"მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ბესო ხარძიანის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება" - კვირის პალიტრა

"მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ბესო ხარძიანის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება"

პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელების ვინაობაც ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერებითურთ გამოაქვეყნდა, თუმცა ვინ დაუკვეთა მკვლელობა და რა მოტივით, ჯერჯერობით, უცნობია. (იხილეთ)

საქმის დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ბესიკ ხარძიანის ვაჟი მიხეილ ხარძიანი საუბრობს:

- პროკურატურის განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელია. უამრავი კითხვა გამიჩნდა, მაგალითად, ვინ არიან შუამავლები, რა მოტივით მოკლეს მამაჩემი და ვინ არის მთავარი დამკვეთი?! სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ მივიღებ, ჩემთვის საქმე გაუხსნელად დარჩება. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ბესოს ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. გარდა ამისა, გამოძიებამ იქნებ გვიპასუხოს, რატომ დასეირნობდნენ ქილერები ყოველგავრი წინააღმდეგობის გარეშე ქალაქის მასშტაბით ან რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მათი საეჭვო ვინაობით, როდესაც საზღვარს კვეთდნენ.

- გამოძიებას აქვს არგუმენტი, რომ პიროვნებების დადგენამდე და საგამოძიებო მუშაობის ჩატარებამდე ქილერებმა ქვეყნის დატოვება მოასწრეს.

-როგორ დატოვეს ქილერებმა ყალბი პასპორტებით საზღვარი, როგორ მოახერხეს ეს, პასუხი არ უნდა მივიღოთ?! ან რომელ ნორმალურ ქვეყანაში გადაადგილდება მოპედი ნომრების გარეშე? საზღვარგარეთ ველოსიპედებსაც კი აქვთ ნომრები მინიჭებული. ამ ფონზე, ვინაა დაზღვეული, რომ ქილერები საქართველოში უპრობლემოდ მომავალშიც არ შემოვლენ და "ველოტურს" არ მოიწყობენ?!

- აცხადებდი, რომ ქილერი შენ სახლთანაც დაგვხვდა. გავრცელებულ ფოტოებში მისი ამოცნობა შეძელი?

-არა, ის წითური იყო და ამ საქმითაც უნდა დაინტერესდეს პროკურატურა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)