ვინ არის ფატუ ბენსუდა, პროკურორი ქალბატონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს - კვირის პალიტრა

ვინ არის ფატუ ბენსუდა, პროკურორი ქალბატონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოშია. მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით უკვე მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

მათივე განმარტებით, ქალბატონი ბენსუდას აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

(ასევე იხილეთ: დაინტერესდება თუ არა ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომით)

ბენსუდას ინიციატივითვე, ჰააგადან რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვეს. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შეიტანა და რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

ფატუ ბენსუდას განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2008 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულები საქართველოს ამ ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილი იყო.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბადაშვილის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე.

ქალბატონი პროკურორის რამდენიმე ბიორგაფიული შტრიხი

ფატუ ბანსუდა 1961 წელს, გამბიაში დაიბადა, სადაც დღეს უკვე ცნობილი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწეა. 1986 წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი ნიგიერიაში და სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ასევე სწავლობდა ნიგერიის სამართლის სკოლაში. 1991 წელს კი მაგისტრის ხარისხი მალტის საერთაშორისო ინსტიტუტში მიიღო. 1980 -1997 წლებში მუშაობდა ადვოკატად გამბიის სასამართლო სისტემაში. 1998 – 2000 წლებში იყო გამბიის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.

მისი საერთაშორისო კარიერა 2002 წელს, რუანდის საკითხზე საერთშორისო ტრიბუნალით დაიწყო, თავდაპირველად მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კონსულტანტად, შემდეგ კი სასამართლოს ადვოკატად.

2004 წლის 8 აგვისტოს ის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ. 2012 წელს კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თანამდებობაზე ლუისა მორენო ოკამპო შეცვალა.