, თანატოლებთან თამაშობდა...

ის, ვისაც იარაღი გაუვარდა, პეინტბოლის ტერიტორიაზე სათამაშოდ იყო მისული. საშინელ დღეში ჩავარდა, აზრი არ მოეკითხებოდა. აქეთ-იქით სასოწარკვეთილი დარბოდა და ღრიალებდა, ეს რა მომივიდაო.

სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა. ბიჭი იქვე, წყნეთში არსებულ "დოქტორ ჰაუსის" კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.

წყნეთის მოსახლეობა მომხდარით შეძრულია, ისინი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე აიკრძალოს ცეცხლსასროლი იარაღით სიარული. ამ ადგილას მათი შვილები ხშირად თამაშობენ და მსგავსი უბედურებისგან დაცულები უნდა იყვნენ.

თეა ხურცილავა

ფოტოზე: უბედური შემთხვევის ადგილი