მკვლელობის მცდელობა "თამაშით?!" - სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა 15 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა - კვირის პალიტრა

მკვლელობის მცდელობა "თამაშით?!" - სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა 15 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა

"ბავშვები მეზობლები არიან და ასე თუ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებულები, ეს მშობლებს როგორ არ უნდა სცდოდნოდათ?! ან სად არის და საით იყურება სკოლა და მანადტურის სამსახური?!"

ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა საბედისწერო შემთხვევას გადაურჩა, - ამავე სკოლის მეათეკლასელ მოსწავლე გ. დ-ს მისივე თანაკლასელმა ფილტვის არეში დაჭრა. ჭრილობა სიცოცხლისთვის იმდენად საშიში აღმოჩნდა, რომ დაჭრილის სიცოცხლე სულ რამდენიმე წუთმა და სამედიცინო ცენტრში სასწრაფოდ ჩატარებულმა ოპერაციამ იხსნა. დანაშაული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა…

ო.შ; ოზურგეთის მცხოვრები:

- დილის 10 საათი სრულდებოდა, როცა ქუჩიდან ბავშვების ხმაური შემომესმა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, - სკოლა ჩვენთან ძალიან ახლოს დგას და მიჩვეული ვართ ბავშვების ხმაურს, მაგრამ გინებაც რომ შემომესმა, გულმა აღარ მომითმინა და გარეთ გავედი. ბავშვების ჯგუფი ისე ჩხუბობდა, ვინ ვის აგინებდა, ვეღარაფერს მივხვდი... დავუყვირე, - გაკვეთილებზე რატომ არ ხართ, რა გაჩხუბებთ, არ გრცხვენიათ-მეთქი! ეს იყო და ჯგუფი დაიშალა, აქეთ-იქით გაიქცნენ… რას წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთი დაჭრილი ჰყავდათ, ყველა გარბოდა, მათ შორის დაჭრილიც. თურმე ჭრილობაზე ხელმიჭერილი გარბოდა, მაგრამ არაფერი მიეჭვია. როგორც მერე გავიგე, ბიჭს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა ჰქონდა, აი, სულ ეს იყო, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა და არც მისი კლასელი იქცა მკვლელად...

- ხომ არ იცით რის გამო გაიმეტეს ბავშვებმა ერთმანეთი?

- 15 წლის ასაკში ერთმანეთის გამეტებისთვის ძალიან ცოტა რამ კმარა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამაში ბავშვებზე მეტად დამნაშავე ის მშობლები არიან, ვინაც არ იცის, რომ მის შვილს დანა ჯიბით დააქვს, მათ შორის, სკოლაში. როგორც გავიგე, ეს ბავშვები მეზობლები არიან და ასე თუ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებულები, ეს მშობლებს როგორ არ უნდა სცდოდნოდათ?! ან სად არის და სად იყურება სკოლა და მანადტურის სამსახური?!

მარინა ტოტოჩავა, ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის ექიმი:

- საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა, არადა. სიცოცხლისთვის ნამდვილად საშიში ჭრილობა ჰქონდა, - ფილტვის საპროექციო არე ჩხვლეტითი ხასიათის ჭრილობით იყო გახვრეტილი. საბედნიეროდ, მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, დაჭრილი ბავშვი ჩემთან მოვიდა და მითხრა, - ღობეზე გადავხტი და ზურგში რაღაც მეტკინა, ალბათ ღობის წვერი შემერჭო, ნახეოო. ქურთუკი რომ გაიხადა, ელდა მეცა, - ფილტვის არეში ჩხვლეტითი ხასიათის ჭრილობა ჰქონდა და სისხლი განუწყვეტლივ მოდიოდა. ზოგადად ჩხვლეტითი ხასიათის ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებლობით არც თუ ისე იშვიათად ხასიათდება, ფილტვის ჩხვლეტითი ღრმა ჭრილობა კი იმის საფუძველია, რომ ფილტვში პნევნოთორქსი განვითარდეს, ანუ ფილტვი ჰაერით გაიბეროს და ყველაფერი სიკვდილით დამთავრდეს. რაც შემეძლო სწრაფად ვიმოქმედე, - ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით სისხლის დენა შევაჩერე და პარალელურად ფილტვებს მოვუსმინე. მოსმენით მივხვდი, რომ ფილტვი გაჭრილი არ იყო; მაგრამ სიტუაცია ძალიან საშიში იყო და ვინაიდან ყველაფერს წუთები წყვეტდა, სასწრაფო დახმარებას არ დაველოდეთ, ჩვენი საშუალებებით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. სადაც ასევე სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. საბედნიეროდ, გადავრჩით, ყველაფერს წუთები წყვეტდა, ჩვენ ეს წუთები გამოვიყენეთ...

ჩვენი წყაროს ინფორმაციით დანაშაულში მონაწილე მხარეების მშობლები ირწმუნებიან, რომ მათ შვილებს არაფერი ჰქონდათ გასაყოფი და ყველაფერი "თამაშით, ანუ ხუმრობით მოხდა". "მშობლები "თამაშზე" იმ დროს ლაპარაკობენ, როცა დაჭრილი სკოლის მოსწავლე იმდენად შეშინებული იყო მუქარით, რომ შიშისგან პირველ გაკვეთილზე არ გამოცხადდა. დანაშაულში ეჭვმიტანილს კი პირველი გაკვეთილის დამთვარების შემდეგ, "საქმის გასარჩევად" სკოლის გარეთ თანაკლასელთა ჯგრო გაჰყვა.

ამჟამად დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედაოა. მოცემულ საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)