"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?! - კვირის პალიტრა

"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?!

"სირიაში არსებული ვითარება, აქედან უფრო "ვარდისფერი" ჩანდა, ეგონათ, რომ მათ იქ საინტერესო ვითარება და კეთილდღეობა დახვდებოდათ, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იქ სახარბიელო არაფერია. ამას ქართული სამართალდამცველების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული ღონისძიებებიც დაემატა"

"თარხან ბათირაშვილის მამასაც ვესაუბრე და არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი შვილი და არც ნებისმიერი აქაური წარმოშობის ქისტი, საქართველოს არასდროს დაემუქრებიან, რადგან ძალიან ბევრი სიკეთე ახსოვთ..."

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" მიერ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ქვეყანას ამ თვალსაზრისით ემუქრებოდეს და რაზეც ჩვენს საზოგადოებას ექსპერტები უკვე კარგა ხანია მიუთითებენ. ეს თემა საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალური, მას შემდეგ გახდა, რაც სირიასა და ერაყში საქართველოდან ახალგაზრდების წასვლა გახშირდა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით ახალგაზრდების გაყვანა ყველაზე ხშირად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან ხდება.

(იხილეთ ასევე: თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი "წითური გენერალი" პანკისიდან)

ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ "კვირის პალიტრასთან განაცხადა: "ტერორისტები ჩვენთან უკვე არიან, იდეოლოგია არსებობს და სულ უფრო იკიდებს ფეხს. ამას მხოლოდ ასანთის გაკვრა სჭირდება. აუცილებელია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის სპეცსამსახურებთან. ეს უნდა იყოს ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. დიდი სიფრთხილე გვმართებს - ჩვენისთანა ქვეყანა შეიძლება ერთმა ტერაქტმაც კი კოლაფსში ჩააგდოს".

(იხილეთ სრულად: "თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ")

მაშინ, როდესაც სპეციალისტები "ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოს მოქალაქეების მოხვედრის გზების შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ირკვევა, რომ საქართველოში სრულიად შეუფერხებლად მოქმედებენ პროპაგანდისტული ვებგვერდები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" სიახლეებს, ფოტო და ვიდეომასალებსა და მათ შესახებ სხვა ტიპის ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულადაც ავრცელებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები დაბალი ცნობიერებისა და სამოქალაქო განათლების მქონე ადამიანისთვის პირდაპირ სატყუარაა...

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ქართულენოვან გვერდს ინტერნეტში 30 ათასამდე მნახველი ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. ერთ-ერთი დახურული ჯგუფი კი, სადაც ტერორისტული დაჯგუფების სიახლეები, ტერაქტების და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ფოტოები და მათი მოგონებებია გამოქვეყნებული, 2 000–მდე წევრს აერთიანებს. ჯგუფში ძირითადად პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები მუსულმანები არიან გაწევრიანებული...

პროგრამისტების თქმით, "ისლამისტური სახელმწიფოს" ინტერნეტგვერდი უცხოურ სერვერზეა ატვირთული, მაგრამ ქართველი ადმინისტრატორი ჰყავს.

ამ ცოტა ხნის წინ წალკაში მცხოვრები იმამის მურმან პაიჭაძის სახელით მიმართვა, სავარაუდოდ, ისლამური ხალიფატიდან გავრცელდა. ის, ოჯახის წვერების მტკიცებით, სამუშაოდ თურქეთში წავიდა, თუმცა როგორც ირკვევა, სირიაში ამოყო თავი. "ეს მუსლიმანთა ბედნიერების, თავისუფლების, მშვიდობის, და ერთიანობის სახელმწიფოა, სადაც ასამდე ეროვნების და ენის ხალხია ერთ მუშტად შეკრული და ნამდვილი ისლამური ძმობაა. "ისლამური სახელმწიფო" ფართოვდება, ძლიერდება და როგორც ადრე, საქართველოშიც მოაღწევს. პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით, მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონის უზენაესი ალლაჰის კანონები", - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც მურმან პაიჭაძის ავტორობით გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებმა ეს თემები კრიტიკის საგნად აქციეს და აქცენტი შესაბამისი სამსახურების უმოქმედობაზე გააკეთეს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნულ და სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილე:

- შესაძლოა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ქართულ ენაზე მათი პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდები აიკრძალოს. გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ რიგ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ე.წ. "გურჯისტანის ვილაიეთის" ჩამოყალიბებას აპირებს, რაც საქართველოში მის შემოსვლას ნიშნავს, სადეზინფორმაციო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ეს საინფორმაციო კამპანია, რუსეთის მიერ ხალხის დაშინების მიზნით იყოს წარმოებული.

შექმნილ ვითარებაში დავინტერესდით რა ხდება პანკისის ხეობაში, სადაც ვაჰაბიზმმა საკმაოდ მოიკიდა ფეხი და საიდანაც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ახალგაზრდაა წასული "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. ერთ-ერთი ვერსიით, რამდენიმე ვიდეომიმართვა, სადაც "გურჯისტანის ვილაიეთზეა" ლაპარაკი, პანკისის ხეობაში ჩაიწერა; ასევე ითქვა, ისიც, რომ "ისლამური სახელმწოფოს" ქართულენოვანი საიტიც იქ მომზადდა.  პანკისის ხეობაში იმყოფება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე, რომელიც ადგილობრივთა განწყობასა და გავრცელებული ინფორმაციების ნამდვილობის შესახებ გვესაუბრება.

ნინო ბურჭულაძე:

- იმ ფონზე, რაც ახლა თბილისიდან და დანარჩენი საქართველოდან ჩანს, პანკისის ხეობაში სრული სიმშვიდეა, თუმცა აქ რაიმე განსაკუთრებულს ამ მხრივ არც არაფერს ველოდი...

- რა ხდება ახლა ხეობაში?

- სიმშვიდეა, რომელსაც ჟურნალისტები არღვევენ, დღეში რამდენიმე ჯგუფი ჩამოდის, მათ შორის, უცხოელები, რომელთა ინტერესიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პანკისის ხეობის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა. მოგეხსენებათ, თარხან ბათირაშვილის თემა კვლავაც აქტუალური გახდა. აქ იყვნენ რუსი ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს ისევ და ისევ თარხან ბათირაშვილისა და პანკისელი ახალგაზრდების სირიაში წასვლის შესახებ სვამდნენ... საბედნიეროდ, აქედან ახალგაზრდების გადინება ისეთი ინტენსიური აღარ არის. ისე კი, ადგილობრივები მართლა დაიღალნენ, რადგან როგორც კი მსოფლიოში რამე მოხდება, მთელი ყურადღება პანკისისკენ არის მიპყრობილი და ეს ძალიან აწუხებთ.

- ის, რომ ბოლო ხანს საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში წასვლის შემთხვევებმა იკლო, ეს იქ ბოლო დროს განვითარებულ პროცესს უკავშირდება?

- დიახ, შეიძლება ასე ითქვას. ბოლო დროს სირიაში ვითარება ძალიან დაიძაბა, მუდმივად იბომბება იქაურობა. ადრე ახალგაზრდების წასვლას უფრო მასიური ხასიათი ჰქონდა, სირიაში არსებული ვითარება, აქედან უფრო "ვარდისფერი" ჩანდა, ეგონათ, რომ მათ იქ საინტერესო ვითარება და კეთილდღეობა დახვდებოდათ, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იქ სახარბიელო არაფერია. ამას ქართული სამართალდმცველების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული ღონისძიებებიც დაემატა, - რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ამ ყველაფრის ფონზე ძალიან უფრთხიან სირიაში გადასვლას. ასევე ვიცი, რომ გადამსვლელები კი არა, იქ წასვლის მსურველთა რაოდენობაც ძალიან შემცირდა.

კიდევ ერთი, მას შემდეგ რაც გავრცელდა, რომ არასრულწლოვანი წავიდა სირიაში, სახელმწიფოც უფრო ფრთხილად არის. ნამდვილად არ ვიცი, ეს შეეხება თუ არა თურქეთში სამუშაოდ წასულ ბიჭებს, რადგან არ ვიცი ისევ იქ რჩებიან თუ უკვე გადასული არიან სირიაში. ერთი რამ ცხადია, სოციალური პრობლემები ძალიან მწვავედ დგას პანკისის ხეობაში და ამიტომ ძალიან ბევრი მიდის თურქეთში, სადაც ფიზიკურად მუშაობს. აქ ძალიან ბევრს განათლების მიღების საშუალებაც კი არ აქვს...

- უკვე სირიაში წასულებთან აქვს ოჯახთან ურთიერთობა?

- დიახ, მე ვესაუბრე არასრულწლოვანი ბესო კუშტანაშვილის დედას, რომლის თქმითაც, მისი შვილი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ამ დაბომბვების გამო, მუდმივად იცვლიან ადგილსამყოფელს, რათა დაზვერვას კოორდინატები არ ჰქონდეს, - ახლაც რომ გესაუბრები, სადღაც მივდივართო, - უთხრა მან დედას.

- ნინო, ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვან ინტერნეტგვერდს. ერთ-ერთი ვერსიით, ის პანკისის ხეობაში შეიქმნა...

- საერთოდ, ეჭვსაც არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეს უცხოურ სერვერზეა ატვირთული და მასში აქაური, პანკისის ჯამაათის წევრები არ არიან ჩართულნი. მასთან კონტაქტი ადგილობრივებმაც უარყვეს და ეს რომ ასეა იმითაც დასტურდება, რომ ისინი საიტს ქართულად კი არა, ჩეჩნურ ენაზე გააკეთებდნენ. ჩემი ინფორმაციით, ამ საიტების და ვიდეომიმართვების ავტორი გამუსულმანებული ქართველები არიან... თარხან ბათირაშვილის მამასაც ვესაუბრე და არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი შვილი და არც ნებისმიერი აქაური წარმოშობის ქისტი, საქართველოს არასდროს დაემუქრებიან, რადგან ძალიან ბევრი სიკეთე ახსოვთ... სირიაში არიან ადამიანები, ჩეჩნები, რომლებმაც ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომიც გადაიტანეს და ყველას კარგად ახსოვს, რა გააკეთა იმ წლებში და შემდეგაც საქართველომ მათთვის...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)