"მაშინ მივხვდი ბექას ტყვია რომ მოხვდა, როცა წაიქცაო" - 9 წლის ბიჭი თანატოლის გასროლილმა ე.წ. კისტის თოფმა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მაშინ მივხვდი ბექას ტყვია რომ მოხვდა, როცა წაიქცაო" - 9 წლის ბიჭი თანატოლის გასროლილმა ე.წ. კისტის თოფმა იმსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მეოთხეკლასელი ბიჭი თავისევე თანატოლი მამიდაშვილის ნასროლმა ე. წ. კისტის თოფმა იმსხვერპლა, რომელიც იარაღის მაღაზიაში ყველანაირი ნებართვის გარეშე იყიდება. ამ დროს ის არაერთხელ ქცეულა მკვლელობის იარაღად, მათ შორის, როგორც ირკვევა, სოფელ ჩალაუბანშიც.

შემთხვევა შუადღისით მოხდა, როცა თანაკლასელი ბიძაშვილ-მამიდაშვილი სკოლიდან შინ დაბრუნდნენ, ისადილეს და სოფლის ორღობეში სათამაშოდ გაიქცნენ. ერთ-ერთმა მათ შორის, მამის ნაყიდი კისტის თოფი გაიყოლა სათამშოდ.

სოფლის მცხოვრებლები ამ ამბავს ცრემლის გარეშე ვერ ყვებიან, თუმაც ვინაობის გამხელაზე უარს ამბობენ, - გარდაცვლილი ბავშვის ოჯახში ენითაუწერელი ტრაგედია ტრიალებს.

მ.ნ. სოფელ ჩალაუბნის მცხოვრები:

- დღეს ჩირიკაშვილების სახლთან ჩავლაც კი გვიმძიმს, საშინელ დღეში არიან გარდაცვლილი ცხრა წლის ბიჭის მშობლები, არანაკლებ შავ დღეშია იმ ბიჭის ოჯახიც, რომელსაც თოფი გაუვარდა. რატომ ჰყიდიან ამ თოფს ასე უკონტროლოდ და ბავშვების სათამაშოდ?! ამ რამდენიმე წლის წინ, ამ თოფის ტყვიით კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა ჩვენს სოფელში, შარშანაც დაჭრეს ბიჭებმა ერთმანეთი და დაჭრილი ძლივს გადაარჩინეს, - ისეთი მძიმე ოპერაცია დასჭირდა, 3 კვირა იწვა საავადმყოფოში.

ამგვარი ტრაგედიები მხოლოდ ჩვენს სოფელში კი არ ხდება... ერთს რომ უყიდის თოფს მამა და ბავშვი ამაყად დადის კისტის თოფგადაკიდებული, იმის შემხედვარე სხვა ბავშვებიც ითხოვენ ამ საშინელებას... როგორც ვიცი, 200 თუ 300 ლარი ღირს, მშობლები ცდილობენ ბავშვებს გული არ დასწყვიტონ და ყიდულობენ... ახლაც ასე მოხდა, - ბავშვის მამამ, შვილს საჩუქრად მოუტანა "კისტის" თოფი. ბავშვმა კიდევ აიღო და ბიძაშვილს დაუძახა სათამაშოდ. ეს სრულიად ბუნებრივია, - ბავშვები მეზობლად ცხოვრობდნენ, ერთად იზრდებოდნენ და არც მათ და არც მათ მშობლებს ერთმანეთზე უკეთესი ბევრი არავინ გააჩნდათ. ახლა კი ერთმა "კისტის" თოფმა ორივე ოჯახი დაღუპა. იმ ბავშვის ოჯახი, როემლსაც თოფი გაუვარდა, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გარდაცვლილისა.  შვილს ხელი მოჰკიდეს და მაშინვე გაიხიზნენ სახლიდან, სწრადაც მოიქცნენ, ასეთ დროს გამწარებული ჭირისუფლის პირისპირ ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს. ისე, ბავშვს საგანგებოდ კი არ უსვრია მამიდაშვილისთვის, - პოლიციამ რომ დაკითხა, იმათ უთხრა, - მაშინ მივხვდი, ბექას ტყვია რომ მოხვდა, როცა წაიქცაო. ამ დროს გზად ერთმა თანასოფლელმა ჩამოიარა, ის მივარდა პატარას, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. მძღოლმა მაინც გიჟივით გააქანა სოფლის ექიმთან, მაგრამ ვერაფერი უშველეს - თურმე ბავშვს ტყვია თირკმელში მოხვდა, მან სისხლი აღარ გაატარა და იმიტომ გარდაიცვალა, - ასე თქვეს ექსპერტებმა... ვინც ამ სასიკვდილო იარაღს ყიდის, იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ან ის ოჯახები უნდა დაჯარიმდნენ, რომლებიც შვილებისთვის ამ თოფებს იყიდიან და მერე აღარავინ გაიქცევა სიკვდილის საყიდლად.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)