"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - კვირის პალიტრა

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა"

"სად იყო ღმერთი, როცა მათ ასე უმოწყალოდ ხოცავდნენ?!"

საზოგადოება შეძრა გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ. ძალოვნებმა 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და 5 წლის ვაჟის, თორნიკეს მკვლელობაში ამხილეს. არსებული ინფორმაციით, მაგდამ თავიდან აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოძიებას დეტალური ჩვენებაც მისცა, თუმცა მალე ეს ჩვენება შეცვალა და შემზარავი დანაშაული უარყო. ახლა სამართალდამცავები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა გახდა ქაფიაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი.

20 დეკემბერს, გამთენიისას, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს კივილი შემოესმათ. გარეთ გასულებს შემზარავი სურათი დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ეგდო დასისხლიანებული 27 წლის ომარ ქაფიაშვილი. იქვე ახლოს მისი 5 წლის ვაჟი. ომარის დედა და ცოლი კი შველას ითხოვდნენ.

მაგდა პაპიძე და ომარ ქაფიაშვილი

მეზობლის მონათხრობი:

- 3 საათი სრულდებოდა საპირფარეშოში გავედი, მაშინ არანაირი ხმაური არ გამიგია, დავწექი დასაძინებლად და ცოტა ხანში ქალის კივილი შემომესმა, მიშველეთო! მეგონა, ბიჭებმა დალიეს უბანში და ერთმანეთს აუშარდნენ. კივილი რომ არ შეწყდა, ფანჯარაში გავიხედე. ჩემი მეზობელი გიორგი დავინახე, სასწრაფოში რეკავდა. მაგდაც ვიცანი ქერა თმით, ყვიროდა, მიშველეთო! იქვე იყო ოთარის დედა, ლილი და საწყალი ისტერიკაში იყო. მაშინვე გარეთ გამოვედი და ძირს დაგდებული ომარს მივვარდი საშველად. ექთანი ვარ, იქნებ ვუშველო-მეთქი. ბიჭს პულსი არ ესინჯებოდა, მივხვდი უკვე მკვდარი იყო. ამ დროს დავინახე მეორე კუთხეში მეზობლები აჩოჩქოლდნენ, მაშინღა შევნიშნე ბავშვი. ახლა ბავშვისაკენ გავიქეცი. თორნიკეც ძირს ეგდო და ხალხი ეხვეოდა. ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, მეზობელიც მეხმარებოდა, მაგრამ ვერ ვუშველე, პატარა ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ აღარ სუნთქავდა... ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. ამ საშინელების შემხედვარე მოსასულიერებელი გავხდი... მაგდა იქ თავიდან ნამდვილად შევნიშნე, მერე რა ხდებოდა, მართლა არაფერი მახსოვს. შეძრული ვარ. ასეთი საშინელება რატომ დატრიალდა არ ვიცი. მეზობლებიც ამბობენ, ჩხუბის ხმა არ გაგვიგიაო. ჩემი ოთახი ცოტა მოშორებით არის, მეც არაფერი გამიგია. ოთარის დედაც აქვე ცხოვრობს. ომარი და მაგდა ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ, ცოტა მოშორებით სამზარეულო ჰქონდათ, იმ სამზარეულოში იძინებდა ომარის დედა ლილი. არც მას გაუგია არანაირი ხმაური. რა მოხდა, სიმართლე ნამდვილად არ ვიცი

მეზობლების თქმით, ქაფიაშვილები წლებია საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, მეორე პატარა ოთახში ომარის დედა და ძმა ცხოვრობს. ეს უკანასკნელი ამჟამად სამუშაოდ თურქეთშია წასული.

კივილზე გარეთ გამოსული მეზობლები მაშინ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი ომარის მეუღლე, მაგდა პაპიძე იქნებოდა. ყველას ეგონა, რომ მამა-შვილზე თავდასხმა მოხდა და ისინი ქუჩაში მოკლეს, რადგან ცხედრებიც სადარბაზოსთან ესვენა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები კარგა ხანს მუშაობდნენ. მალე მომხდარ ტრაგედიის მიზეზებზე მეზობლები ალაპარაკდნენ. მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მკვლელობაში ეჭვი ცოლზე მიიტანეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ძალოვნებმა ოფიციალურად დადასტურეს. დანაშაული პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნილად გამოაცხადა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყა და მოკლა, შემდეგ კი თავისი ერთადერთი ვაჟი გაგუდა. კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ეს არის შსს-ს ოფიციალური განცხადება.

ის, რომ მკვლელობა ქუჩაში არ მომხდარა, ამას სადარბაზოში არსებული სისხლის კვალიც ადასტურებს. სისხლის კვალი შესამჩნევი დერეფანშიც იყო. როგორც ირკვევა, ცხედარი ბინიდან გარეთ გაიტანეს. ბინის შესწავლის შემდეგ პოლიციამ ბინის კარი ჩაკეტა. მოგვიანებით, ოჯახის ახლობლებს გარდაცვლილების ტანსაცმელი მოსთხოვეს და კარი ომარის მეგობრებმა და მეზობლებმა გახსნეს. იმ პატარა ოთახში სისხლის კვალი არსად ჩანდა. მეზობლები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, რომ მკვლელობის შემდეგ მაგდა დანაშაულის დაფარვას შეეცადა, - ოთახი მოასუფთავა და სისხლის კვალი ბინაში მთლიანად წაშალა, ამის შემდეგ დანაშაული რომ დაეფარა, ქმრის ცხედარი გარეთ გაიტანა. ამით შეეცადა ინცენირებას, თითქოს მათ თავს ვიღაც დაესხა. ცოლმა, სავარაუდოდ, მძინარე ქმარს თავში ჩაქუჩი ჩარტყა და ისე მოკლა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი ძალოვნებმა ქუჩაში მდგარ ნაგვის ურნაში სისხლიანი იპოვეს. მეზობლები იმასაც ამბობენ, ქმრის მკვლელობის შემდეგ მაგდა ომარის მანქანით სახლიდან წავიდა და ამ დროს ბავშვი მანქანაში ეჯდაო. არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირა ტერიტორიიდან მანქანის გასვლა. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ დედამ ერთადერთი შვილი. მეზობლების ვერსიით, ამ ტრაგედიის შემხედვარე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, დედა ვერ დაამშვიდებდა... პატარა ასთმიანი იყო და შესაძლოა ნერვიულობის ფონზე შეტევა განვითარდა და ბავშვი დაიღუპა. მეზობლები ბავშვის განზრახ მკვლელობას გამორიცხავენ. "ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა".

როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, თორნიკე 7-თვიანი დაიბადა და მას ხშირი ასთმური შეტევების გამო მკურნალობდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს გვიან ღამით ომარ ქაფიაშვილის მანქანა როგორ გავიდა ეზოდან. როცა პოლიციას მაგდასთვის უკითხავს, მანქანა ვინ გაიყვანაო, - მას უპასუხია, ბავშვმა ღამის 2 საათზე ხაჭაპური მომთხოვა და იმის საყიდლად წავედით მე და ჩემი შვილიო.

თორნიკე 5 წლის იყო, იქვე სახლთან ახლოს მდებარე ბაღში დაჰყავდათ მშობლებს. მომხდარით შეძრულები არიან პედაგოგები და უჭირთ იმის დაჯერება, რომ დედამ საკუთარი შვილი წინასწარგანზრახულად გაგუდა.

გარდაცვლილი მამა-შვილი სახლში პროზექტურიდან გვიან მიასვენეს. როგორც ამბობენ, ომარს თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე აქვს ჩარტყმული. მომხდარით შეძრული იყო თორნიკეს დეიდა ლანა პაპიძე. მისი თქმით, და და დისშვილი ტრაგედიის დღეს ნახა:

- ჩემთან იყვნენ მაგდა და თორნიკე. ომარიმ სამსახურიდან დაურეკა მაგდას სახლში მოვდივარ და იქ დამხვდითო. ბავშვს ჩემს სახლში დარჩენა და ბავშვთან თამაში უნდოდა, მაგრამ მაგდამ არ დატოვა, უთხრა, მამიკოს სახლში უნდა დავხვდეთო. შევეხვეწე, ასე ძალიან უნდა დარჩეს, დატოვე და საღამოსმოგიყვან-მეთქი, მაგრამ წაიყვანა. მერე ვიგებ ამ საშინელებას. მითხარით სად იყო იმ დროს ჩემი და? რატომ ეღვიძა საერთოდ ღამის 2 საათზე თორნიკეს? ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი თორნიკე აღარ მყავს. არ შემიძლია. მითხარით ვინ მოკლა ისინი, ან სად იყო ღმერთი, როცა მათ ასე უმოწყალოდ ხოცავდნენ?!"

ხომ არ ჩხუბობდა ცოლ-ქმარი ერთმანეთთან? - ამის გარკვევა ვცადე მაგდას დასთან. მან მხოლოდ ის თქვა, კამათობდნენ ხოლმე, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათო. "კინკლაობდნენ ხოლმე, მაგრამ სერიოზულ არაფერი ხდებოდა, ერთად კარგად იყვნენ, ვერ ვიჯერებ, მომხდარს", - გვითხრა ლანა პაპიძემ.

ომარს ყველა დადებითად ახასიათებს, ამბობენ, რომ ის უკონფლიქტო თბილი და კეთილი ბიჭი იყო. სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. მეზობლები არც მაგდას ახასიათებენ უარყოფითად. ახალგაზრდა ქალი სახლთან ახლოს მდებარე "ლუკოილის" სუპერმარკეტში გამყიდვლად მუშაობდა. თუ რა გახდა ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს. გამოძიებამ უკვე დაკითხა მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, უცნობია, ან რას ამბობს უმძიმეს დანაშაულებში მხილებული მაგდა პაპიძე. მას სახაზინო ადვოკატი იცავს. მკვლელობის კონკრეტულ მოტივს გამოძიება დაადგენს. ექსპერტიზის შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხდარი საშინელების გამოძიება გრძელდება.

იხილეთ ასევე: რატომ მოკლა ახალგაზრდა ქალმა მეუღლე და 5 წლის შვილი?

იხილეთ ვიდეო

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)