"მეშინია, თბილისი ისევ კრიმინალების სათარეშოდ არ იქცეს" - სროლა და პანიკა თბილისის ცენტრში - კვირის პალიტრა

"მეშინია, თბილისი ისევ კრიმინალების სათარეშოდ არ იქცეს" - სროლა და პანიკა თბილისის ცენტრში

"გაქცევისას  ერთ-ერთს იარაღი ქუჩაში დაუვარდა"

"რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე სროლაში ეჭვმიტანილი ერთი  პირი დააკავეს

8 ოქტომბერს, შუადღის ორი საათისთვის სასტუმრო "რედისონთან" სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან დაახლოებით ათამდე გასროლა გაიგონეს, რის შემდეგაც შენიშნეს, რომ შემთხვევის ადგილიდან 3-4 ახალგაზრდა გაიქცა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მომხდარმა იქ მყოფ ადამიანებს შორის პანიკა გამოიწვია, რასაც მცირე არეულობა მოჰყვა.

მარინა გ.

- დაზუსტებით არც მე ვიცი რა მოხდა. სარეცხს ვფენდი, როცა რამდენიმე გასროლა გავიგე მაშინვე ქუჩაში გამოვედი და იმ მიმართულებით გავიქეცი საითაც ხალხი გარბოდა. მეც თაბუკაშვილზე ვცხოვრობ, სროლის ხმა სასტუმრო "რედისონის" მხრიდან ისმოდა, როცა მოვედი აქ შეკრებილები ამბობდნენ, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ სროლის შედეგად მანქანა და სასტუმროს ფანჯარა დუზიანა. გაქცევისას კი ერთ-ერთს იარაღი ქუჩაში დაუვარდა.

საბედნიეროდ, მომხდარი უმსხვერპლოდ დასრულდა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, იმდია ყველაფერი გაირკვევა. უბრალოდ ძალიან შეშინებული ვარ, დღისით, ქალაქის ცენტრში რომ ასეთ რამეს ბედავენ, სადაა პოლიცია?! დროულად თუ არ მიიღეს რაიმე ზომები, მეშინია, თბილისი ისევ კრიმინალების სათარეშოდ არ იქცეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სასტუმრო "რედისონთან" სროლის შედეგად "პორშეს" მარკის ავტომანქანაა დაცხრილული. ტყვია მოხვდა "რედისონში" მდებარე სამორინეს ფანჯარასაც.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)