მოსამართლეების "ბუნტის" ახალი მიზეზი - ვინ გაასაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტები?! - კვირის პალიტრა

მოსამართლეების "ბუნტის" ახალი მიზეზი - ვინ გაასაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტები?!

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს.

მან არასამთავრობო ორგანიზაციებს 2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტების და წერითი კაზუსების წინასწრარ გამჟღავნებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

"ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია - გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ. მე გამაჩნია კითხვები, რომელიც საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს".

ახვლედიანისთვის უცნობია, თუ ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტესტის წინასწარ გამჟავნებას ორგანიზება გაუკეთეს: "ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში. დადასტურებულად ახლა მოვიპოვე დოკუმენტი. მასალები, რომელიც მე მაქვს გადავეცი იუსტიციის საბჭოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მისი ნამდვილობა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს".

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საკითხით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს შეიცავდეს.

ახვლედიანის განცხადებას "საგანგაშო" უწოდა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თუმცა განმარტა, რომ ახვლედიანის განცხადება პირადად არ მოუსმენია.

”ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება".

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა.

"მოსამართლეობის მსურველ პირებს მოუწევთ კონკურსის გავლა, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც სისტემაში იქამდეც მუშაობდნენ და 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ ანუ ისინი მოსამართლედ ავტომატურად არ გადაინიშნებიან. თუკი კონკურსს გაივლიან მხოლოდ ამ შემთხვევაში, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3 წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ".

ცნობილია, რომ წულუკიანის უწყებამ მოსამართლის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიცია ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე შეცვალა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით