"ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან" - კვირის პალიტრა

"ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან"

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავი მოიკლა

"16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, ხომ სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც"

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც ოდესღაც სკოლა იყო, ამჟამად კი მიუსაფართა თავშესაფარია, აქამდე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ყოფას ასახავდა, ამჟამად კი შემზარავი ტრაგედიის ადგილადაც იქცა. კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რამდენიმე გასროლას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის შვილებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც დაახლოებით 400 ლარს შეადგენდა. გარდაცვლილი ქალის დის თქმით, მის სიძეს გიორგი დოლიძეს არასოდეს უმუშავია, ამბობდა, რომ მუშაობა ფიზიკურად არ შეეძლო. დღეს, ამ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნორმალურ საზოგადოებაში დაუყოვნებლივ დაუნიშნავდნენ ფსიქოლოგს, უმძიმესია. უბედურებას ისიც ემატება, რომ კილასონიების მშობლიური სახლი აბაშაში, ნინო კილასონიას მკვლელობიდან 3 დღით ადრე ისე დაიწვა, რიმ იქედან აღარაფერი დარჩა. კილასონიები მიჩნევენ, რომ: "მათმა სიძემ შინიდან გაქცეულ ცოლზე შურისძიება ამით დაიწყო, - ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა აბაშაში, მერე კი მოკლა".

გარდაცვლილის და  ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე გვესაუბრა:

- ენითაუწერელი უბედურება დაგვემართა, არ ვიცი სად არის ჩვენი საშველი. სახლიც აღარ გვაქვს, სადაც ჩემს დას ბოლო დღეებში დავასვენებდით. სიზმარში, მგონია, თავი. წარმოშობით აბაშელები ვართ; 6 და-ძმა ვიყავით, 16 წლის ძმა გამოგვაკლდა ავადმყოფობით და იმის სიკვდილი ვერ მოგვენელებინა, მასზე დარდმა დედაჩემი სიმსივნით დააავადა, ახლა ეს საშინელება კიდევ, როგორ უნდა გადავიტანოთ ან ჩვენმა უბედურმა დედამ, ან - ჩვენ?!

ნინო კილასონია

ეს რა გაგვიკეთა მკვლელმა, 16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, ხომ სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც; მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი საცოდავი და მაინც ლამაზი და კეთილი დარჩა. მიხაროდა, სადისტს ქმარს ბოლოს და ბოლოს რომ გამოერიდა, ვფიქრობდი, როგორი ყოჩაღია, - სამსახურს ხალხი წლობით ეძებს, მან კი ერთ თვეში ნახა; თურმე ტყუილად მიხაროდა, მაინც მისი წერა გახდა...

- თქვით, რომ 11 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარს გართულებული ურთიერთობა ჰქონდათ, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ გამოერიდა, იქნებ, ეს ტრაგედია არ მომხდარიყო...

- შვილების გამო. ნებისმიერი დედა, მარტო თავის თავზე არ ფიქრობს და შვილებზე დარდობს, ცდილობს, რომ შვილებს მამა შეუნარჩუნოს, თუკი ეს შესაძლებელია. ამბობდა, - გოგოები მყავს, მამა სჭირდებათო; თანაც ქმარი ზოგჯერ თავის საქციელს ნანობდა, გამოსწორებას ჰპირდებოდა, ნინოსაც იმედი ჰქონდა - ეგება, მართლა გამოსწორდესო; ოჯახის ტვირთი თავად ჰქონდა აღებული, მის ქმარს სიცოცხლეში არ უმუშავია, ამიტომ მთელი ოჯახის რჩენა ჩემი დის კისერზე იყო, ძროხაც ჰყავდა და ბოსტანიც ჰქონდა... ალბათ იმასაც ფიქრობდა, 2 შვილით კარზე ვის მივადგეო... მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდეთ და დიდად არ გვილხინდა. არც ახლა გვილხინს, აბაშიდან თბილისში თავის სარჩენად წამოვედით და თავს  ვაი-ვაგლახით ვირჩენთ კიდეც, მაგრამ სახლ-კარი არც ერთს არ გვაქვს. მეც ქმარ-შვილით ყოფილი სკოლის სარდაფში ვცხოვრობ, სადაც არანაირი ცხოვრების პირობები არ არის; სოციალურ კმაყოფაზე ვარ, მაგრამ როცა ნინომ მითხრა, - ჩემს ქმართან ცხოვრება აღარ შეიძლება, საკუთარი დედა ცემით სიკვდილამდე მიიყვანა და უკვე ბავშვებსაც სცემსო, მაშინვე ვუთხარი, - ამა წუთშივე ადექი და ჩამოდი, ყველა დაგიდგებით გვერდში-მეთქი. ჩემი და წამოვიდა და ისიც თან გამოჰყვა; მეორე დღესვე; ერთი თვე ნაქირავებში იცხოვრა, მერე ნათესავებთან გადავიდა, ფული რომ შემოელია, ყოველ დღე ურეკავდა ჩემს დას, ემუქრებოდა - მოგკლავო. ბავშვები მამას დასანახად ვერ იტანდნენ.

ნინო კილასონია შვილთან ერთად

- წინასწარ ჰქონია ყველაფერი დაგეგმილი. შესაბამისი ზომები რატომ არ მიიღეთ?

- სხვა ზომები როგორ უნდა მიგვეღო, პოლიციას შევატყობინეთ, ხელწერილი დაადებინეს, რომ არც ცოლსა და არც შვილებს ახლოს არ მიეკარებოდა, არ დაურეკავდა და არც შეაწუხებდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაგიჟდა; მეზობლებმა რამდენჯერმე მითხრეს, - შენი სარდაფის ფანჯრებზე თავი ჰქონდა მიდებული და შიგნით იყურებოდაო. სანადირო თოფი ლანჩხუთიდან ჰქონია ჩამოტანილი და დაშლილს სულ თან დაატარებდა, ქურთუკის შიგნით.

ღარ ვიცი, როგორ უნდა დაგვეცვა მისგან ნინო?! ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს, ასეთ ადამიანს ცოლ-შვილის ნახვას აუკრძალავდნენ კი არა, მის იზოლირებას მოახდენდნენ! ჩვენ ხომ არ დავაპატიმრებდით ამ ადამიანს, რა გამოსავალი გვქონდა?! ჩვენ იმით ვიცავდით, რომ სამსახურში დილით მივყვებოდით და როცა მუშაობას დაამთავრებდა, დავხვდებოდით და სახლში მოგვყავდა... მხოლოდ იმ საშინელ სიკვდილის დღეს არ წავყოლილვართ; თუმცა რომ წავყოლოდით, ორ გარდაცვლილს მესამეც დაემატებოდა ალბათ. დაგვღუპა... ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან... გონზე ვერ მოგვყავს ბავშვები... ისეთი ტრაგედია დაემართებათ, აღარ ვიცი, როგორ უნდა აეწყოს მათი ცხოვრება... თითქოს გულმა ცუდი მიგრძნო, დავურეკე, - მალე მოხვალ-მეთქი? - მიპასუხა, - 15 წუთშიო. სახლიდან 50 მეტრში, საღამოს რვის ნახევარზე ესროლა... ბავშვები კივილის ხმაზე გარეთ გაცვივდნენ და მიწაზე დაგდებულ დედას თავზე წაადგნენ.

- თვითონაც იქვე მოიკლა თავი?

- დაახლოებით ერთ საათში, ჯერ პოლიციაში მისულა და უთქვამს, - ერთ ქალს მანქანამ გადაუარა, მიეშველეთო და უკან წამოსულა. ჩვენ წივილ-კივილში თოფის გასროლა აღარ გაგვიგონია, მაგრამ მეზობლებმა გაიგონეს, -  ჩემი და კორპუსის წინა მხარეს მოკლა, თავად უკანა მხარეს გასულა და იქ უსვრია. ყველაზე მეტად ბავშვებზე ვდარდობ. არ ვიცი, რა მოვუხერხო, რით ვანუგეშო, როგორ შევუმსუბუქო ეს ტკივილი.

პ.ს. ტრაგედია სულისშემძვრელია; მომხდარის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მშობლებდაკარგული ბავშვები არიან, რომლებიც, ფაქტობრივად, უსახსროდ არიან დარჩენილები. გოგონებს უპირველესად სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება, რათა თავსდატეხილი კოშმარი შეუმსუბუქდეთ. ამიტომ სახელმწიფო უწყებებს, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც ხელეწიფება ბავშვების დახმარება, მივმართავთ, დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით.

გარდა ამისა, ოჯახს სჭირდება მატერიალური თანადგომაც, მათი ყველა ნათესავი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს; გამოიჩინეთ სიკეთე და დაეხმარეთ დაობლებულ პატარებს:

"თი-ბი-სი ბანკი"

ანგარიში:

GE34TB7354645061100001

კოდი: TBCBGE22.

მიმღები შორენა ჭანტურია.

ტელეფონი: 595293944

იხილეთ ვიდეო

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)