დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება - კვირის პალიტრა

დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

უკანონო გარიგებები პედიატრებსა და ბავშვთა კვების კომპანიებს შორის

დაახლოებით ერთი თვის წინ "კვირის პალიტრაში" სატელეფონო ზარი გაისმა - მკითხველი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ამტკიცებდა, რომ ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. მკითხველის თქმით, თავადაც ექიმია და იცის, რასაც ამბობს. ეს ჩვენთვის სიახლე არ იყო, რადგან პრესაში არაერთხელ გამოქვეყნებულა ზოგადი შინაარსის მასალები იმის თაობაზე, რომ სამედიცინო სამყაროში უკანონო სქემები მოქმედებს. თუმცა, როგორც წესი, რესპონდენტები ეჭვს კონკრეტული ფაქტებით ვერ ამყარებდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად ხდება თუ არა ექიმებსა და კერძოს კომპანიებს შორის უკანონო გარიგებები, თუ ეს მხოლოდ მითია. აქცენტი პედიატრებზე გავაკეთეთ.

გამოძიება შემდეგი სქემით ჩავატარეთ, პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ. გეგმა ასეთი იყო: ექიმებთან არარსებული ფარმაცევტული კომპანიის ("ფემილი") სახელით უნდა მივსულიყავით, შეგვეთავაზებინა თანამშრომლობა და ამ მეთოდით გაგვერკვია, თანამშრომლობდნენ თუ არა ისინი კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანაცვლოდ.

ჟურნალისტური გამოძიებისას სამწუხარო სურათი გამოიკვეთა. ამ ეტაპზე ექიმების ვინაობას არ გავასაჯაროებთ, თუმცა ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რა ღონისძიებებს გაატარებენ შესაბამისი ორგანოები ვითარების შესაცვლელად. ვიმედოვნებთ, ამ სფეროში დანაშაულებრივი გულგრილობა აღარ გაგრძელდება.

რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ-ს შევხვდით და თავი "ფემილის" წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:

- აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ... თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით..."

სანამ "ჩამოვყალიბდებოდით", ჯერ დავინტერესდით, ბავშვთა კვების შემომტანი კომპანიები რა მექანიზმით ამოწმებენ, მათ პროდუქციას უნიშნავს თუ არა კონკრეტული პედიატრი ბავშვს.

"როგორ უნდა მოვატყუო კომპანია, გაყიდვებს ხომ დაეტყობა? ბავშვის მშობლებს ურეკავენ და ეკითხებიან, ხელოვნური კვების რომელ ნაწარმს ყიდულობს. კომპანიებს ჩვენ ვაწვდით სიას, რამდენი ბავშვი გვყავს ხელოვნურ კვებაზე... არავინ ეუბნება ბავშვის მშობელს, რომ კონკრეტული კომპანია ურეკავს. ამას ზოგადი გამოკითხვის სახე აქვს", - გვითხრა პედიატრმა.

მისივე თქმით, ხუთ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს "მიიღებს" ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში.

- სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასები აქვს, თანაც პირველად კვებაზე სხვა ფასია. ბონუსი თვეში 5-დან 10 ლარამდე მერყეობს... ერთი ბავშვის ფასი ასეთია.

- ჩვენ ბავშვზე 20 ლარს გადაგიხდით, თუ ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვა ექიმებსაც დაითანხმებთ.

- თქვენთან აფთიაქიც ყოფილა, მედიკამენტების ყიდვაც ხომ შეუძლიათ, თანაც თუ შედარებით დაბალი ფასი გექნებათ, მშობლებიც დაინტერესდებიან. მთავარია, ფილიალი ჩვენს კლინიკასთან ახლოს გახსნათ..."

რამდენიმე დღის შემდეგ ნაძალადევში მდებარე პოლიკლინიკის ერთ-ერთ პედიატრს, ი.ს.-ს, ანალოგიური შეთავაზებით ვესტუმრეთ. ჩვენი შეთავაზება არც მისთვის აღმოჩნდა უცხო. პირდაპირ ვკითხეთ, "თანამშრომლობისთვის" რამდენი უნდა გადაგვეხადა.

"- თქვენ შეჯერდით კომპანიის ხელმძღვანელობასთან და საბოლოო წინადადება მითხარით.

- შეიძლება ხელზე გადაგიხადოთ?

- ყველაფერი შეიძლება. დაელაპარაკეთ თქვენს ხელმძღვანელს, რა ფარგლებში უღირს.

- დაახლოებით ერთ კვირაში თანხაზე შევთანხმდეთ.

- კი ბატონო... "

ნაძალადევის რაიონის კიდევ ერთი პოლიკლინიკის პედიატრი, შ.ჯ., საუბრისას ბევრად ფრთხილი აღმოჩნდა. მან ჯერ განგვიცხადა, რომ, "ბონუსებს ნაკლებად იღებს", თუმცა იქვე დასძინა, რომ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს:

"თქვენი საკვები ბავშვს რომ დავუნიშნო, თვალსაჩინო მასალა მჭირდება. მოგცემთ სიას, რომ ესა და ეს ბავშვი იღებს კონკრეტულ საკვებს. შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ კიდეც, მშობელსაც გამოვგზავნი აფთიაქში. რატომაც არა, თუ იაფი იქნება, მაგრამ ფინანსებზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც აფთიაქის ანოტაციას მომაწვდით... სანამ ბავშვი ოთხი თვის გახდება, მშობელი გიჯერებს და აჭმევს, რასაც უნიშნავ, მაგრამ შემდეგ, შეიძლება საერთოდ ამოუგდოს ხელოვნური რძე. ზოგი ბოლომდე გიჯერებს და მაინც აჭმევს ხელოვნურს". "

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე პოლიკლინიკაში ვიყავით და ყველგან ზემოხსენებული სცენარით განვითარდა მოვლენები. გამონაკლისი დიღმის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა, რომლის პედიატრმა, ჯ.მ.-მ, კატეგორიული უარი განაცხადა უკანონო გარიგებაზე:

"არ ვთანამშრომლობ კერძო კომპანიებთან. სხვებისგან განსხვავებით, ფინანსური დაინტერესება არა მაქვს. სხვათა შორის, ექიმების უმრავლესობა ამას აკეთებს. წინა ხელისუფლების დროს ამის გამო დასაჭერი ექიმების სიაც კი არსებობდა. დღესაც ბევრია დასაჭერად გამზადებული".

"ეს ბავშვზე ძალადობაა"

ქეთი ნემსაძე, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი: "მთავარია, დედებს სამშობიაროშივე სწორი ინფორმაცია მიაწოდონ ხელოვნური კვების საფრთხეებსა და ბუნებრივი კვების უპირატესობებზე, რაც ექიმის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ბუნებრივი კვება ბავშვს მეტ გონებრივ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ქცევითი პათოლოგიის გამოვლენის ფაქტები ნაკლებია, მაღალია ავადობის დაცვის იმუნიტეტი და ა.შ. თუ ამ სიკეთეებზე დედა ინფორმირებული იქნება, ის შვილის გამოსაკვებად აუცილებლად ბუნებრივ კვებას აირჩევს. განსაკუთრებით სენსიტიურია სამშობიარო სახლები, რადგან პედიატრებთან პაციენტები უკვე ხელოვნური კვებით მიდიან. სამშობიარო სახლში ხელოვნურ კვებას მიჩვეული ბავშვი მოგვიანებით ძუძუთი კვებაზე უარს ამბობს - ის საკვების მარტივად მიღებას ეჩვევა და სარძევე ჯირკვლებიდან რძის ამოსაღებად პირის მოძრაობაზე უარს ამბობს. ეს ხელოვნური კვების კომპანიებმა იციან და ცდილობენ, მათი პროდუქცია პირველ რიგში სამშობიარო სახლებში შეიტანონ. სამშობიაროს თანამშრომლები კი დედებს ეუბნებიან, რომ ხსენი ბავშვისთვის ცუდია, შესაბამისად, პატარა მშიერია და ამიტომ მისთვის ხელოვნური საკვების მიცემა აუცილებელია. არადა, დედის ხსენი ბავშვის იმუნიტეტისთვის აუცილებელია. რაც შეეხება შიმშილს, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის კუჭი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს, ის მხოლოდ მცირე ოდენობით წყალს იღებს. შესაბამისად, სამშობიაროს თანამშრომლები დედებს ატყუებენ. მეტიც, ცდილობენ, დაარწმუნონ, რომ ლაქტაციის პრობლემა აქვთ. არადა, ლაქტაციის პერიოდში პრობლემა ქალთა მხოლოდ 1%-ს აქვს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისევ ექიმზეა დამოკიდებული. ასე რომ, პოლიკლინიკების გარდა, სამშობიაროებშიც ხელოვნური კვების კომპანიების აგრესიული მარკეტინგი მუშაობს. ეს კი დანაშაულის ტოლფასია ბავშვის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ბავშვს აძალებენ ისეთი ხელოვნური საკვების მიღებას, რომელიც მას არ მოსწონს. ეს, ფაქტობრივად, ბავშვზე ძალადობაა. ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს".

"ექიმის კეთილსინდისიერების პერიოდულად გაკონტროლება შეუძლებელია"

დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "მსგავსი ტიპის საჩივარი კომიტეტში არ შემოსულა, თუმცა თეორიული შანსი მართლაც არსებობს, რომ მსგავსი გარიგებები პრაქტიკაში ხორციელდებოდეს, რაც მიუღებელია. ექიმი პროფესიულ განვითარებასა და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ფინანსურ მოგებაზე. თუ ქვეყანაში მსგავსი გადაცდომები არსებობს და შესაბამისი საჩივარიც დაფიქსირდება, არსებობს რეგულირების სააგენტო, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს. სამწუხაროდ, ექიმის კეთილსინდისიერების პერიოდულად გაკონტროლება შეუძლებელია. დაკვირვების მექანიზმი მას შემდეგ იქნება ეფექტური, რაც ელექტრონული რეცეპტი დაინერგება და ვნახავთ, კონკრეტული პრეპარატი რა სიხშირით ინიშნება. რაც შეეხება საბავშვო კვებას, რეგულაციების გზებზე პედიატრებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ. საბოლოოდ კი, არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ".

"სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია"

თამარ დეკანოსიძე, საია-ს იურისტი: "თქვენ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ორი ტიპის დარღვევა იკვეთება: ირღვევა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო მომსახურების გამწევს ფარმაცევტულ კომპანიებთან ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გარიგება და პაციენტის მესამე პირის სასარგებლოდ გამოყენება ეკრძალება. ეს სამედიცინო ეთიკის დარღვევაა. ამასთან, ირღვევა პაციენტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები. ექიმი ვალდებულია, პაციენტის კონფიდენციალურობა დაიცვას. დიდი ხანია საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ ექიმები მსგავს გარიგებაში არიან ჩართული, ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულებები პერიოდულად შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება კანონის ფარგლებში ხდება. ექიმი ვალდებულია პაციენტებთან ურთიერთობისას ანგარებით არ იმოქმედოს - ამაზე კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული. თუ ეს მოთხოვნები დაირღვევა, სამედიცინო დაწესებულების ან ჯანდაცვის პერსონალის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვფიქრობ, ამ მასალებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.

კანონმდებლობის მიხედვით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა ან გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე, ან კიდევ თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამასთან, თუ ექიმის გამოწერილი წამლით ან საკვებით ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა, საკითხი განიხილება საექიმო ეთიკის დარღვევის ფარგლებში - ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს საბჭო, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს. თუ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ეს უკვე საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა".

რუსუდან შელია