"აქ თავის დასამკვიდრებლად და "სასტავში" გასაშინაურებლად ბევრმა კარგმა ბიჭმა გაიფუჭა თავი""პატრულიც ხშირად ტრიალებდა მანდ, ჩვენ თუ ვხედავდით ამ გაუთავებელ გარჩევებს, ისინი რატომ ვერ ხედავდნენ?!"თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი 21 წელის გოგა კვარაცხელია 26 დეკმბერს, დილით გარდაიცვალა. მას უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გვიან ღამით ესროლეს. ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მშობლებმა საკუთარი მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.სადაც დანაშაული მოხდა, იმ უბნის ერთ-ერთ მცხოვრებს ვესაუბრეთ, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ:- გოგა, სახლში მიდიოდა, რა დროსაც სადარბაზოს შესასვლელთან უცნობმა პირებმა ესროლეს, მკვლელმა ავტომატის მთელი ჯერი დაიცალა. როგორც ითქვა, თავში ჰქონდა გამავალი ჭრილობა და უმძიმესი სიტუაციის გამო, ექიმები ოპერაციის დაწყებას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ... ეს არ იყო 4 ან 5 ტყვია, მთლიანი ჯერი დააცალეს. არ ვიცი, მშობლებს ვინ შეატყობინა და როგორ გაიგეს, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი, დასისხლიანებული შვილი, თავად ჩააწვინეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს...- რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი?- ალბათ რამე ბანალური მიზეზის გამო მორიგი დაპირისპირება... საერთოდ, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, დანების ტრიალი და დაჭრა, აქ პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენს უბანში არის აფთიაქი, ე.წ. რაზბორკის ადგილი, სადაც მუდმივად იკრიბებიან ბიჭები და საქმეებს არჩევენ. რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არამეგობრული უბანია, ახალგაზრდები ქუჩური გარჩევით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, აქ ჩხუბი და აყალმაყალი მუდმივადაა.- შესაბამის უწყებას რატომ არავინ მიმართა, თქვენ ან სხვა ადგილობრივმა მცხოვრებებმა? - პასუხი თავადაც კარგად იცით, - იმიტომ, რომ ეს "ჩაშვებად" მიიჩნევა და ცუდ ტონად ითვლება... მე პირადად, სამსახურიდან გვიან მოვდივარ და მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ რამდენჯერმე უთქვამთ, - "პივის" ან სიგარეტის ფული დაგვიტოვე ძმურადო... ასეთი საუბრები აქ ჩვეულებრივი ამბავია. დამიტოვებია ფული და გამივლია... უფროსები კიდევ მათ მშობლებს უწევენ ანგარიშს და ამიტომაც "ჩაშვებას" ერიდებიან. სხვათა შორის, პატრულიც ხშირად ტრიალებდა მანდ, ჩვენ თუ ვხედავდით ამ გაუთავებელ გარჩევებს, ისინი რატომ ვერ ხედავდნენ?!- დაღუპულს იცნობდით?- დიახ, თუმცა მხოლოდ გამარჯობით. მეგობრები "კვარას" ეძახდნენ. სადმე სწავლობდა თუ არა, არ ვიცი, თავის მეგობრებთან ერთად, ხშირად ვხედავდი ქუჩაში. ითქვა, რომ ვიღაც მაღალჩინოსანია მაგათი ოჯახის ახლობელი და ამის გამო ცოტა გათამამებული იყო. ძნელი წარმოსადგენია, ასეთი რა უნდა დაეშავებინა 21 წლის ბიჭს, რომ ავტომატი დაეცალათ. იქ ვინც იდგნენ ბიჭები, იმათ ყველაფერი დაწვრილებით ეცოდინებათ, რადგან როგორც გითხარით, მხარეებს შორის დაპირისპირება ამ უბანში ჩვეულებრივია, ხან – რაზე, ხან - რაზე, მაგალითად ასეთ უაზრო საკითხებზე, როგორიცაა ფულის შეწერა, ნივთების წართმევა, მაგალითად, დასალომბარდებლად ნოუთბუქის "ახევა" და ა.შ.. როგორც გითხარით, ეს კატეგორია პოლიციას ასეთ რამეებზე არასდროს მიმართავს, რადგან ამ ქმდების შემდეგ, მას და მის ოჯახს, ქალაქის თუ არა უბნის დატოვება აუცილებლად მოუწევს...როგორც გავიგე, ამასწინათ ჩხუბის მიზეზი ყოფილა ძვირადღირებული ბრენდული საათი, რომელიც ვიღაცას შეაწერეს და ამას მოჰყვა მთელი დავიდარაბა. შესაძლოა, ეს მატერიალურად სულაც არ აზარალებდეს რომელიმეს, მაგრამ მათი ახსნით, თავმოყვარეობის ამბავია და "დაჩაგრული" ცდილობს, "აბაროტი" აუღოს. და ეს ერთი შეხედვით სისულელეზე დაწყებული დაპირისპირება ზოგჯერ იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ საძმაკაცოებად, "კუტოკებად" დაყოფილი ბიჭები იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს. ასეთ რამეზე მომხდარი ჩხუბი იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო, - ერთ შემთხვევაში, საქმეში გოგას ბიძაც კი ჩაერია, თუმცა, ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა... განსაკუთრებით აფთიაქის მიდამოებში მცხოვრებლებს უამრავჯერ ექნებათ ნანახი. რას მოყვებიან, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ თუ მოინდომებენ შესაბამისი უწყებები, საქმის გარკვევა არ გაუჭირდებათ.არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, მორიგ ასეთ დაპირისპირებას შეეწირა გოგაც. როგორც აღვნიშნე, ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ არ ჩანდა ის ტიპი, ვინმესთვის რამე დაეთმო. აქ თავის დასამკვიდრებლად და "სასტავში" გასაშინაურებლად ძალიან კარგმა ბიჭებმა გაიფუჭეს თავი და მომავალი დაინგრიეს. ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)