"ურთულესი ჭრილობებით 100 მეტრის გავლა მაინც შეძლო…" - მკვლელობა ლოტკინზე - კვირის პალიტრა

"ურთულესი ჭრილობებით 100 მეტრის გავლა მაინც შეძლო…" - მკვლელობა ლოტკინზე

"ბიჭი იმ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა"

ლოტკინზე მომხდარ განზრახ მკვლელობას კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. 12 ნოემბერს, საღამოს, 24 წლის რ. ფ. თავისივე ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან გამოსვლისას ჩაცხრილეს. საქმეს შსს სისხლის სამართლის 236-ე და 108-ე მუხლებით იძიებს. ადგილობრივების თქმით, რ.ფ. მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევიდა, მკვლელი იქვე ჩაუსაფრდა და გამოსვლისას მიჯრით ესროლა.

დ. კ.(რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა):

- ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, კარგი კაცი დადგა, სიცოცხლით ხარობდა… ერთ წამში მოუსპეს სიცოცხლე. განადგურებულია მისი დედ-მამა, ყველა შეძრული ვართ.

- ადგილობრივები რ.ფ-ს მკვლელობის მიზეზად კრიმინალთან კავშირს არ ასახელებენ, რა შეიძლება გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი?

- ვიდრე საქმეს არ გამოიძიებენ, მაგას დანამდვილებით ვერავინ იტყვის; თუმცა, როგორც ვიცი, ბიჭი იმ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.

- რას გულისხმობთ?

- ავტოკატასტროფას, რომელიც გარდაცვლილს დაახლოებით 5-6 წლის წინ მოუხდა, - შემთხვევით, გამვლელ გოგონას დააჯახა და საწყალი, ადგილზევე გარდაიცვალა. გოგო ახალგათხოვილი იყო, როგორც ამბობენ, დიდი სიყვარულით დაქორწინებულები იყვნენ და გოგოს ქმარი კარგა ხანს ვერ გამოვიდა დეპრესიიდან. როგორც ამბობენ, სწორედ გარდაცვლილი გოგოს ქმარი იყო ჩასაფრებული მაღაზიასთან, გამოვიდა თუ არა მაღაზიიდან, მაშინვე სროლა აუტეხა. ბიჭს ოთხჯერ ესროლა და გაიქცა. ამბობენ, რომ ტყვიები გულშიც ჰქონდა მოხვედრილი და ზურგშიც. ძლიერი ბიჭი იყო, ასეთი ჭრილობებით კაცი სახლამდე თავისი ფეხით მივიდა, 100 მეტრი მაინც გაიარა… მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. მამამისი გამწარებულია ახლა ის ალაპარაკდა შურისძეიბაზე, მოკლედ, საშინლება ტრიალებს…

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)