"სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს" - სახელმწიფო მოხელეთა გაუგონარი სისასტიკე თუ უსაფუძვლო ბრალდება? - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს" - სახელმწიფო მოხელეთა გაუგონარი სისასტიკე თუ უსაფუძვლო ბრალდება?

სოციალურ ქსელ"ფეისბუკის" ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 ნოემბრის ღამით, უჯარმის წარმომადგენელმა საგარეჯოს საკრებულოში კოტე ღოღელიანმა, უჯარმაში საგარეჯოს გამგებლის რწმუნებულმა დავით აბელაშვილმა და მინდია ჯეირანაშვილმა იქეიფეს და მთვრალებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ასაკოვან მასპინძელს, ხოლო ეზოში დაბმულ ძაღლს, რომელიც მათ უყეფდა, ყელი გამოჭრეს და დამალეს.

თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოების აქტივისტი:

- არ ვიცით, რას იტყვიან ის ადამიანები, ვისზეც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ არის ბევრი ხელჩასაჭიდი გარემოება, რის გამოც მივიჩნევთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ეს თუ დადასტურდა, დამნაშავეები აუცილებლად საკადრისად უნდა დაისაჯონ. მკვდარი ძაღლი იპოვა დაზარალებულის მეზობელმა და ამის მერე იჩივლეს პოლიციაში.

როგორც ვიცი, დასახელებული პიროვნებები ფიზიკურად გაუსწორდნენ ძაღლის პატრონს, სავარაუდოდ, ძაღლი პატრონს მიეხმარა და სწორედ ამის გამო მოკლეს. ასევე გავიგეთ, რომ ცდილობენ დააშინონ და პოლიციიდან სარჩელი გამოიტანონ. იმედია, პოლიცია ხელს არავის დააფარებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

ინფორმაციის გადამოწმება უჯარმის რწმუნებულთან დავით აბელაშვილითან ვცადეთ:

- მეც გავიგე რომ სოციალურ ქსელში მსგავსი რამ გავრცელდა და მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრული აბსურდი. სიმართლე გითხრათ, ძაღლთან დაკავშირებულ ინცინდენტზე ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ვაპირებ, გავარკვიო დეტალები. 24 ნოემბერს მე ნამდვილად ვიყავი სოფელ უჯარმაში, მაგრამ ძაღლის ყელის გამოჭრა არ დამინახავს.

- ანუ არ დაგინახავთ, მაგრამ ეს ამბავი იცით ხომ?

- არა, მე ეს ფაქტი არც გამიგია. სიმართლე გითხრათ, ისიც ვერ გავიგე კოტე ღოღელიანი რა შუაშია იმასთან, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ.

- გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სწორედ თქვენ და მან გამოჭერით ძაღლს ყელი...

- ეს დიდი სიცრუეა, ეგეთ რაღაცას წარმოდგენაშიც ვერ დავუშვებ, არათუ გავაკეთებ.

- ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღლის მეპატრონემ პოლიციაში შეიტანა სარჩელი, თუმცა მას აიძულებენ, რომ სარჩელი გამოიტანოს...

- არავინ არავის აიძულებს, პირიქით, ვინც მაგ ძაღლის მეპატრონესთან კონფლიქტში იყო, ჩემი მანქანით ჩავიყვანე პოლიციაში, სადაც დაწერა ახსნა-განმარტება და გამოუშვეს.

- ანუ ძაღლი მართლა მოკლეს?

- ძაღლთან დაკავშირებით არ ყოფილა ის ადამიანი იქ ჩასული, სულ სხვა საქმის გამო ვიყავით, იყო რაღაც სიტყვიერი კონფლიქტი და ჩემი მანქანით ჩავიყვანე დაპირისპირებული მხარეები. ვიმეორებ, ჩემთვის ძაღლის მკვლელობის დაბრალება, დიდი ტყუილია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)