"მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა" - კვირის პალიტრა

"მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა"

ბესო ხარძიანის ვაჟმა მამის მეორე მეუღლე თაღლითობაში დაადანაშაულა და მისი გასამართლება მოითხოვა

ეკა ნონიკაშვილი: "ავადმყოფები არიან. მთელი ცხოვრება ასე დარბოდნენ. ახლა უდესიანი რასაც უბრძანებთ, იმას აკეთებენ. მე საუკეთესო მეუღლე, მათ კი, ყველაზე კარგი მამა მოუკლეს და ამას ვერ ხვდებიან. ჩემი სიყვარულის დატირება არ მაცალეს, რაზე უნდა ვილაპარაკო?!"

28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოში სამი გასროლით მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მკვლელობაზე საგამოძიებო ორგანო ჯერჯერობით დუმს - მართალია, რამდენიმე დღის წინ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ბესო ხარძიანის მკვლელობის ყველა ფაქტობრივი გარემოება დადგენილიაო, თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. ამასობაში კი ხარძიანის ოჯახის წევრები ერთმანეთს სამკვიდრო წესით გასანაწილებელ ქონებას ედავებიან - 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესო ხარძიანის ვაჟმა, მიხეილ ხარძიანმა მამის მეორე მეუღლე, ეკა ნონიკაშვილი თაღლითობაში დაადანაშაულა და მისი გასამართლების მოთხოვნით პროკურატურაში შესაბამისი განცხადებაც შეიტანა.

- მამაჩემის მკვლელობიდან ზუსტად ორ კვირაში მისმა მეუღლემ ქონების სასწრაფოდ გაყიდვაზე ზრუნვა დაიწყო - ეკა ნონიკაშვილმა ბესოსთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება უკანონოდ ისე გაასხვისა, რომ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო გადანაწილება არ მომხდარა. ნონიკაშვილმა ითაღლითა, რითაც სამოქალაქო კოდექსის ოთხი - 207-ე პრიმა, 182-ე, 218-ე, 362-ე მუხლები დაარღვია.

ხარძიანების ოჯახი: მარცხნიდან - უმცროსი ბესო ხარძიანი, უფროსი ბესო ხარძიანი, ეკა ნონიკაშვილი, ქეთი ხარძიანი

- რა ქონების გასხვისებაზე საუბრობთ?

- ნონიკაშვილმა სამი მილიონის ღირებულების უძრავი ქონება თავის მეგობრებზე გადაანაწილა და, რაც მთავარია, სახლები, საოფისე ფართობები და მიწები მათ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასად გაასხვისა. მაგალითად, წავკისში მილიონ ლარად შეფასებული სამსართულიანი სახლი, რომლის მიწის ფართობი 1 300 კვმეტრია, 5 000 ლარად უახლოეს მეგობარს ნაირა ნებიერიძესა და მის ქალიშვილს, მაია გოგლიძეს მიჰყიდა. არადა, ეს ქონება ჩემზე, ჩემს დასა და ბებიაჩემზე უნდა გადანაწილებულიყო. ამასთან, ნონიკაშვილმა ერთ დღეში შვილს, ქეთი ხარძიანს საოფისე ფართობები და სახლები აჩუქა, ქეთიმ კი, თავის მხრივ, საჩუქრად მიღებული ქონება ოფიციალურად მეგობარს მიჰყიდა. ეს მიანიშნებს, რომ ფიქციური გასხვისებაა!

ნონიკაშვილმა წავკისის აგარაკის გასხვისების დოკუმენტაციაც გააყალბა - მან სახლის არსებობა საერთოდ დამალა და ძველი საკადასტრო კოდით ოფიციალურად მხოლოდ მიწის ნაკვეთი გაყიდა. არადა, ამ ნაკვეთზე სახლის მშენებლობის შემდეგ ქონებას ახალი საკადასტრო კოდი მიენიჭა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ამ ტერიტორიაზე სახლი არ დგას. ჯამში, ნონიკაშვილმა თაღლითური მაქინაციებით მილიონ-ნახევარი ქონება დამალა.

- შესაბამისი მტკიცებულებები გაგაჩნიათ?

- ორასგვერდიანი მასალა მაქვს, რომელიც პროკურატურას მივაწოდე. წარმოიდგინეთ, მამაჩემის ორმოციც არ იყო გასული, ნონიკაშვილი კი ქონებას ანაწილებდა.

ეს პროცესი მან 18 მაისს დაასრულა, თუმცა ჩემთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ქონების გასხვისებამდე ნოტარიუსთან ხელი მოაწერა, რომ მის სახელზე არსებულ ქონებას არ გაასხვისებდა, თუმცა, დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული 207-ე პრიმა მუხლი და მის სახელზე რეგისტრირებული ქონება უკანონოდ გაასხვისა. მოგეხსენებათ, ნასყიდობის ხელშეკრულებით თანაცხოვრების ეტაპზე შეძენილ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ეკა ნონიკაშვილის სახელზე არსებული ქონება ბესოსიც იყო და ის სხვა მემკვიდრეებზეც უნდა გადანაწილებულიყო. ანუ, ამით ნონიკაშვილი შეეცადა, მემკვიდრეებისთვის გადასანაწილებლად მხოლოდ ბესოს სახელზე რეგისტრირებული ქონება დაეტოვებინა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მან პასუხი უნდა აგოს!

- ეკა ნონიკაშვილის დაკავებას ითხოვთ თუ თქვენი მთავარი მიზანი გასხვისებული ქონების დაბრუნებაა?

- ნონიკაშვილმა არა მხოლოდ მემკვიდრეებს, სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, როდესაც უძრავი ქონება არარეალურ ფასად გაასხვისა და ამ ფორმით, გადასახადებსაც აარიდა თავი...

- პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეთ. ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგიღიათ?

- განაცხადი რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ... ვფიქრობ, უწყება ადეკვატურად იმოქმედებს, რადგან ამ საქმეში ოთხი მუხლის დარღვევის ფაქტი ცალსახაა.

- სანამ მემკვიდრეები ქონებაზე დაობთ, ხარძიანის მკვლელობის საქმეს თუ ეცნობით, გავიდა თუ არა გამოძიება დამკვეთის კვალზე?

- გამოძიება ინფორმაციას მხოლოდ ეკა ნონიკაშვილს აწვდის, თუმცა, ბუნებრივია, მამაჩემის საქმის გამოძიება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მიხეილ ხარძიანთან საუბრის შემდეგ ეკა ნონიკაშვილს დავუკავშირდით:

- რა გითხრათ, ავადმყოფები არიან. მთელი ცხოვრება ასე დარბოდნენ. ახლა უდესიანი რასაც უბრძანებთ, იმას აკეთებენ. მე საუკეთესო მეუღლე, მათ კი ყველაზე კარგი მამა მოუკლეს და ამას ვერ ხვდებიან. ჩემი სიყვარულის დატირება არ მაცალეს, რაზე უნდა ვილაპარაკო?! არ ვაპირებ სისულელეებზე პასუხების გაცემას. ქონება კარგად დაითვალონ. პროკურატურაშიც, რაც უნდათ, ის შეიტანონ. მე ქმარი მომიკლეს და ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით...

მალხაზ სალაყაია, ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატი: "ნონიკაშვილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ შინიდან არ გასულა, მხოლოდ სასაფლაოს მოპირკეთებით იყო დაკავებული და დღემდე გლოვობს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ქონებას ფლობს, ამაზე არასდროს გვისაუბრია, რადგან ვთვლი, რომ ეს მისი პირადი საქმეა. არც არავის აქვს უფლება, მის კუთვნილ ქონებაში ჩაერიოს, მით უმეტეს, რომ ჩემი ინფორმაციით, ნონიკაშვილს მეგობრებზე ქონება არასოდეს გაუსხვისებია. ისიც ტყუილია, თითქოს ეკას თავის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვის უფლება არ აქვს, თანაც მიხეილ ხარძიანს არავინ ეკითხება, ნონიკაშვილი საკუთარ ქონებას როგორ განკარგავს - მას სრული უფლება აქვს, თავის სახელზე არსებული ქონება სურვილისამებრ მართოს. მემკვიდრეებზე კი ქონების ნახევარი სამკვიდრო წესით განაწილდება. ქონების ნაწილს, რომელიც ბესოს სახელზე ირიცხება, ნონიკაშვილი ვერ გაასხვისებდა, რადგან ნოტარიულად მსგავსი პროცედურები შეჩერებულია - ბესოს მოკვლის დღიდან სამკვიდრო ქონება არავისზე გაცემულა... რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, არავინ იცის, ძიება როდის დასრულდება. ვიცით, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და პროკურატურა მკვლელზეც გავიდა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჩვენთვის უცნობია".

რუსუდან შელია