იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავეს, სადაც ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავეს, სადაც ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში მომხდარი ხანძრის ფაქტზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული ზაზა ა. თბილისში დააკავეს.

" 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს. კუთვნილ, ე.წ. "ხასანას" სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული-2"-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ". - ვკითხულობთ სამინისტროს განცახდებაში

ხანძარმა 11 წლის ბიჭების თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქრაძის და რეზი დემეტრაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, - ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ირგვლივ საშინელი პანიკა სუფევდა, ყვიროდნენ, გვიშველეთ, ბავშვები არიან დაკარგული და ვერ ვპოულობთო. ზოგი ამბობდა, სამი ბავშვია დაკარგულიო, ზოგიც ოთხს ასახელებდა. გამწარებულები ყველგან ვეძებდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ მესამე სართულზე უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მესამე სართულზე ასვლა ვერ შევძელით, ხის კიბეები იყო და იმხელა ცეცხლი გაჩნდა, კიბე ჩამოიშალა. სახანძროს სპეცმანქანა მოვიდა, იმ მანქანის კიბით ავედი მესამე სართულზე, მერე სხვებიც ამომყვნენ.

ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ვაქრობდით. ამ დროს ვნახეთ ბავშვები... ჩემმა კოლეგამ მითხრა, ეს რა არისო... იმ ოთახს, სადაც ბავშვები იყვნენ, აღარც კარი ჰქონდა და აღარც ფანჯარა, არც საწოლები გვინახავს, რადგან ყველაფერი დამწვარი, დახრუკული და მიწასთან გასწორებული იყო. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.." - ყვებოდა "კვირის პალიტრასთან" სახანძრო სამსახურის ოცმეთაური, მალხაზ ვერულიძე, რომელმაც კოლეგასთან ერთად პირველმა შეაღწია ცეცხლში გახვეულ ოთახში, სადაც სამი გარდაცვლილი პატარა იპოვეს. (იხილეთ სრულად)

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).