"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას აპირებს ქართველი კრიმინალებისგან 370 მილიონი ევროთი დაზარალებული გერმანია - კვირის პალიტრა

"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას აპირებს ქართველი კრიმინალებისგან 370 მილიონი ევროთი დაზარალებული გერმანია

გერმანიაში კანონს სპეციალურად ქართველების საწინააღმდეგოდ იღებენ

ბოლო თვეების განმავლობაში გერმანული პრესა და ტელევიზია პერმანენტულად აშუქებს დანაშაულის ფაქტებს, რომელშიც ძირითადად ქართველები მონაწილეობენ. ყაჩაღობა, ჯგუფური ქურდობა, ძარცვა... - საკმაოდ გრძელია მათი "გმირობების" ჩამონათვალი.

2016 წლის 26 იანვარს, ჯგუფური ქურდობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ლევან კ. ბოხუმის სასამართლო დარბაზიდან გაიქცა.

მან სასამართლოს საკანში შეყვანის დროს მოახერხა თავის დაღწევა. გაქცეულს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ლევან კ. ეჭვმიტანილია 30-მდე ბინის ქურდობაში. ბოხუმის სასამართლოში 2015 წლის მარტიდან მოყოლებული მიმდინარეობს პროცესი ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ. ბანდა დაახლოებით 10 წევრისგან შედგება, რომლებიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ბინების  ჯგუფურად გატეხვასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ერთ-ერთმა რეიტინგულმა ტელეარხმა "ARD"-მა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც გერმანიის ქალაქებში სხვადასხვა სახის დანაშაულს ჩადის. მედიის ცნობით, ბავარიის ქალაქ ერლანგენში მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი ქართველი დამნაშავეების მსხვერპლი გახდა.

დაზარალებული ცოლ-ქმრის თქმით, მათი სახლი იმ დროს გაძარცვეს, როცა მოხუცი პენსიონერები შინ არ იმყოფებოდა. როგორც ისინი ამბობენ, ქურდებმა თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს, მთლიანობაში 10 000 ევროს ოდენობის. პოლიციის განცხადებით, მძარცველები იმ საათით იპოვეს, რომელიც ქართველების მანქანაში აღმოაჩინეს.

თომას ვერნერი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი:

"დაახლოებით ხუთი წლის წინ, წელიწადში 600 ბინას ძარცვავდნენ, ამჟამად ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია. რამდენიმე თვის წინ გამომძიებლებმა დააკავეს დაჯგუფება, რომლის წევრებიც თავს ლტოლვილებად ასაღებდნენ და ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე პერიოდს ბინის გასატეხად იყენებდნენ. ისინი ძირითადად მამაკაცები არიან. ქართველები აქ რომ ჩამოდიან, აკეთებენ განაცხადს ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე. საბუთების განხილვა გრძელდება 9 თვე, ვიდრე გადაწყდება მიანიჭონ თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას ლტოლვილის სტატუსი. ქართველების უმეტესობა სწორედ ამ 9 თვით სარგებლობს  და ქურდობას იწყებს. შემოსული განცხადებებიდან ლტოლვილის სტატუსის მაძიებლთა მხოლოდ 0,3% პროცენტი იღებს დადებით პასუხს".

მაიკლ ნაგელი, განსაკუთრებულ გამოძიებათა ჯგუფის უფროსი:

"ქართველების უმრავლესობა გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით შემოდის. 2011 წლიდან კი საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. 2014 წელს ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ გერმანიის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა 370 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაორმაგებულია ქართველ ბრალდებულთა მაჩვენებელი და 4000 პიროვნებას შეადგენს. ისინი ორგანიზებული დანაშაულის წევრები არიან, რომელთა ისტორიაც სტალინის დროიდან იღებს სათავეს. ქართული ბანდის ხელში ჩაგდება საკმაოდ რთულია. ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს 9-თვიანი პერიოდის შემცირება და ლტოლვილის სტატუსის კვოტის 0-მდე შემცირება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან ლტოლვილების მიღება შეჩერდება. ამ საქციელით დამნაშავეები არა მარტო გერმანიის მოქალაქეებს აზიანებენ არამედ უპირველესად მათ, ვისთვისაც ლტოლვილის სტატუსის მიღება სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია".

"კვირის პალიტრა" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს ესაუბრა:

გიორგი მორჩილაძე:

"უკვე წელიწადნახევარია გერმანიაში ვსწავლობ. ქართველებზე ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, მაგალითად ის, რომ ქართველმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახლი გატეხა, ვიღაც მოკლა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს უკვე მასობრივ სახეს იღებს. გერმანული ტელევიზიები  თითქმის ყოველკვირა ამზადებენ სიუჟეტს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია პირდაპირ ქართველებზე და არა სხვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენლებზე. რამდენიმე დღის წინ, საემიგრაციო სამსახურში, სადაც საბუთებს იძლევიან, შემხვდა ქართული ოჯახი, ახალგაზრდა ბიჭი იყო ცოლთან და 3 შვილთან ერთად. გაბრაზებული იყო, რადგან ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს და უწევს გერმანიის დატოვება, ეს კრიმინალები ყველაზე მეტად ისევ ქართველებს აზარალებენ".

ერთ-ერთმა სტუდენტმა ანონიმურობის დაცვა გვთხოვა, შესაბამისად, არ ვამხელთ მის ვინაობას.

"სტუდენტი ვარ და ჩვენც გვექმნება სერიოზული პრობლემები. პირდაპირ მინიშნებას არ აკეთებენ, რომ ქართველები ვართ და ა.შ. მაგრამ როდესაც საემიგრაციო განყოფილებაში ვიზის მისაღებად ან გასაგრძელებლად შევდივართ, იქ გვიქმიან ,,ქაღალდის" ბარიერებს. ანუ ითხოვენ საბუთების დაუსრულებელ ჩამონათვალს და ყველა დეტალს უღრმავდებიან, ეს განსაკუთრებით ქართველ მამაკაცებს ეხება.

პრობლემა ექმნებათ ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებსაც, რომლებიც ან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ ან სამედიცინო მიზნით არიან ჩამოსულები.

ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც ჩემ ნაცნობ გოგოს შეემთხვა. ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შემთხვევით გაიგო ქართული ლაპარაკი, მივიდა და გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ ბიჭები ქართველები იყვნენ. გამოემშვიდობა და წამოვიდა. მოგვიანებით კი, ამ ბიჭებმა სწორედ იმ მაღაზიაში მოიპარეს ტანსაცმელი, თუმცა კამერებმა დააფიქსირეს და გასასვლელში პოლიციამ დაიჭირა. გამოძიების პერიოდში კამერებიდან ეს გოგოც მოძებნეს, დანაშაულის არ შეტყბინებისთვის ბრალი წაუყენეს და 300 ევროთი დააჯარიმეს. ახლა პირად საქმეში უწერია, რომ დანაშაული ჩაიდინა, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამემამულეებს გამოელაპარაკა. სამწუხაროდ, ვერ დაამტკიცა, რომ ეს ბიჭები პირველად ნახა და მათი გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ისე გამოდის, ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო".

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუშაობს კანონზე, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა და მიგრაციის სამინისტრომ, ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად საბუთების განხილვის 9-თვიანი ვადა მაქსიმალურად შეამციროს. კანონი სპეციალურად ქართველებისთვის შემუშავდება და მათთვის ლტოვლილის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ განსაკუთრებულ სემთხვევაში დაუშვებს.

წყარო

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)