ათამდე გასროლა ქალაქის ცენტრში, დაკავებულია ერთი ადამიანი - რა მოხდა სასტუმრო "რედისონთან?" - კვირის პალიტრა

ათამდე გასროლა ქალაქის ცენტრში, დაკავებულია ერთი ადამიანი - რა მოხდა სასტუმრო "რედისონთან?"

სროლის შედეგად "პორშეს" მარკის ავტომანქანაა დაცხრილული. ტყვია მოხვდა "რედისონში" მდებარე სამორინეს ფანჯარასაც

დღეს, შუადღის ორი საათისთვის სასტუმრო "რედისონთან" სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათამდე გასროლა მოხდა, რის შემდეგაც მათვე შენიშნეს, რომ შემთხვევის ადგილიდან 3-4 ახალგაზრდა გაიქცა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევამ ტერიტორიაზე მყოფ პირთა შორის პანიკა გამოიწვია, რის გამოც ისინი ტერიტორიიდან გაიქცნენ. "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებული არავინ არის. დაკავებული კი ერთი პირია, რომელსაც ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება ედება.

სასტუმრო "რედისონთან" სროლის შედეგად "პორშეს" მარკის ავტომანქანაა დაცხრილული. ტყვია მოხვდა "რედისონში" მდებარე სამორინეს ფანჯარასაც.

თაბუკაშვილის ქუჩიდან "რედისონის" მიმართულებით და პირიქით, გადაკეტილი იყო სამანქანო მოძრაობა. ადგილობრივი მოსახლეობა მედიას გადაღებისა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და ტერიტორიის დატოვებისკენ მუქარით მოუწოდებდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობედნენ.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა სპეციალური ამკრძალავი ლენტით ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი გადაღობეს, მათ შორის - "რედისონის" სამორინეს ნაწილი. ქუჩაში ეგდო ერთ-ერთი პირის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიის მასრები.

"ინტერპრესნიუსი"