"მდინარეც ადიდებული იყო, ალბათ წყალმა ჩაითრია" - დაკარგული მონადირე წყალსაცავში დამხვრჩალი იპოვეს - კვირის პალიტრა

"მდინარეც ადიდებული იყო, ალბათ წყალმა ჩაითრია" - დაკარგული მონადირე წყალსაცავში დამხვრჩალი იპოვეს

"გუშინ წინ სამძებრო სამუშაოებში ტყის რეინჯერებიც ჩაერთვნენ, საბოლოოდ კი, ცხედარი ჩოლოქის წყალსაცავში იპოვეს"

ქობულეთში, ჩოლოქის წყალსაცავში 37 წლის მონადირის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი ხუთი დღის წინ დაიკარგა და მას შემდეგ ეძებდნენ.

მაშველები და ადგილობრივები დღეს სამძებრო ღონისძიებებს მდინარე ჩოლოქზე ატარებდნენ. ცხედარი ადგილობრივებმა ჩოლოქის წყალსაცავში შენიშნეს.

ქობულეთის გამგებელის, სულხან ევგენიძის თქმით, სავარაუდოდ მონადირე მდინარეზე გადასვლის დროს წყალში ჩავარდა და გამოსვლა ვერ მოახერხა.

"3 თებერვალს შეტყობინება შემოვიდა სამაშველო სამსახურიდან, რომ პიროვნება იყო სანადიროდ წასული. სწორედ იმ დღეს იყო ძლიერი ქარი, წვიმა. როგორც ადგილზე მისულებმა ვნახეთ და სხვა მონადირეებმაც გვითხრეს, მდინარეზე ერთგან რკინის მილია გადებული, შეიძლება სწორედ იმ რკინაზე უნდოდა გადასვლა და ამ დროს ჩავარდა მდინარეში. სანადირო ჩექმები, რომელიც მას ეცვა, სანადირო ქამართან ჰქონდა ჩამაგრებული, ამბობენ იმ ჩექმებში 50 ლიტრი წყალი ჩადისო, მდინარეც ადიდებული იყო, ალბათ წყალმა ჩაითრია და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გუშინ წინ სამძებრო სამუშაოებში ტყის რეინჯერებიც ჩაერთვნენ, საბოლოოდ კი, ცხედარი ჩოლოქის წყალსაცავში იპოვეს".