"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს" - კვირის პალიტრა

"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს"

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს.

როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა კომენტარი თავდაცვის სამინისტროში. სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, დეტალურად გამოიძიონ.

"ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ. მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ".

"მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს. ქართული სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს, და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას. მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით