"შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია" - რას ამბობს შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა - კვირის პალიტრა

"შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია" - რას ამბობს შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

"არც შვილი მომიკლავს და არც ქმარი. რომც დამჩეხონ, ამ მკვლელობას არასოდეს ვაღიარებ"

თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ქალს შვილი და ქმარი არ მოუკლავს.

პროცესზე მაგდა პაპიძემ განაცხადა: "პოლიციაში მცემდნენ, გამხადეს ტანსაცმელი და იყო ძალადობის მცდელობაც, სხვა არაფრის თქმა არ მინდა ამაზე. მაგრამ გეტყვით, მირტყამდნენ სახეში, თავში, ზურგში, მუხლებზე. მირტყამდნენ წიხლებს, მე ეს დაზიანებები მეტყობა. რომ არა ერთი გამომძიებელი, რომელმაც დამიცვა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ის მიცავდა, მაშინ როცა ისინი ჩემსკენ იწევდნენ. შემიძლია ვინც მცემდა ის ხალხი ამოვიცნო".

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაინტერესდა, იკვლევდა თუ არა ამ ფაქტს პროკურატურა. პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, - დაკავებულს ორჯერ შევხვდი, მაგრამ მას მსგავსი რამ ჩემთვის არ უთქვამს, მხოლოდ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა ამის შესახებო.

მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძეს შუბლის და ყელის არეში მართლა ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. ექსპერტიზა უკვე დაინიშნა. იმედია, პროკურატურა დაადგენს დეტალურად რა მოხდა, მას დაზიანება მიაყენეს პოლიციელებმა, თუ ეს დაზიანებები პაპიძემ მეუღლესთან კონფლიქტის დროს მიიღო.

პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალმა მძინარე ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, მერე კი შვილი გაგუდა. ამის შემდეგ ცხედარი გარეთ გამოათრია და შეეცადა კვალის არევას. ნაგავსაყრელზე იპოვეს სისხლიანი ურო, ზეწარი, თეთრეული, ასევე საოჯახო ფოტოები, მათ შორის ბავშვისაც... პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და ამიტომ ქმარი შესძულდა. პროკურატურისთვის ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობაც, რომელიც უკვე დაკითხეს, არაოფიციალური ინფორმაციით, მან მაგდა პაპიძის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. პროკურატურის ინფორმაციით კი, ტრაგედიის დღეს პაპიძემ ამ მამაკაცს ოქროს ნაკეთობები გადასცა, როგორც ბრალდებულმა განაცხდა, შესანახად.

თავად ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს შვილის და ქმრის მკვლელობას. მან პროცესზე საკმაოდ ვრცელი ჩვენება მისცა. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მისი ვერსიით, ომარ ქაფიაშვილი მევალეებმა მოკლეს.

ნაწყვეტი მაგდა პაპიძის დაკითხვიდან: "თავიდან ქმართან კარგი ურთიერთობა მქონდა. მერე ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა, მაგრამ რაც თორნიკე იზრდებოდა, ცდილობდა ბავშვს ჩვენი ჩხუბი არ ენახა. ომარს მოუვიდა ავარია და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი ოქროც კი გაიტანა სახლიდან და დაალომბარდა. ამის მერე კიდევ უფრო აგრესიული გახდა. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ყოველ მესამე დღეს ვმუშაობდი "ლუკოილის" მაღაზიაში. ერთი კვირის წინ სახლში მოვიდა გაღიზიანებული და სამი მამაკაცი მოჰყვა. მას უთხრეს, რომ არ აპატიებდნენ იმას, რაც მოხდა. ის სამი პიროვნება სახლში შემოვიდა, მე და თორნიკე ვიყავით, ბავშვმა ტირილი დაიწყო, შეეშინდა რომ ჩხუბობდნენ. იმათმა უთხრეს, რა კარგი ცოლ-შვილი გყოლია, ახლა ჩვენ წავალთ, მაგრამ ისევ გნახავთო. რომ ვკითხე ომარს რა ხდება-მეთქი, მითხრა, არაფერი მკითხო, ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფო!"

ბრალდებულის მიერ მონაყოლის მიხედვით, მკვლელობის საღამოს მამამ შვილი ხაჭაპურის საჭმელად გაიყვანა:

"რომ არ დაბრუნდნენ, გავნერვიულდი. ომარის დედას მივწერე მესიჯი, შენ დაურეკე და გაიგე სად არიან-მეთქი. არ უყვარდა რომ ვურეკავდი, ვიცოდი, ამის გამო მეჩხუბებოდა. ამიტომ ვთხოვე დედამისს. მან მითხრა, ომარის ტელეფონი გათიშული აქვსო.

ვიფიქრე სადმე სვამდა და მალე გამოჩნდებოდნენ. სამზარეულოს ბოლოში გვაქვს ნაგვის ურნა და იქ ჩავყარე ნაგავი, ამბობენ, რომ ეს კამერებმა დააფიქსირა, მერე ლოგინში შარვლით შევწექი, ყოველ მესამე დღეს ღამეს ვათევდი და ჩამეძინა. ომარი ბავშვზე გიჟდებოდა და ვიცოდი შვილს კარგად მოუვლიდა. სამის წუთებზე ომარის დედის ლილის ზარმა გამაღვიძა, ვერ ვიძინებ, მითხარი, მოვიდნენ თუ - არაო. არ იყვნენ მოსულები. ალბათ უკვე მოდიან მეთქი, ვუთხარი ლილის. ავდგები და "ლუკოილისკენ" წავალ-მეთქი.

სადარბაზოსთან ვიწრო გასასვლელი და რომ გავედი ფეხი წამოვკარი რაღაცას, პირდაპირ დავეცი ომარს თეძოებზე. დავაჯექი ზემოდან და ვეძახდი, ომარ რა გჭირს-მეთქი. მერე თორნიკე ვნახე, მთლად გაყინული იყო. მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ. ხშირად ჰქონდა სიმთვრალეში კონფლიქტები და ალბათ ვიღაცასთან იჩხუბა და სისხლიანი იმიტომ არის - მეთქი. ვიფიქრე, მათ საავადმყოფოში წავიყვანდი. მაშინ ხელის დაბანაზე არ მიფიქრია, სულ სისხლიანი მქონდა ხელები, შევირბინე ოთახში და გასაღები ავიღე. მანქანა გადავქოქე, მანქანაში ჯერ თორნიკე ჩავსვი, მერე ომარის მოვკიდე ხელი და ვცდილობდი ისიც ჩამესვა. მაგრამ გაქვავებული იყო და ვერ შევძელი. ამის შემდეგ გავიქეცი ლილის ოთახისკენ...

პოლიციამ რომ წამიყვანა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ისინი მკვდრები თუ იყვნენ".

პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა, ძირს დაყრილი ქმარ-შვილი თუ ნახე, იმათ მიხმარების ნაცვლად პირველ რიგში ურო რატომ გადააგდე ნაგავშიო? - ბრალდებულმა ამ კითხვას ასეთი პასუხი გასცა: ომარი მთვრალი მეგონა და შემეშინდა ის ურო ჩემთვის მთვრალს თავში არ ჩაერტყა და ამიტომ გადავაგდეო.

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალზე გაამახვილა პროკურორმა ელენე ჩხაიძემ აქცენტი და ბრალდებულს განმარტება იმაზე მოსთხოვა, რატომ გადააგდო სისხლიანი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში. ბრალდებულმა ამ კითხვას ასე უპასუხა. ეს შავი დიდი პარკი მანქანაში იდო, შიგნით რა იყო არ ვიცოდი, პარკი ხელს მიშლიდა, რადგან იქ ომარი უნდა ჩამეწვინა და ამიტომ იქვე ახლოს ნაგვის ურნაში მოვისროლე ის შავი პარკიო. სწორედ იმ პარკში აღმოჩნდა სისხლიანი ზეწარი, დამტვრეული თეფშები, სისხლიანი ხელსაწმენდები და დახეული ფოტოები.

"არც შვილი მომიკლავს და არც ქმარი. რომც დამჩეხონ, ამ მკვლელობას არასოდეს ვაღიარებ", - ეს იყო ბრალდებულის ბოლო სიტყვა პროცესზე. მან ერთ დეტალზე გაამახვილა ასევე ყურადღება და თქვა, რომ ნასვამმა ქმარმა ჯვრის მონასტერში წაიყვანა. "წინა დღეს საკმაოდ ნასვამმა სახლიდან წამიყვანა, შუაღამით ჯვრის მონასტერში ამიყვანა, იქ დამაყენა კლდესთან ფეხის წვერებზე და მეძახდა გეშინია, გეშინიაო? გადაგდებით მემუქრებოდა და იცინოდა, მერე ისევ ჩამომიყვანა და ტაქსით მოვედით სახლში. ისეთი ნანერვიულები ვიყავი, ეს ყველაფერი მეგობარს მოვუყევი და ის დაადასტურებს ამას",- თქვა ბრალდებულმა და მოწმედ სწორედ ის მამაკაცი მოიყვანა, რომელთანაც გამოძიების მტკიცებით მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

მაგდა პაპიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი ქმარი სიმთვრალეში აგრესიული იყო, თუმცა დასძინა, არასოდეს ვუცემივარ, მაგრამ ერთხელ ისე მაგრად მიმახეთქა კარზე, ზურგზე ახლაც მეტყობაო.

პროკურორის თქმით, მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი უკვე დაკითხა გამოძიებამ და ის არ მონაწილეობდა დანაშაულში. პროკურორისვე განმარტებით, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს და მასთან კონფლიქტი ჰქონდა.

ჩვენ მოვახერხეთ მაგდა პაპიძის დედასთან გასაუბრება:

ლია შამუგია:

- არ მჯერა რომ ეს ჩემმა შვილმა გააკეთა. მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია. მე ანკარაში ვიყავი, იქ ვმუშაობ და იქიდან ვეხმარებოდი ჩემს შვილს. თავიდან ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგში ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ჩემს სიძეს დალევა უყვარდა. როგორც ყველა ახალგაზდა ისიც სვამდა, სიმთვრალეში კი ძალიან ცუდ ხასიათს ავლენდა. ეს დასტურდება იმითაც, რომ სიმთვრალეში ბიჭებთანაც არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი. ომარს ვალი რამდენი ჰქონდა, ამას არ ამბობდა. სახლიდან გაჰქონდა ოქროულიც და იკარგებოდა ნივთები. მესიჯიც კი მაქვს ჩემი ქალიშვილის შენახული, რომელშიც მწერს, ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო. თან ავარია მოუხდა, ორი მანქანა დაამტვრია, ღობეც დააზიანა და ვალები დაედო.

საქართველოში არ ვიყავი და ბოლო დროის ამბები დეტალურად არ ვიცი. მე იქ ვცდილობდი ჩემი შვილისთვის რამე მომეგროვებინა, რომ მათთვის ბინა მეყიდა, რადგან ყველამ ნახეთ რა პირობებში ცხოვრობდნენ, ამ ტრაგედიის მერე ჩამოვედი. დამიჯერეთ ის თავის შვილს არ მოკლავდა. რომელი დედა მოკლავს შვილს?! თქვენ არ იცით როგორ უყვარდა თორნიკე, როგორი დედა იყო. ბავშვს ეტყობა ტუჩზე ნაჭდევი, თვალები ჩალურჯებული აქვს, ამას მაგდა როგორ იზამდა?! ვფიქრობ, აქ გარეულია მესამე პირი, ვინც მას შვილი გაუგუდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი თორნიკეს არ მოკლავდა! დამიჯერეთ თითით საჩვენებელი დედა იყო. არ იცით როგორ მყავს გაზრდილი ჩემი შვილები. ორი გოგო გავზარდე. ეს საშინელი ტრაგედიაა, შოკში ვარ. დედამ შვილი როგორ უნდა მოკლას, ვერ წარმომიდგენია. საშინელ დღეში ვარ შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია.

იხილეთ ასევე: "ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა"

იხილეთ ვიდეო

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)