11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს - კვირის პალიტრა

11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

"ამ ყველაფერში ის არის დამნაშავე, ვინც 70 წლის კაცი სკოლის დაცვის თანამშრომელად ისე აიყვანა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ შეამოწმა!"

ქუთაისში 11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო, გოგონას ახლობლები სკოლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენ, მომხდარი სწორედ ამის შემდეგ მოხვდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული დაცვის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რესპონდენტმა, რომელიც მომხდარ ანაგარიშსწორებას შეესწრო, ვნაობის გამხელა არ ისურვა.

ლ. დ:

- სკოლის დაცვის ის თანმაშრომელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში მშობლებმა დასდეს ბრალი, 70 წლისაა და არა ახალგაზრდა, როგორც ამას ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებები წედნენ. როგორც ვიცი, სულ ორიოდე დღის დაწყებული ჰქონდა ამ სკოლაში მუშაობა. ჩემი აზრით, მაგისთანები უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ, ახლა კი თვითონ ჩივის თურმე.

როგორც ახლობლები ჰყვებიან, 11 წლის, მეხუთეკლასელი გოგონა ცეკვიდან ბრუნდებოდა და საკუთარ ეზოში შედიოდა, როდესაც იქვე მდებარე სკოლის დარაჯი წინ გადაუდგა და ჭიქა წყალის სკოლაში, დაცვის ოთახში შეტანა სთხოვა. ბავშვი სახლში შევიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს დედამისი დაინტერესდა ვისთვის მიჰქონდა გოგონას წყალი, - ბავშვმაც უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი დაეჭვდა და მალევე გაჰყვა შვილს უკან, კაცი თავის ოთახში იყო და გოგონას შესვლას ელოდა...

- მერე რა მოხდა?

- დედა დროულად მივიდა და კაცმა სავარაუდო განზრახვა ვერ შეასრულა. გამწარებულმა ქალმა და ატეხა ერთი ამბავი. არ უნდა აეტეხა?! მაინცდამაინც საშინელება უნდა მომხდარიყო და მერე უნდა გამოფხიზლებულიყო ყველა, როცა მისი შვილი უკვე დაღუპული იქნებოდა?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს, რას სცემეს ის კაცი, იქნებ გულში ცუდი არაფერი ედოო?! თუ  ედო და ბავშვს დაღუპავდა, მერე ამას რა ეშველებოდა?!

ჩხუბს ბავშვის მამამ შემეესწრო და გადაირია კაცი. რომ გაიგეს საქმე რაში იყო, მეზობლებმაც მიამატეს ხელი.

- ასე ხომ შეიძლებოდა ადამიანი შემოკვდომოდათ, ეგებ მართლაც წყალი სწყუროდა ადამიანს?

- ხო, რა თქმა უნდა, ვინც თავის ოჯახის ღირსებას იცავს, ის უნდა დასაჯონ, აბა, რა! რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა უდანაშაულოა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები, როდესაც წყალი სკოლაშიც მოდიოდა, ბავშვს რატომ სთხოვა მიტანა ან თუ ასე ძალიან სწყუროდა, დაცვის ოთახში რას გაიქცა, ეზოსთან ვერ დაელოდა გოგონას?!

ამ ყველაფერში ის არის დამნაშავე, ვინც 70 წლის კაცი სკოლის დაცვის თანამშრომელად ისე აიყვანა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ შეამოწმა!

ენდი ნემსვერიძე, ქუთაისის 7-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

- სკოლის დაცვის თანამშრომლების დანიშვნა სკოლის დირექტორებზე არ არის დამოკიდებული. ოფიციალურად, კანონით არსებობს ორგანიზაცია, რომელთანაც სკოლა დაცვის თანამშრომლების მოზიდვის შესახებ ხელშეკრულებას დებს. ეს ორგანიზაცია ამის შემდეგ თანამშრომელს გზავნის.

- ინციდენტში მონაწილე დაცვის თანამშრომელი დიდი ხნის დანიშნულია? თქვენ იცნობდით?

- არ ვიცნობდი, რადგან ჩვენს სკოლაში მომუშავე თანამშრომელს რაღაც შეემთხვა, მე სკოლას დაცვის გარეშე ვერ დავტოვებდი. გავაკეთე განაცხადი აღნიშნულ ორგანიზაციასთან და მათ ეს თანამშრომელი გამოგვიგზავნეს, სულ ერთი დღის მოსული იყო.

- თქვენთვის რა არის ცნობილი მომხდარზე?

- სანამ გამოძიება არ დაადგენს რა და როგორ მოხდა, ვერაფერს გეტყვით.

მომხდარ ინციდენტს შსს სამინისტრო იძიებს. მათი განცხადებით, საქმე 125 მუხლით არის აღძრული ინციდენტში დაზარალებული სკოლის დაცვის თანამშრომლის გამო. რაც შეეხება, ინციდენტში მონაწილე მეორე მხარეს, მათ საჩივარი არ შეუტანიათ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)