"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება
"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება
25-01-2016
"ჩემი შვილი მამამ კაცად გაზარდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბაბუის სახელი და გვარი გულზე ამოიტვიფრა"

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიება ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას მიიჩნევდა, პრესაში დაიწერა, რომ კუჭავას სახელი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული... 2009 წლის 13 ნოემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა მოკლულები იპოვეს - თითო ტყვია ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. ბინაში ელექტროგამათბობელი იყო ჩართული და ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან დაფქული წიწაკა ეყარა, ამ გზით დამნაშავის კვალი გაქრა. საქმეში იდო ორი მასრა, მათ შორის ერთი ეთერ ნინუას ბალიშში აღმოაჩინეს. ბალისტიკური ექსპერტიზით ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო პისტოლეტს ეკუთვნის.

განიხილებოდა პოლიტიკური მოტივით მკვლელობაც, თამაზ ნინუა უშიშროების გენერალი იყო და იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ირგვლივ მას კონსტანტინე გამსახურდიასთან უნდა ესაუბრა. თუმცა გამოძიებამ ნინუების მკვლელობა მალე გახსნილად გამოაცხადა და მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბული ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. მკვლელობაში კი ყოფილი ფეხბურთელი, ნინუას უახლოესი მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს.­ მას 30 წელი მიუსაჯეს, იგი მეშვიდე წელია სასჯელს იხდის, თუმცა სასამართლო პროცესები ისე დასრულდა, რომ ამ საქმის­ ბევრი დეტალი ბურუსით მოცული დარჩა.

სასამართლო პროცესზე გოგიას ადვოკატი ბიძინა კუჭავას დაკითხვას ამაოდ ითხოვდა, პროკურატურამ ვერ შეძლო მაშინ მისი პროცესზე მოყვანა. თუმცა ის გამოძიებას მოწმის სტატუსით დაკითხული ჰყავდა. როგორც შევიტყვეთ, გამოძიებამ კუჭავა მას შემდეგ დაჰკითხა, რაც მისი სახელი და გვარი ნინუების საქმეზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. ეთერ ნინუას მეგობარი ამბობდა, რომ ტრაგედიის წინადღეს ნინუების სახლში ვინმე ბიძინა კუჭავა ნახა.
ჩვენ ექსკლუზიურად ჩაგვივარდა ხელში წლების წინ ბიძინა კუჭავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს.

"ნინუამ თქვა, მევალეები მაწუხებენო..."


ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან: "თამაზ­ ნინუა ჩემი მეზობელია. ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ტელევიზია "იბერვიზია"­ ჩამოვაყალიბე, მაშინ უშიშროების­ მაღალ­ჩინოსანი­ იყო. მის სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დავეხმარე და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში. ეს თამაზის ინიციატივა იყო - მკითხა, ხომ არ ვიცოდი, რა ეღირებოდა, ან ხომ არ მეგულებოდა ვინმე, ვინც მრგვალფარებიან "მერსედესს" ყიდდა. ვუთხარი, რომ გავიკითხავდი. ისიც ვკითხე, ეკასთვის ხომ არ გინდა-მეთქი. მიპასუხა, მიახლოებით ეგრეაო. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი მოცემული მოდელის "მერსედესები" მთლად ახლები­ 7.000 დოლარიდან იწყება ფასი-მეთქი. ისიც ვუთხარი, მეც ვაპირებ ჩემი "მერსედესის" გაყიდვას 11-12 ათას დოლარად-მეთქი. თუმცა შემეძლო ფასის დაკლებაც. ეს აზრი თამაზს მოეწონა. შემდეგ მთხოვა საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი. სახლში რომ მივედი­, იქ იყო მისი მეუღლე ეთერი, რომელსაც თამაზმა უთხრა, ალბათ წასაღებად მობრუნდებაო... რომ ვკითხე, რა ხდება-მეთ­ქი, მითხრა, ჩემი მეგობარი იყო და საბუთე­ბი დარჩაო.­ თამაზმა მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, მივხვდი, მანქანის ყიდვა უნდოდა და ფული არ ჰქონდა. მკითხა, რას ვიტყოდი თუ
ნაწილ-ნაწილ გამისტუმრებდა. მოვიფიქრებ-მეთქი. ესეც იმიტომ ვთქვი,­ რომ ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ მინდოდა თანხა ერთად ამეღო. მერე მკითხა, ხომ არ მყავდა ვინმე ამერიკაში, რაც ძალიან გამიკვირდა. რადგან­ იმ დონის კაცს ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა. მაშინ ვკითხე მიზეზი. მიამბო, რომ მეგობართან ერთად ჰქონდა ბაზრობა. ისიც მითხრა, რომ მისულან მასთან მკლავ­ჭი­დელი ზაურ ცხადაძე­ და კიდევ ვიღაც პიროვნება, რომელსაც უნდოდა "ჰამერის" ყიდვა. თამაზს ვიღაც ქართველისთვის­ მიუცია ამერიკაში მანქანის­ შეკვეთა და ამისთვის 40.000 დოლარი გადარიცხა, თუმცა იმ ადამიანმა მანქანა არ გამოუგზავნა. ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვინც მონახავდა ამ კაცს ამერიკაში. თქვა, მევალეები მაწუხებენო...
ჩემი იქ ყოფნის დროს ბინაში არავინ მოსულა. ისიც მითხრა, რომ თავისი მეწილეებიდან ვიღაც ყიდდა ბათუმის პორტში 400 კვადრატულ მიწას და მსურველი მომეძებნა. ასე დავშორდით.

ბოლოს თამაზ ნინუა ვნახე 10 ან 11 ნოემბერს, სადარბაზოში ლიფტთან. აღელვებული იყო - ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმე, რა დროს ეგააო (იმ პერიოდში პარლამენტში საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. - ავტ.). ხელში ეჭირა გამჭვირვალე ფაილებში ჩაწყობილი ქაღალდები და მრგვალი დისკი.
მერე გავიგე, რომ მოკლეს ცოლ-ქმარი. იმ დროს მოვდიოდი ბორჯომიდან, სადაც აგარაკი მაქვს".

უშიშროების გენერლის შვილი ალაპარაკდა: "კოშმარში ვცხოვრობთ"

ეკა ნინუა, ნინუების ქალიშვილი: - ვერ დამარწმუნა სასამართლომ, რომ თამაზ გოგია არის ჩემი მშობლების მკვლელი. ის თითქმის 7 წელია ზის ციხეში.
ჩვენი სახლიდან ოქროულობა იყო წაღებული. იშვიათი ძვირფასეულობა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის იყო სპეციალურად დამზადებული. კიდევ ფაბერჟეს უნიკალური ბროში, დედას საჩუქარი, რომელიც ერთადერთია. მოპარული ძვირფასეულობის სია საქმეში დევს, აქედან ერთიც რომ იპოვონ, მხოლოდ ამ გზით გახსნიან დანაშაულს. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ასეთ ნივთებს­ ვინმე სახლში შეინახავდა, მაგრამ შეიძლება მკვლელმა­ ბანკში, შემნახავ სეიფში შეინახა ან სადმე გადამალა.

- როცა თქვენი­ მშობლების მკვლელობის საქმეში კუჭავას გვარმა გაიჟღერა, რა რეაქცია­ გქონდათ?
- გაოგნებული დავრჩი. თუ ეს დადასტურდა, მაშინ მისი ოჯახის წევრებს პასუხს მოვთხოვ ჩვენი განადგურებისთვის. კაცი ხელს მართმევდა, სალამს მეუბნებოდა და თურმე სხვა აზრები უტრიალებდა? თუმცა, სანამ მტკიცებულება არ მექნება, ხელს ვერავის დავადებ...
ბიძინა კუჭავას 90-იან წლებში ჰქონდა­ ნაყიდი ბინა ჩვენს კორპუსში, გვერდით­ სადარბაზოში. მამას კარგი­ გამარჯობით ხვდებოდა. მამას მანქანა უნდა ეყიდა­. ბიძინა კუჭავა რომ წინადღეს ჩვენს სახლში­ ყოფილა, მოგვიანებით შემთხვევით გავ­ი­გეთ - დედას მეგობარი, რომელიც 10 ნოემბერს ჩვენს ოჯახში კონსულტაციისთვის მოვიდა და მამას თავისი იურიდიული დოკუმენტები აჩვენა, ამბობს, რომ იმ დროს ჩვენთან ბიძინა კუჭავა უნახავს. სწორედ დედას მეგობრის ჩვენების შემდეგ დაიკითხა ბიძიIნა კუჭავა...

- ბიძინა კუჭავას ჩვენებით, მამათქვენმა მას უთხრა, "ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმეო", და ხელში საბუთები ეჭირა.
- ეჭვი მეპარება იმაში, რომ აღელვებულმა მამამ თქვა ეს ფრაზა, რა გამიჭირეს საქმეო. მამა არასოდეს საუბრობდა იმაზე, რასაც ფიქრობდა. ხუმრობით ვამბობდი კიდეც, მუნჯი მამა მყავს-მეთქი. მისი აზრი ვინმეს ან რაიმე მოვლენის შესახებ არავინ იცოდა. თუმცა ერთი თვალის შევლებით შეეძლო ადამიანის ამოცნობა. ეს მისი პროფესია იყო. არა მგონია, მამა დამდგარიყო სადარბ­აზოში და ვიღაცისთვის მოეყოლა, რა საბუთი ეჭირა ხელში. როცა ვითხოვდით კუჭავას სასამართლოზე მოსვლას, პროკურორმა თქვა, ვერ ვპოულობთ, ტელეფონი აქვს გამორთულიო, მაგრამ ზუსტად იმ დილას ვნახე, თავისი სახლის აივანზე იდგა და ტელეფონზე საუბრობდა.

- ამ წლების მანძილზე კუჭავა არსად შეგხვედრიათ, რამე არ გიკითხავთ?
- როცა კორპუსთან მხვდებოდა, მესალმებოდა... ეს წლები უმძიმესი იყო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ყველამ ზურგი გვაქცია, მოკითხვისაც ეშინოდა ხალხს. თქვენ არ იცით, რამდენი დღე და ღამე მარტოებმა, სამზარეულოში სკამზე გავატარეთ. ისე დამთავრდა სასამართლო, არავინ გაგვცა პასუხი, რატომ მოკლეს ისინი. არც იარაღის შესახებ ვიცოდი რამე და არც ის, რა მანძილიდან ესროლეს, არადა, ორ საქმეში ფიგურირებდა ეს იარაღი და მკვლელობის ხელწერაც ერთი და იგივე იყო. ესეც შემთხვევით შევიტყვეთ - ჩემი ბიძაშვილი მუშაობდა ვაკე-საბურთალოს კრიმინალური სამსახურის უფროსად. როცა შემთხვევის ადგილი ნახა და ჩემი მშობლების მკვლელობის ხელწერას გაეცნო, მაშინვე თქვა, ზუსტად ანალოგიური მკვლელობა ადრე ვაკეში მოხდაო. ასე ამოტივტივდა მაღალთაძის საქმე...

არ მჯერა, რომ გოგიამ მომიკლა მშობლები. არც მისი აღიარება არსებობს. როცა ვკითხე გამოძიებას, გოგიასთან მკვლელობის იარაღი თუ იპოვეთ-მეთქი, მიპასუხეს, იარაღი არა, მაგრამ ვიპოვეთ იარაღების წიგნი, სადაც ამ იარაღის ინსტრუქცია იყოო. დენთის კვალი არსებობს, რომელიც საეჭვოა. ასეთი კვალი, პოლიციელს ხელი რომ ჩამოართვა, მაშინაც დარჩება.

არ ვიცი, ვინ და რატომ მომიკლა მშობლები. ეს წლები პარალიზებულები ვიყავით მე და ჩემი შვილი. ჩემს შვილს ყველა სტრუქტურაში ბლოკავდნენ და სამსახურიც კი ვერ იშოვა. ამდენი წელი იმიტომ ვდუმდი, რომ ვიცავდი ჩემს შვილს, არ ვიცოდი მკვლელობის მოტივი და ვინ მომიკლა ისინი. ჩემი შვილი მამამ კაცად გაზარდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბაბუის სახელი და გვარი დაიწერა გულზე და ეს ერთადერთი ტატუ აქვს. არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მკვლელობის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, - ეკა, იცოდე, ქურდები იძახიან, რომ ეს საქმე არ არის მათი გაკეთებულიო.
ვინ არის მკვლელი - ეს კითხვა არ გვასვენებს და ვცხოვრობთ კოშმარში.

ხელწერა: დაფქული წიწაკა...


ბიძინა კუჭავამ ჩვენება 2007 წელს ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებითაც მისცა. გოჩა მაღალთაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა ამოიღეს, რაც რამდენიმე წლის შემდეგ ნინუების ბინაში იპოვეს. ელექტროგამათბობელი ჩართული იყო და კვალის გასაქრობად, ყველგან დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, მაღალთაძესაც სასიკვდილო ჭრილობა საფეთქელთან ჰქონდა მიყენებული. თავის დროზე საქმის დეტალები სწორედ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გაშუქდა. ნინუების სასამართლო პროცესზე მაღალთაძის მეგობარმა ვაჟა ნუცუბიძემ მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ ეჭვი ბიძინა კუჭავაზე ჰქონდა, რადგან მას გოჩასთან დიდი ფული ჰქონდა წაგებული. 50 ათასი დოლარი კუჭავას მაღალთაძის ოჯახში უნდა მიეტანა.

გთავაზობთ ამონარიდს ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან, რომელიც გოჩა მაღალთაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან: "ჩემს მეგობრებთან, მამუკა კუჭავასთან, გია გოგიბერიძესთან და ნუკრი ჭინჭარაძესთან ერთად ტელეკომპანია "იბერვიზიის" ჩამოყალ­იბება დავიწყეთ და გავხდი დირექტორის მოადგილე. იქ ვიმუშავე 1993 წლამდე. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბე კერძო ტელეკომპანია, რადიო და გაზეთი "საქართველოს ხმა".
2001 წლიდან ვფლობდი 16 პროცენტს ყოფილ კაზინო "ასტორია პალასში", რომელიც ოფიციალურად მამაჩემის სახელზე იყო გაფორმებული. თავიდან დამფუძნებლები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ჩემი მეგობარი პაატა ქანდაურაშვილი. შემდეგ ეს წილები შეისყიდა თამაზ გალუაშვილმა, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია. 2004 წლამდე იფუნქციონირა კაზინომ, მერე მოიმატა გადასახადებმა და ამიტომ დაიხურა...

2002 წელს გავიცანი მამუკა გუგეშაშვილი, მეტსახელად "გუგულა" და გოჩა მაღალთაძე. ერთად ვთამაშობდით მათ კაზინოში, რომელიც ყოფილი ცეკავშირის შენობაში იყო. შემდგომ "გუგულას" და მაღალთაძეს ურთიერთობა გაუფუჭდათ. გოჩა მაღალთაძესთან დამიდვია ფსონები. იყო პერიოდი 40-50 ათას დოლარს ვაგებდი, შემდეგ თამაში გამიგრძელებია და საბოლოოდ მე ვიყავი მოგებული 8-12 ათას დოლარში,­ ეს ფული გოჩა მაღალთაძის სიკვდილის შემდეგ არც მომიკითხავს...

კითხვაზე, ვიმყოფებოდი თუ არა რუსეთში მაღალთაძის მკვლელობამდე ან მის მერე, გიპასუხებთ, რომ მიწევდა სისტემატურად საზღვარგარეთ სიარული, თურქეთში, უკრაინაში".

თეა ხურცილავა
მედი
26 იანვარი 2016 10:35
მაგ კაზინოებით ცოცხლობთ და შენდებით.ხოლო ვინც თამაშობს ეს ფული წასაგებია,ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს.შრომით ნაშოვნი ფულით კაზინოებში არ თამაშობენ
reRo
26 იანვარი 2016 10:35
ლუდომანია უფრო მეტ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას ვიდრე ნარკომანია! აკრძალვა კაზინოების შეუძლებელია, ამიტომ ოჯახმა უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ ახალგაზრდები არ დაავადდნენ ამ უსაშინლესი სენით!
სხვა სიახლეები
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია.
დაწვრილებით...
2016 წლის 4 მარტს სოფელ გლდანში მომხდარმა დანაშულმა 22 წლის თორნიკე ვარდანაშვილის სიცოცხლე შეიწირა, 20 წლის ლევან ხოკელაშვილი კი მძიმედ დაიჭრა.
დაწვრილებით...
"გამოძიება დაიწო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად"
დაწვრილებით...
გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაწვრილებით...
PRIME
"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"
დაწვრილებით...
PRIME
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
3 ოთახიანი ბინა 100კვ.მ. დღიურად,
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი კუთხის
იყიდება მზიანი ბინა ქალაქის ცენტრში,
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები