"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში - კვირის პალიტრა

"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

გაჩნდნენ ახალ-ახალი ე.წ. საინფორმაციო პორტალები", რომლებიც უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად მოიპარავს ორიგინალურ, ექსკლუზიურ მასალას რეალური საინფორმაციო ვებპორტალებიდან.

სახლის პირობებში "მედიაჰოლდინგების" შექმნა ძალიან მარტივი ყოფილა. გჭირდება კომპიუტერი და მეტნაკლებად გამართული საიტი. შემდეგ შეგიძლია სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული საავტორო მასალები მოიპარო და ამით შეეცადო პოპულარობისა და შემოსავლის მიღებას. იქნებ გააბრიყვო რომელიმე ბიზნესმენი, რომ პარაზიტობით პოპულარობამოხვეჭილ "მედიაჰოლდინგში" რეკლამა დაგიკვეთოს.

რა თქმა უნდა, "მეკობრე" საიტების შემქნელებს არ ანაღვლებთ, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ რეკლამის დამკვეთს. იმაზე მეტი ანტირეკლამა რაღა უნდა იყოს, რომ ქურდს უკვეთავ რეკლამას – ამით ხომ შენც ქურდობის თანამონაწილე გამოდიხარ?! ეს იგივეა, რომ რომელიმე მსხვილმა კომპანიამ ტელევიზიით მანქანა გაათამაშოს და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს მანქანა მოპარული ყოფილა.

"პალიტრა მედია" დაახლოებით ერთი წლის წინ მოუწოდებდა "მეკობრეებს", რომ შეეწყვიტათ სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალების მითვისების მავნე პრაქტიკა. სამწუხაროდ, მოწოდებას მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდი გამოეხმაურა, "პარაზიტობამ" კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო. გაჩნდნენ ახალ-ახალი ე.წ. საინფორმაციო პორტალები", რომლებიც უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად მოიპარავს ორიგინალურ, ექსკლუზიურ მასალას რეალური საინფორმაციო ვებპორტალებიდან. "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა საავტორო უფლებები სამართლებლივი მექანიზმებით დაეცვა - ნებისმიერი მასალა, რომელიც "პალიტრა მედიის" კონკრეტული მედიასაშუალების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება ამა თუ იმ ვებგვერდზე, სასამართლო დავის საგანი გახდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ორი "მეკობრე" ვებგვერდის წინააღმდეგ. პარალელურად, რამდენიმე სარჩელი კიდევ მზადდება.

ანა სამსონია, "პალიტრა მედიის" იურისტი: "პალიტრა მედიაში" ყოველდღიურად იქმნება ინტელექტუალური საკუთრება - საავტორო და ექსკლუზიური პუბლიკაციები, ფოტო და ვიდეო მასალები და სხვა. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა სუბიექტებმა "პალიტრა მედიის" მასალების უკანონო გამოყენებითა და მითვისებით ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს. მაგალითად, ვებგვერდები www.baidu.ge, mcvane.ge "პალიტრა მედიის" მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ საავტორო მასალებს "აკოპირებენ" და შემდეგ საკუთარ საიტსა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. სტატიები, პუბლიკაციები, ინტერვიუები ლიტერატურული ნაწარმოებია და მასზე ვრცელდება "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. "პალიტრა მედია" ითხოვს საავტორო უფლებების დაცვას, საავტორო ნაწარმოებების უკანონო გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და დარღვეული უფლებების კომპენსაციას. ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, ამით ზარალდებიან კონკრეტული მედიასაშუალებები. სარჩელი საავტორო უფლებათა დაცვისა და კომპენსაციის მოთხოვნით საქართველოს საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. სარჩელები სასამართლოს წარედგინება სხვა სუბიექტების წინააღმდეგაც. საავტორო უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია არამხოლოდ უფლებადარღვეული სუბიექტისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც".

მედეა შენგელია, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი: "საავტორო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომებიც გათვალისწინებულია - ზიანის ანაზღაურება, უფლების დამრღვევი მოქმედების აკრძალვა, მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა და ა.შ.

თავად უფლების მფლობელზეა დამოკიდებული კანონდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების რა ზომას აირჩევს. ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ინტელექტუალური რესურსის მოპარვისთვის კანონდამრღვევი ადეკვატურად დაისაჯა".

მანანა ფრუიძე, საქპატენტის, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი: "საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით და იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას".

ლაშა ტუღუში, მედიაექსპერტი: "არაკანონიერთან ერთად, აბსოლუტურად არ ჯდება მორალისა და სამართლიანობის ფარგლებში, როდესაც სხვის ნაშრომს დაუკითხავად აკოპირებ და საკუთარ პორტალზე ანთავსებ. სულ სხვა საკითხია, როდესაც ანალიტიკურ სტატიაში სხვადასხვა სოლიდურ გამოცემას უთითებ, მაგრამ როდესაც მასალას ღიად იპარავ, მინიმუმ, დაუშვებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ეთიკური სტანდარტები ხშირად ირღვევა".

P.S.  ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი მექანიზმებით ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება "მეკობრეობა" მედიასივრცეში. ამით არა მხოლოდ კონკრეტულად "პალიტრა მედიის", არამედ ყველა იმ მედიასაშუალების უფლება იქნება დაცული, რომლებიც საავტორო მასალებს ამზადებენ.

შესაბამისად, "პარაზიტ საიტებს" დაეკარგებათ არა მხოლოდ სხვის ხარჯზე ფულის კეთების მცდელობის სურვილი, არამედ სერიოზული სანქციებიც დაეკისრებათ – მათ შორის მატერიალური.

რუსუდან შელია