"ვიდრე ჩემი შვილი სისხლისგან არ დაიცალა, ხელი არავის გაუნძრევია" - მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?! - კვირის პალიტრა

"ვიდრე ჩემი შვილი სისხლისგან არ დაიცალა, ხელი არავის გაუნძრევია" - მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!

"თამაზს სამხედრო ფორმა წლების განმავლობაში ეცვა და ხელში იარაღი ეჭირა, ვერც იმას დავიჯერებ, რომ გაუვარდა, - ძალიან ფრთხილი ბიჭი იყო. ცეცხლსასროლს კი არა, სამუშაო იარაღსაც დაკვირვებით მოიხმარდა".

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს, - 33 წლის თამაზ თამარაშვილი, მე - 5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი იყო. მას გამჭოლი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული...

ჯარისკაცი, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან იყო. მისი მშობლები და მეუღლე თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. მეუღლის მანანა აკოფიას თქმით, ტრაგედიისას თამაზ თამარაშვილს ეძინა. მეუღლის თქმით, დაჭრილი ჰოსპიტალში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სისხლისგან დაიცალა.

როგორც ჯარისკაცის დედა მაყვალა ჩიტიშვილი აცხადებს, ჯარისკაცი სტაციონარში დროულად არ გაიყვანეს. "ეძინა და გაუვარდაო, ასე გვითხრეს მწოლიარეს როგორ გაუვარდა იარაღი? თან ეძინა? ვერ დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. არც საფუძველი მაქვს და არც მიზეზი ასე ვიფიქრო..." - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ვაჟა თამარაშვილი, დაღუპული ჯარისკაცის მამა:

- წინა დღეს დაგვირეკა და გველაპარაკა. სახლში აპირებდა მეორე დღეს მოსვლას. რაღაც საქმეები გვქონდა გასაკეთებელი და მე და ჩემს მეორე ბიჭს, მაგაზე გველაპარაკა. რაღაცები დავგეგმეთ... მეორე დღეს შინ შვილს ველოდი, მაგრამ... ამოვიდნენ და გვითხრეს, უბედური შემთხვევა მოხდაო, თქვენი შვილი გარდაცვლილი იპოვესო... ცოცხალი როგორ ვარ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ და პირში სული როგორ მიდგას... ვიცნობდი ჩემს შვილს, რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, სატელეფონო საუბრისაც მივხვდებოდი. თამაზი თავს არ მოიკლავდა! არაფერი სჭირდა თავის მოსაკლავი და არც ის კაცი იყო, ვინმეს დაეჩაგრა... მუცელში აქვს ტყვია მოხვედრილი. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. თან ვიდრე სისხლისგან არ დაიცალა, ხელი არავის გაუნძრევია.

- ფიქრობთ, რომ მოკლეს?

- ზუსტად ვიცი, ჩემი ბიჭი თავს არ მოიკლავდა. ყურძენი იყიდეთ და დავწუროთო, - უთხრა ჩემს მეორე ბიჭს. ღვინოს დაყენება გვინდოდა. თავად თამაზი არ სვამდა, ვერ იტანდა სასმელს, მაგრამ სტუმარი უყვარდა, მეგობრებისთვის უნდოდა ის ღვინო. ცხოვრების გაგრძელებისთვის ემზადებოდა.

- მის ჯარისკაც მეგობრებს ესაუბრეთ?

- ვესაუბრე, მაგრამ ყველა გაოგნებულია. არადა, ხომ იცით, ჯარში ერთმანეთზე ყველაფერი იციან. რა უჭირს და რა ულხინს, თამაშობს თუ ვალები აქვს. ჩემს შვილს ეს პრობლემები არ ჰქონია... მას სამხედრო ფორმა წლების განმავლობაში ეცვა და ხელში იარაღი ეჭირა, ვერც იმას დავიჯერებ, რომ გაუვარდა, -თამაზი ძალიან ფრთხილი ბიჭი იყო. ცეცხლსასროლს კი არა, სამუშაო იარაღსაც კი დაკვირვებით მოიხმარდა. უდიერი დამოკიდებულება არაფერთან ჰქონია... თავის მოკვლის ვერსიაზე საუბარს ჭკუიდან გადავყავარ, ეს გამორიცხულია, მას ორი მცირეწლოვანი შვილს ჰყავს, ამათ ჩვენს იმედად აროგორ დატოვებდა, ისეთი გიჟი მამა იყო. ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ მის შვილებს არაფერი მოკლებოდათ... ჩემი უთქმელი, უწყინარი და კეთილი ბიჭი, რანაირად გამომეცალე ხელიდან... ვიცოდე, მაინც ჩემი ბიჭის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.

ჯარისკაცის თვითმკვლელობის არ სჯერა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის რწმუნებულს და გარდაცვლილის მეგობარს ზურაბ ბეკურიშვილს.

"ოჯახზე გადაყოლილი, წყნარი ბიჭი იყო. ყველას გვიყვარდა. არც მტერი ჰყოლია, არასდროს უთქვამს ჯარში თავს ცუდად ვგრძნობო. ასმეთაურს უთქვამს, შემთხვევიდან 10 წუთში უკვე საავადმყოფოში იყოო, თუმცა თამაზს ვერაფერს აგებინებდნენ, გონება უკვე დაკარგული ჰქონია..."

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამავე უწყების თქმით, საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)