დიდი კონტრაბანდული რებუსი - კვირის პალიტრა

დიდი კონტრაბანდული რებუსი

"ნახატი საბაჟო პუნქტიდან გაიტანეს საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დახმარებით"

გასულ კვირას სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა - თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ბიზნესმენი, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გაიტანეს ანტონ ვან დეიკის 14 მილიონად შეფასებული ნახატი.

თავდაპირველად ითქვა, რომ დაკავებული ბიზნესმენები ქართველები იყვნენ. თუმცა, შსს-მ მალევე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა: "თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთის შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე - ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება".

მალე თურქულ მედიაში კიდევ რამდენიმე ცნობა გამოჩნდა. ერთი წყარო ირწმუნება, რომ თურქმა ბიზნესმენებმა საქართველოში ნახატისთვის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტეს, რაშიც 200.000 დოლარი გადაიხადეს, მეორე წყარო კი აზუსტებს, რომ მათ 200.000 დოლარი არა ექსპერტიზაში, არამედ მის შეძენაში გადაიხადეს...

ამასობაში კი ნახატს პატრონიც გამოუჩნდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისელი ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ მისი ოჯახის საკუთრება იყო და 2013 წელს გაასხვისეს.

ეკა აბაშიძე: - ეს ნახატი საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს, არავითარი ბიზნესმენები ისინი არ ყოფილან. იმხანად ოჯახს ჩემი ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თანხა სჭირდებოდა და ნახატის გაყიდვა გადავწყვიტეთ. ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში ჩართული უამრავი ადამიანი მოდიოდა და გვთავაზობდნენ კაპიკებს... შემდეგ მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც 37.000 დოლარი შემოგვთავაზეს. გავაფორმეთ ხელშეკრულება და დაგვიტოვეს 7.000 დოლარი, დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან... როცა ჩემი ძმა გათავისუფლდა, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და დავა მოვიგეთ. ეს 2013 წელს მოხდა. ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30.000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არავითარი ქონება არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებია. ნახატს საქართველოსთან ნამდვილად აქვს კავშირი და აბაშიძეების სახლში რომ ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ახლახან თურქეთში ნაპოვნი ვან დეიკის ნახატი ზუსტად ის არის, რაც ოჯახში გქონდათ?

- მე დავხატე ინიციალები და თუ ამ ნახატზე აღმოჩნდება, ნამდვილად ის არის, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა.

- და ის ნამდვილად ორიგინალია?

- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ექსპერტიზა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და არ ჩაგვიტარებია. ისიც კი არ ვიცი, რა ჰქვია ამ ნახატს. როცა ნახატის გასხვისებაზე ხელშეკრულება შევადგინეთ, მაშინ არც ის ვიცოდით, ვინ იყო ტილოს ავტორი.

"კვირის პალიტრას" ტრაბზონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოსმან მჟავანაძეც ესაუბრა.

- თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქაურმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო დანაშაულის ფაქტზე ბიზნესმენები დააკავეს. მათივე ცნობით, ისინი "ტექსტილის" მფლობელები არიან, ამ სახელწოდების კომპანიები კი საქართველოშიც არის რეგისტრირებული. ალბათ, თავდაპირველად ამიტომ გამოითქვა ვარაუდი, რომ დაკავებულები ქართველები იყვნენ (თუმცა, საქართველოში რეგისტრირებული შპს "ბაშარან ტექსტილის" მფლობელიც ეროვნებით თურქი ბულენთ ბაშარანია, "იდეალ ტექსტილისა" კი - ასევე თურქი ჰუსეინ ირენი - ე.ა.). როგორც ვიცი, დაკავებულები თურქეთში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები არიან.

როგორც შევიტყვე, ნახატი საქართველოში არ შეუძენიათ. ის საქართველოში ევროპიდან შეიტანეს და მისი გაყიდვის მსურველს დაუკავშირდა თურქი ბიზნესმენი, რომელიც მზად იყო, ანტონ ვან დეიკის ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა გადაეხადა, თუმცა, ორიგინალობის დამადასტურებელი ექსპერტიზის ცნობა მოითხოვა. თურქული მხარის ინფორმაციით, ნახატს ექსპერტიზა საქართველოში ჩაუტარდა და ამისთვის 200.000 გადაიხადეს. ეს ფული საქართველოში დარჩა... ახლა გამოძიება სწორედ ამის დასადგენად მიმდინარეობს.

- ნახატი სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტიდან გაიტანეს?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი. თუმცა, თურქული მედია იუწყება, რომ ნახატი საბაჟო პუნქტიდან გაიტანეს საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დახმარებით.

- საქმე როგორ გაიხსნა?

- მავანი, რომელიც ვითომ 14 მილიონად აპირებდა თურქი ბიზნესმენებისგან ნახატის შეძენას, სინამდვილეში პოლიციელი აღმოჩნდა. "ტექსტილის" მფლობელი ბიზნესმენები და ეს პოლიციელი საქმის მოსაგვარებლად ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ ერთმანეთს და გვერდიგვერდ დაბინავდნენ. დაკავების ოპერაციაც ნახატის გადაცემისას განხორციელდა...

ვანდა მუჯირი, გალერეა "ვანდას" ხელმძღვანელი: - ექსპერტიზა იმის დასადგენად, ნახატი ორიგინალია თუ არა, საქართველოში ვერ ჩატარდებოდა. ამას სპეციალური ლაბორატორია სჭირდება. თუმცა, არსებობს შპს-ები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან...

ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. სიმართლე გითხრათ, არადამაჯერებლად მეჩვენება, რომ მავანმა ექსპერტიზაში 200.000 გადაიხადა, მაგრამ თუ ასეა, ამ ფულს ტყუილად ხომ არ გადაყრიდა?! გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ ბეჭდით და ხელმოწერებით, რომლებიც ექსპერტიზის დოკუმენტს ახლავს. ცხადია,

თუ რომელიღაც თაღლითურმა ჯგუფმა თავი საექსპერტო ბიუროდ გაასაღა, ეს ამბავი უნდა გამოაშკარავდეს. თუმცა, მეეჭვება, რომ ასე მარტივად იყოს საქმე.

მეც დიდი ინტერესით ველოდები შსს-ს ინფორმაციას...

"კვირის პალიტრა" კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსს მიხეილ ძაგნიძეს დაუკავშირდა: - გამოძიებას თურქული მხარე აწარმოებს. პირველ რიგში დასადგენია, რა ტილოსთან გვაქვს საქმე, დასაზუსტებელია მისი ავთენტურობა, ვისი შესრულებულია და სხვ. შემდეგ შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ, ნახატმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი თუ არა, ან ოდესმე იყო თუ არა საქართველოში. სანამ არ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ.

ანტონ ვან დეიკი

ანტონ ვან დეიკი ბელგიელი მხატვარი და გრაფიკოსია. ის სამეფო წევრებისა თუ დიდებულების ოჯახების პორტრეტების ოსტატი გახლდათ და რელიგიურ სიუჟეტებს ბაროკოს სტილში ხატავდა. ანტვერპენში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. 1618-1620 წლებში ქრისტესა და მოციქულების ამსახველი 13 ნამუშევარი აქვს შექმნილი. ვან დეიკს ეკუთვნის ცნობილი ტილოები: "იუდას კოცნა"; "წმ. მარტინი და გლახაკები". "მარიამ ღვთისმშობელი ყრმით", "მომნანიებელი ცოდვილნი"... მისი ნახატების ღირებულება მილიონებს სცილდება.