"აღარ მყავს ჩემი ბომბორა ბიჭი" - რატომ ჩაცხრილეს ლოტკინზე 24 წლის ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"აღარ მყავს ჩემი ბომბორა ბიჭი" - რატომ ჩაცხრილეს ლოტკინზე 24 წლის ახალგაზრდა

შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაული?!

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მკვლელობის მოტივად შურისძიება განიხილება. რატის წლების წინ ავარია მოუხდა, შემთხვევით გოგონას დაეჯახა და ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ამბობენ, მისი ქმარი ემუქრებოდა და შესაძლოა მან იძია შური

ლოტკინის დასახლებაში 24 წლის რატი ფოლადაშვილი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. ახალგაზრდას იმ საღამოს მაღაზიაში სიგარეტი უყიდია, იქიდან გამოსულს რამდენიმე მეტრი ჰქონია სახლამდე დარჩენილი, რომ მოულოდნელად თავს ბოროტმოქმედი დაესხა. როგორც ჩანს, მკვლელი ჩასაფრებული იყო, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა. მეზობლების თქმით, მძიმედ დაჭრილი რატი სახლში შეღწევას ცდილობდა, მაგრამ მალე ჩაიკეცა და... რატის 5 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ფოლადაშვილების სახლთან ახლობლები იყვნენ შეკრებილი. შინ შესულს უმძიმესი სურათი დამხვდა - ცხედარზე დამხობილი და, დედის და მოხუცი ბებიების სულისშემძვრელი გოდება.

- რა ვქნა უშენოდ გამწარებულმა დედამ? შენ ყველაზე მოსიყვარულე შვილი, ძმა და შვილიშვილი იყავი. როგორ უვლიდი მოხუცებს, როგორ გინდოდა, ყველა კარგად ყოფილიყო. დედა მოგიკვდეს, ჩემო გულიანო, ჩემო ერთადერთო ბიჭო. შენ გარეშე როგორ ვიცოცხლო?

მეც წამიყვანე, ღმერთო. ბავშვივით მივლიდი, სამსახურიდან დაღლილი რომ მოვიდოდი, თავს მევლებოდი. აღარ მყავს ჩემი ლამაზი, ბომბორა ბიჭი, - მოთქვამდა გამწარებული დედა.

ჩვენ ვცადეთ მეზობლებს გავსაუბრებოდით, თუმცა ამაოდ. მხოლოდ ერთმა მეზობელმა არ დამალა და მკვლელობის მოტივად შურისძიება დაასახელა.

- დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მკვლელობის მოტივად შურისძიება განიხილება.

რატის წლების წინ ავარია მოუხდა, შემთხვევით გოგონას დაეჯახა და ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ამბობენ, გარდაცვლილის მეუღლე ემუქრებოდა და შესაძლოა, რომ სწორედ, მან იძია შური. ეს ვერსია პოლიციასაც მიაწოდეს და დაუკითხავთ კიდეც ავტოავარიის დროს გარდაცვლილი გოგონას ქმარი, თუმცა, ამბობენ, რომ პოლიციამ გაუშვა...

რატი სახლთან ახლოს, ლოტკინის პურის ქარხანაში ღამის ცვლაში მუშაობდა. იმ იმედით, რომ რამეს შევიტყობდი, ქარხანაშიც მივედი, თუმცა, თანამშრომლებმა საუბარი არ ისურვეს და მოუცლელობა მოიმიზეზეს: "ვერაფერს გეტყვით, არც გვცალია ახლა ამისთვის, ვმუშაობთ".

გამოძიება გრძელდება. იმედია, დამნაშავე დაისჯება. თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია ჭირისუფლისთვის, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მოუკლეს.

თეა ხურცილავა