"როგორც კი გავედი, მოახერხა და დანა გულთან ახლოს ჩამარტყა..." - რატომ დაჭრეს ლექტორი საჯარო ლექციაზე?! - კვირის პალიტრა

"როგორც კი გავედი, მოახერხა და დანა გულთან ახლოს ჩამარტყა..." - რატომ დაჭრეს ლექტორი საჯარო ლექციაზე?!

"ჩემს მეუღლეს მისი ახლობლები ეუნებოდნენ, ბიჭმა, რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა, მთელი ცხოვრება მონასტრებსა და სასულიერო პირების გარემოცვაში გაატარა თურმე. იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ვინაობა არ უნდა დასახელებულიყო, რადგან "ჩაშვება" გამოდიოდა"

15 ნოემბერს, საგანმანათლებლო ორგანიზაცია "სტუდიო კამპუსში", ორგანიზაციის დირექტორი მიხეილ ხუნდაძე დაჭრეს. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა ის საჯარო ლექციას კითხულობდა. "საღამოს, როდესაც საჯარო ლექცია დამთავრდა და კინოჩვენება უნდა დაწყებულიყო, სამი ახალგაზრდა შემოვარდა. ჩვენი ორგანიზაცია არის ღია სივრცე, ამიტომ კარს არასდროს ვკეტავდით... ისინი ჩემს სახელს ყვიროდნენ. ვეცადე მათ გავრიდებოდი, რათა ლექცია არ ჩაშლილიყო, როგორც კი სადარბაზოდან გავედი, მოახერხა და დანა გულთან ახლოს ჩამარტყა. შემთხვევით გადავრჩი", - იხსენებს მიხეილ ხუნდაძე.

მისივე თქმით, ყველაფერი ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი საჯარო ლექცია გამართეს ნიცშეზე, რომლის მიმდინარეობისას ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" ტექსტის განსაზღვრებაზეც იყო ლაპარაკი, ითქვა ფრაზაც "ღმერთი მოკვდა". ლექციას 180 -მდე სტუდენტი ესწრებოდა, რის გამოც ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, შესბამისად, ხმა გარეთაც ისმოდა, რამაც უბნის მცხოვრებლების გაღიზიანება გამოიწვია. "ამის გამო ჩათვალეს, რომ ჩვენ სექტანტები და სატანისტები ვართ", - ამბობს ხუნდაძე.

"მიშა სისხლისგან იცლებოდა ეზოში და, რომ არა პირველი დახმარების მცოდნე ინგლისელი ფოტოგრაფი ანგას ბრაუნი, სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა! მიშა ფილტვში დაიჭრა და რთული ოპერაციის შემდეგ ოთხი დღე რეანიმაციაში გაატარა!"- წერს ინტერნეტგვერდ "ლიბერალზე" გამოქვეყნებულ ბლოგში გიორგი ეძგვერაძე.

მიხეილ ხუნდაძე საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს:

- ფილტვი მქონდა დაზიანებული და ოპერაცია ჩამიტარდა. ოთხი დღე რეანიმაციაში ვიწექი, შემდეგ პალატაში გადამიყვანეს. ახლა უკვე სახლში განვაგრძობ მკურნალობას. გადავრჩი... ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდების ინიციატივით შექმნილი სახელოვნებო ინსტიტუტია, რომელიც გაზაფხულზე ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიზანი გახლდათ საქართველოში თანამედროვე დასავლურ კულტურულ-ვიზუალური სიახლეების შემოტანა და პოპულარიზაცია, ასევე აქტუალური თეორიული ტექსტებისაც, რომლებიც ქართველ საზოგადოებას ჩვენი დროის დასავლეთის მოწინავე და ასევე თანამედროვე აზროვნებასთან აზიარებდა... ორგანიზაციის მიმართ ძალიან დიდი იყო ახალგაზრდების ინტერესი, მათი რაოდენობა თანდათან იზრდებოდა, რის გამოც ერთ-ერთი ლექციის დროს გამაძლიერებელი აპარატურა დაგვჭირდა. ჩვენი საუბარი ქუჩაშიც ისმოდა და ტექსტმა უბნის მაცხოვრებელთა ნაწილი გააღიზიანა. კარი, როგორც აღვნიშნეთ, ყველასთვის ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო შემოსვლა. ძალიან ბევრი მსმენელი გვყავდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც ასევე სხვადასხვა პროექტებზე ერთობლივად მუშაობდნენ...

- ეძგვერაძის ბლოგში ნათქვამია, რომ მოზარდებიც ესწრებოდნენ თქვენს ლექციებს...

- დიახ, ე.წ. თინეიჯერებიც მოდიოდნენ... როდესაც ეს ბიჭი შემოვარდა, მას თავისი მეგობრები აკავებდნენ, ჩემი მეუღლეც შუაში ჩადგა, იქ მყოფი სტუდენტებიც შეეცადნენ მის შეჩერებას, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა...

- ადგილობრივებს თქვენი ორგანიზაციის მიმართ აგრესია, თუნდაც სიტყვიერი აქამდე არ გამოუხატავთ?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენს ორგანიზაციაში, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობაც, ძირითადად ახალგაზრდები. ლექციები, რომლებიც ჩვენთან ტარდებოდა, აბსოლუტურად დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა აწყობილი. საფინალო ლექცია მიეძღვნა ნიცშეს განსაზღვრებას, რომელსაც უპრეცედენტოდ ბევრი მსმენელი ჰყავდა... მას შემდეგ, დაიწყო ასეთი შინაარსის მომართვები,- "თქვენ ხართ სატანისტები", "ქრისტეს ფეხის მკვნეტელები", "რა ლექციებს ატარებთ აქ" და ა.შ. ახლა ვხვდები, რომ ამ ლექციით გამოვიწვიეთ მათი აგრესია, რომელიც თანდათან გაიზარდა, რადგან ეს ე.წ. უბნის, ოჯახურ-კლანური სისტემაა. ვაღიარებთ, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში, ვერაზე არ გვეგონა, რომ საგანმანათლებლო ცენტრს რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციას, შეუძლია ნებისმიერ ადგილას იარსებოს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თავისუფალ აზროვნებას ყველგან ჰყოლია მტერი. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა ადამიანიც, რომელმაც ეს ჩაიდინა, არის მენტალობის, ტრადიციების მსხვერპლი... როგორც ჩემს მეუღლეს მისმა ახლობლებმა უთხრეს, ბიჭმა, რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა, მთელი ცხოვრება მონასტრებსა და სასულიერო პირების გარემოცვაში გაატარა თურმე. იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ვინაობა არ უნდა დასახელებულიყო, რადგან "ჩაშვება" გამოდიოდა.

- ამას ვინ ამბობდა?

- იქაური უბნის მცხოვრებლები და ამას ხსნიდნენ იმით, რომ ადამიანს თუ სურს სახე შეინარჩუნოს, მან სხვა არ უნდა "ჩაუშვას"... ამიტომ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ იმ ბიჭის პრობლემა არ არის, ეს არის კომპლექსური საკითხი და აქ მხოლოდ, ჩემი, მიხეილ ხუნდაძის დაჭრასთან არ გვაქვს საქმე.

- სამართალდამცველები თუ დაინტერესდნენ ამ ფაქტით?

- დიახ, უკვე დამკითხეს და ვიცი, რომ ის ადამიანიც დაკავებულია... ამის შემდეგ დავტოვეთ იქაურობა, რათა სიტუაცია არ გაგვერთულებინა, სხვა თუ არაფერი, სხვა იქ მყოფი ადამიანების, როგორც ლექტორების, ისე სტუდენტების უსაფრთხოება არ არის დაცული და ამიტომაც იქაურობა დავტოვეთ.

შსს-ს ინფორმაციით, მილორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)