"ან ფული, ან თხილი!" - ყაჩაღობისას თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს - კვირის პალიტრა

"ან ფული, ან თხილი!" - ყაჩაღობისას თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლო ხანს, ოზურგეთში ყაჩაღობისა და კრიმინალური გარჩევის ფაქტებმა განსაკუთრებულად იმატა.

ოზურგეთის სოფელ ბაილეთის მაცხოვრებლებმა ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შესახებ საუბრის პარალელურად, შველაც ითხოვეს. ებრალიძეების ოჯახზე თავდასხმა ამ ორიოდე დღის წინ, გამთენიისას მოხდა, - იმ დროს, როცა მთელ ოჯახს ეძინა, სახლის პირველ სართულზე ორი ნიღბიანი შევარდა, ოჯახის წევრები ზეზე წამოყარა და ოჯახის უფროსის, ზურაბ ებრალიძისაგან ფული მოითხოვა… ზურაბ ებრალიძემ, ოჯახის სარჩენი თანხის დათმობას წინააღმდეგობის გაწევა ამჯობინა. "უშვერი სიტყვებით დაუწყეს მამაჩემს ყვირილი და ცემა. მამამ ყვირილი ატეხა, მიშველეთო. სახლის მეორე სართულზე ჩემს ძმას ეძინა, სანადირო თოფი გამოიტანა და ისროლა. სახლში კიდევ შემოვარდა რამდენიმე ადამიანი, წაიყვანეს დაჭრილი და წავიდნენ", - განაცხდა ზურაბ ებრალიძის ქალიშვილმა თამარ ებრალიძემ. დაჭრილ თავდამსხმელს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია...

ო. ლ: სოფელ ბაილეთის მცხოვრები:

- ებრალიძეები ძალიან მშრომელი ხალხია. მთელი ოჯახი საოჯახო მეურნეობაშია ჩართული. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თხილია. წელს თხილის ფასი განახევრდა, ამ შემოსავლით ერთი ეგაა მშიერი არ დარჩები ადამიანი. იმ დღეებში ჩაუბარებიათ თხილის ნაწილი, როგორც ჩანს, ყაჩაღებმა ეს გაიგეს და მიადგნენ საწყლებს უთენია. როგორია, დილის 4 საათზე დაღლილ და ღრმა ძილში წასულ კაცს ნიღბიანი კაცი რომ წამოაგდებს, - ფული მომეციო! ყაჩაღებმა ფული რომ ვერ მიიღეს, თხილი მოითხოვეს თურმე, - ფული ძალიან გვჭირდება, მაშინ თხილი გაგვატანე ტომრებითო… თურმე მანქანა მიაყენეს, რომ თხილი გაეტანა. არ იცოდნენ მეორე სართულზე ზურაბის ბიჭს რომ ეძინა, რომელმაც სანადირო თოფი გამოიტანა და ესროლა, რაღა დაგიმალოთ და კარგი ქნა, თუმცა სასიხარულოა, რომ არავინ მოკვდა, კაცის კვლის ცოდვას გადარჩა ოჯახი...

- თავდამსხმელები მართლა მეზობლები იყვნენ?

- აბა, ბაილეთიში თხილის წასაღებად სხვა სახელმწიფოდან ხომ არ ჩამოვიდოდნენ?! იქვე 300-400 მეტრში მცხოვრები მეზობლები აღმოჩნდნენ. დათვრნენ ბიჭები და ფულის შოვნა მეზობლებში გადაწყვიტეს. ამათგან ერთი საავადმყოფოშია, მეორე კი გაიქცა და სადღაც დაშლიგინობს; იმედია, დაიჭერენ!  იმ ორიდან, რომელიც დანაშაულის მთავარი "გმირი" იყო, ერთი ცოლ-შვილიანია, პატარა შვილები ჰყავს, მეორემ კი ორი თვის წინ მოიყვანა ცოლი და ყაჩაღობით აპირებდა ოჯახის გამართვას... კიდევ კარგი ებრალიძეების ტყვიას არ ემსხვერპლნენ.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)