"დამნაშავეებისთვის უვადო პატიმრობაც რომ მიეცათ, ჩემი ტკივილი ამით არ განელდებოდა. ჩემი შვილის მკვლელებმა მომიკლეს ქმარი, ოჯახი მომისპეს და გამინადგურეს, ამიტომაც არ ველოდი ასეთ პატარა სასჯელს".თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 2 მაისს ე.წ კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, რომელმაც ამ ფაქტს "კრიმინალურად განვითარებული სისხლიანი სპეცოპერაცია უწოდა", ორივე მათგანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს - 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება - 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ."პროკურატურის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული კორტების სპეცოპერაცია იყო დანაშაულთან ბრძოლისას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სახელით შენიღბული მაღალი თანამდებობის პირების მიერ პირადი ანგარიშსწორების მოტივით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.მსჯავრდადებულების ადვოკატები განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის ვერდიქტით უკმაყოფილო დარჩა როგორც ბრალდებულების, ასევე დაზარალებულის მხარე.ნინო ხვიტია, ირაკლი ფირცხალავას მეუღლე:- წარმოუდგენელი რამ მოხდა... ვიცოდი, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე შორს თუ წავიდოდნენ და მოსამართლე ყველანაირი მოტივაციისა და ლოგიკური საფუძვლის გარეშე ასეთ განაჩენს გამოიტანდა. თუმცა რა გასაკვირია, ბადრი კოჭლამაზაშვილის ძმა სამხარეო პროკურორია. მოსამართლე უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ზეწოლის ქვეშ იყო, რომელიც როგორც მხარე, ისე გამოვიდა და ყოველგვარი სამართლებრივი შედეგების გარეშე მემორიალი დაუდგა კრიმინალებს. წულუკიანი მის სიტყვას და საქციელს, რა თქმა უნდა, უკან არ წაიღებდა. არც ერთ მოწმეს არ დაუსაბუთებია, რომ ეს იყო ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი და განზრახ ჩადენილი ქმედება. დავანებოთ თავი იმას, რომ ლოგიკურადაც გამორიცხულია ინფორმატორ ხუბულოვზე ასეთი ტიპის და მასშტაბის შურისძიება ცენტრალურ ქუჩაზე. თურმე ეს ყველაფერი ირაკლის გადასაწყვეტი ყოფილა მაშინ, როცა მას ბევრი ზემდგომი ჰყავდა. ახლა ის სპეცრაზმელები, რომლებიც დააკავეს და ერთ საკანში ჩასვეს, სათითაოდ გვითვლიან ბოდიშებს და ამბობენ, უკიდურესი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ დავადეთ ხელი უფროსებსო. ფიგურალური მკვლელები ხომ სპეცრაზმელები არიან, რომლებიც უშუალოდ ესროდნენ აწ გარდაცვლილებს? იმას არ ვამბობ, რომ მათ უკანონოდ ჩაატარეს სპეცოპერაცია, მანიაკები იყვნენ, თუ გიჟები? მანქანიდან სროლა თუ არ იყო და მართლა პატიოსანი ბიჭები იყვნენ, რატომ დაუშინეს სპეცრაზმელებმა ტყვიები? ირაკლის არც დაუგეგმავს, არც უსვრია და არც ლიკვიდაციის შესახებ გაუცია ბრძანება. როდესაც სროლა ატყდა, ირაკლის მოწოდება იყო - აცალეთ სპეცრაზმს! მითები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის ობიექტურობაზე უკვე აღარ არსებობს. ეს არის ერთი ჩვეულებრივი პოლიტიზებული მოსამართლე, რომელმაც მიიღო ყოვლად უსამართლო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ირაკლი ძლიერი პიროვნებაა, ადვოკატის გადმოცემით ვიცი, მხნედ არის, თუმცა მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი უკანონო განაჩენი.ერთი კია, ამ სასამართლო პროცესით ჩემს მეუღლეს ერთხელ კიდევ მიეცა იმის საშუალება, რომ მისი უდანაშაულობა წარმოეჩინა. რა თქმა უნდა, განაჩენს გავასაჩივრებთ, უზენაესამდე მივალთ, მაგრამ ალბათ იქაც იგივე შედეგი დადგება. ვიბრძოლებთ იმ დრომდე, სანამ ეს ხელისუფლება არ იქნება მოცილებული.ციალა შანავა, ზურაბ ვაზაგაშვილის დედა:- განაჩენმა გამაკვირვა, მეტს მოველოდი. კარგია, დამტკიცდა რომ ეს იყო ფირცხალავას და ცააძის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რომელიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ამ საქმეს შეეწირა ჩემი ოჯახი და 12 წელს როგორ უსჯი მკვლელს, როცა იგივე განაჩენი შეიძლება პურის ქურდობისთვის გამოუტანონ ადამიანს? მოსამართლემ თავად აღიარა, რომ ეს იყო არა ღონისძიება, არამედ განზრახ ჩადენილი მკვლელობა და სისხლიანი სპეცოპერაცია. ჯგუფურად სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავეებს 12 წელი უნდა აკმარო? დამტკიცებულია, რომ ზურას მანქანას 85 ტყვია აქვს ნასროლი, ამიტომაც გამიკვირდა ასეთი სასჯელი...კმაყოფილი ვარ პროკურატურის მუშაობით, რომელმაც ყველა ღონე იხმარა და მკვლელებს დანაშაული დაუმტკიცა, მაგრამ უკმაყოფილო ვარ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილით. ეს ადამიანი უსამართლოდ მოექცა ჩემს ოჯახს. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ სპეცრაზმის უფროს კახაბერ ნაკანს 6 წელი მიუსაჯეს მაშინ, როცა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მან ბიჭების მიმართულებით 8-ჯერ გაისროლა.ჩემს შვილს იარაღი არ ამოუღია და არ უსვრია, ეს დამტკიცებულია. სპეცრაზმელებს პირდაპირ არ უთქვამთ, ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ ზურას გიორგი ცააძემ ესროლა საკონტროლო ტყვია, მაგრამ მათ თქვეს, სროლის ხმა გავიგეთ და დავინახეთ, ცააძე მანქანის მარცხენა მხრიდან გამოდიოდაო. მოწმეებმა ჩვენთან საუბარში თქვეს, რომ ეს ცააძე იყო და რა ინტერესი ჰქონდა მოსამართლეს მისთვის არჩადენილი დანაშაული დაებრალებინა? ექსპერტებმაც დაასკვნეს, რომ ზურას საკონტროლო ტყვია მარცხნიდან ჰქონდა ნასროლი, ბავშვს დაშლილი ჰქონდა თავის ქალა. დამნაშავეებისთვის უვადო პატიმრობაც რომ მიეცათ, ჩემი ტკივილი ამით არ განელდებოდა.ჩემი შვილის მკვლელებმა მომიკლეს ქმარი, ოჯახი მომისპეს და გამინადგურეს, ამიტომაც არ ველოდი ასეთ პატარა სასჯელს. ხომ გახსოვთ, ჩემს ქმარს მკვლელების რამხელა სია ჰქონდა? პროცესზე ზოგიერთები რომ დავინახე, ამან მთლად გამიხეთქა გული. რატომ მარტო ეგ ხუთეული და არა დანარჩენები? ყველანი უნდა დაისაჯონ! უდანაშაულო ადამიანების დასჯას ხომ არ ვითხოვ? ჩემი ქმარი შეეწირა ამ საქმეს. იური იმიტომ მოკლეს, რომ მკვლელებს დანაშაული შერჩენოდათ. იგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მარტო 5 კაცი კი არ გასამართლდებოდა, ყველანი საბრალდებო სკამზე ისხდებოდნენ. მათი რიცხვი რომ არ გაზრდილიყო, ამიტომაც დააკლეს მამა შვილის საფლავს.ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)