თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!" (ექსკლუზივი)

"პროკურორს ვაფრთხილებდი, ეს იარაღი მესამედაც გაისვრის-მეთქი"

ამ რამდენიმე დღის წინ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხი საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა. (ფოტოზე: გენერალი თამაზ ნინუა)

"ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; კუჭავას გერის მკვლელობა; ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება დამატებით მუშაობს; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა". - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა ე.წ. კორტების საქმეზე გასამართლებული კრიმუნალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოდგილის ირაკლი ფირცხალავას მტკიცებით, როგორც მაღლადაძე, ასევე ნინუები სწორედ ბიძინა კუჭავამ დახოცა.

...

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს მაღლადაძის მკვლელობისას.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია, თუმცა ის დღემდე იხდის სასჯელს.

თამაზ გოგიას შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა აქვს. ის ციხიდან დაგვიკავშირდა:

- მე მკვლელი არ ვარ. არ მინდა ამ სახელით ვიარო. კუჭავას პირადად არ ვიცნობდი. ერთადერთი თამაზისგან ის მქონდა გაგონილი, რომ მეზობელი ჰყავდა და მისგან უნდა ეყიდა მანქანა. რატომ უნდა მომეკლა უახლოესი მეგობარი, რისთვის ვიხდი სასჯელს. არანაირი ბიზნესწილები არ არსებობდა. სულ ერთად ვიყავით და მოკვლა რომ მნდომოდა, რაღა სახლში მოვკლავდი. პროცესზე მოიყვანეს ერთადერთი ცრუმოწმე, ვინმე ალექსი, რომელიც ამბობდა, თითქოს ნინუამ უთხრა, ფირმაში 50-პროცენტიანი წილი მაქვსო, რაც აბსურდია. ამ მოწმეს 17.000 ჰქონდა ვალი კრედიტის სახით და ამ ჩვენების მერე ვიღაცამ მას ეს კრედიტი დაუფარა. როცა პროცესზე ჰკითხეს, ვალი როგორ დაფარეო, თქვა, თანხა გამომიგზავნეს ინდოეთიდან, გვარიც არ ვიცი, ვინ გამომიგზავნაო.

ვიძახდი, სამუდამო მომისაჯეთ, მეგობრის მკვლელობას კი ნუ დამაბრალებთ-მეთქი. პროკურორი მეუბნებოდა, მაღალდაძეს იცნობო? კიდევ კარგი, იმ კაცისთვის ხელი არ მქონდა ჩამორთმეული, თორემ იმ საქმესაც მე მომაკერებდნენ. პროკურორს ვაფრთხილებდი, მიხედეთ ამ საქმეებს, თორემ მესამედაც გაისვრის ეს იარაღი-მეთქი. არ მაქვს პასუხი, მკვლელად რატომ შემარჩიეს. თავიდან გამოაცხადეს, დანაშაული აღიარაო, მაშინ ეკა მოვიდა და მკითხა, რატომ მომიკალი დედა და მამაო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი. მე ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ, მე ისინი არ მომიკლავს.

7 წელია მკვლელის სახელით ვზივარ. სულ მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს ფარდა აეხდება.