სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და გარდაცვლილის მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ესწრებიან.

იხილეთ ასევე: ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა. ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ განჩინებაში, რომელიც 2016 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული, წერია, რომ სახლის შესასვლელი ნაწილის დათვალიერება გუშინ ჩატარდა.

ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ დღეს ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით ოჯახს აცნობეს, გუშინ რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია ტიმოთესუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელის დათვალიერებაზე და ამ პროცესს რატომ არ დაასწრეს ადვოკატი ან ოჯახის წევრები.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტიმოთესუბანში მდებარე აგარაკის ჩხრეკა, ამის თაობაზე ინფორმაცია კორკოტაძეს და ნიკოლოზაშვილს არ გააჩნიათ. ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კი კომენტარს არ აკეთებენ.

ჩხრეკის სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები ატარებენ.

საცხოვრებელი სახლი გადაცვლილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს. მარინა ნიკოლოზაშვილის განცხადებით, მეუღლესთან ერთად ბოლოს აგარაკს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა, როცა ბაკურიანში მყოფი შვილის მოსანახულებლად მიდიოდნენ და ტიმოთესუბანშიც სახლის დასათვალიერებლად გაიარეს.

"ინტერპრესნიუსი"