"ჩემს მანქანაში გასროლა გაისმა, უკან გავიხედე და დასისხლიანებული­ კაცის თავი დავინახე" - კვირის პალიტრა

"ჩემს მანქანაში გასროლა გაისმა, უკან გავიხედე და დასისხლიანებული­ კაცის თავი დავინახე"

ვინ არის დავით პოპოვი, რა აკავშირებდა მას ბიძინა კუჭავასთან და როგორ აღმოჩნდა მასთან ერთად მანქანაში?

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. კუჭავას ოჯახი ირწმუნება, რომ ბევრი კითხვა აქვთ დავით პოპოვთან, რომლის მანქანაშიც ეს ტრაგედია მოხდა. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი პოპოვის დაკავებას ითხოვს.

კუჭავას ოჯახის ეჭვი გაღრმავდა მაშინ, როცა დავით პოპოვი ადვოკატებთან შეხვედრაზე ჩამწერით მივიდა. ადვოკატი კორკოტაძე დარწმუნებულია, რომ პოპოვი ჩამწერი აპარატურით სუს-მა აღჭურვა და მას სპეციალური პერანგიც ეცვა: "უნდოდათ, მისთვის შეკითხვები დამესვა. შემდეგ ამ ვიდეოფირს მიიტანდა სუს-ის განყოფილებაში. ალბათ, იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე, როგორც ადვოკატი, ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და ჩემ წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა".

რა აკავშირებდა დავით პოპოვს ბიძინა კუჭავასთან და როგორ აღმოჩნდა მასთან ერთად მანქანაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ: ვესაუბრეთ.

- პირველად ბიძინა კუჭავას 2015 წლის 30 დეკემბერს შევხვდი. საქართველოში ორი დღის ჩამოსული ვიყავი. მოსკოვში მყავს მეგობარი, გოჩა კუჭავა. მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა - რაღაცას გთავაზობს და ტელეფონით საუბარს ჯობია, შეხვდე და გაარკვიო, რა ბიზნესპროექტი აქვსო. 30 დეკემბერს ერთმანეთს გლდანში შევხვდით. მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება უნდოდა. პროექტიც ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო დიდი თანხა. ამხელა თანხას მე და ჩემი სამეგობრო ვერ ვიშოვიდით, ამიტომ არარეალურად ჩავთვალე ეს წინადადება და უარი ვუთხარი. ამბობდა, თვის პირველ რიცხვებში აფრიკაში უნდა გავფრინდეო.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- 780.000 დოლარზე. ამ ფულით ამერიკაში უნდა გვეყიდა ბრილიანტის მომპოვებელი მანქანა, უნდა წაგვეღო აფრიკაში და იქ მოგვეპოვებინა ბრილიანტი და ოქრო.

- მეორედ რატომ შეხვდით?

- 16 იანვარს, ღამის 12 საათზე, მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან, ისევ ბიძინა მირეკავს, რაღაც პრობლემა ჰქონია, ძალიან გთხოვ, შეხვდი და დაეხმარეო. დავურეკე ბიძინას. მან იმავე ადგილას შემომთავაზა შეხვედრა, სადაც პირველად შევხვდით. ჩემი მანქანით მივედი გლდანში. ბიძინა ტაქსიდან გადმოვიდა და ჩამიჯდა მანქანაში, სახლში წავიყვანე. ბიძინას ვკითხე, რა პრობლემა გაქვს-მეთქი? მითხრა, ერთი დღე მაქვს დრო, ქვეყნიდან უნდა გავიდეო. 17 იანვარს, საღამოს 4 საათისთვის გადიოდა თბილისი-მინსკის რეისი და ბილეთის ფული მთხოვა. არ ვიცოდი, რა ღირდა ბილეთი. მეუღლემ დარეკა აეროპორტში და გაიგო, რომ ბილეთი 600 ლარამდე ღირდა. თანხა არ გვყოფნიდა - მე მხოლოდ 250 ლარი მქონდა, მას - 160. მაშინ მითხრა, თუ ინტერნეტი გაქვს, შევალ და ვნახავ, იქნებ რამე თანხა იდოს ჩემს ანგარიშზეო. მივეცი ჩემი "ნოუტბუკი". მითხრა, ბარათზე მაქვს ფული. თანხა ან ვაგზალზე უნდა მოვხსნათ, ან კოსტავაზე, ფილარმონიასთანო.

- და თანხის ასაღებად წახვედით?

- თბილისში გზებიც კი არ ვიცი კარგად, ამიტომ მეუღლემ მითხრა, მეც გამოგყვებიო. მეუღლე მანქანაში წინ ჩაჯდა, ბიძინა კუჭავა კი - ჩემ უკან. მივედით ფილარმონიასთან, გადავიდა მანქანიდან და დაახლოებით 10 წუთში მობრუნდა. პატრულის მანქანა იდგა. ბიძინა სანამ ჩაჯდებოდა, პატრულს რაღაც უთხრა, მერე მანქანაში ჩაჯდა და აეროპორტისკენ წავედით. სანაპიროზე პატრულმა გაგვაჩერა და საბუთები მომთხოვა. მივაწოდე მანქანის პასპორტი და მართვის მოწმობა. 2-3 წუთში უკან დაბრუნდნენ და მანქანაში მყოფთა საბუთები მოითხოვეს. მივაწოდეთ.

პატრულის თანამშრომლები ჩემს მანქანას გასცდნენ თუ არა, უცებ შავი ჯიპები მოცვივდნენ - ერთ-ერთი "ტოიოტა პრადო" იყო. იქიდან ყვირილით გადმოვიდა რამდენიმე შეიარაღებული პირი - პოლიციის თანამშრომლები ვართ, ხელები ასწიეთ და მანქანიდან გადმოდითო. ისეთი შეშინებული ვიყავი, მანქანიდან ხელები გავყავი და ავყვირდი, მეუღლე ზის მანქანაში, არ ისროლოთ-მეთქი. ამ ხმაურში ჩემს მანქანაში გასროლა გაისმა. მაშინვე უკან გავიხედე და დასისხლიანებული კაცის თავი დავინახე. 5-6 წუთში მე უკვე პატრულის მანქანაში ვიჯექი. სხვა მანქანაში ჩასვეს ჩემი მეუღლე. იმ კაცმა ჩემს მანქანაში თავი მოიკლა, ეს არის სიმართლე.

- თქვენს მეგობარ გოჩა კუჭავაზე რას იტყვით?

- ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ. 25 წელია, მოსკოვშია, იქ საქმიანობს. საქართველოში ბიზნესი არასოდეს ჰქონია. დარწმუნებული ვარ, მან არაფერი იცოდა, თორემ ამ საქმეში როგორ გავერეოდით. ერთ რამეში დავრწმუნდი - ბიძინას მხოლოდ ფული უნდოდა. მერეღა გავიგე, რომ ბიძინა გამუდმებით რეკავდა რუსეთში და ფულს სთხოვდა ჩემს მეგობარს. ისიც მითხრეს, ბიძინა კუჭავას ცოლიც რეკავდა და სურდა, ტელეფონის ნომრები გაეგო, რომ მერე მის ქმარს ვიღაცებისთვის ფული ეთხოვაო. ბიძინას ცოლს ტრაგედიის ღამეს დაურეკა გოჩამ, ბიძინას ეძებდა...

- ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რომ შეხვდით, კოჭლობდა?

- ფეხზე დაზიანება არ შემინიშნავს. ტაქსიდან გადმოჯდა ჩემს მანქანაში, ფილარმონიასთანაც ჩვეულებრივად გადავიდა.

- ადვოკატების ჩაწერას რატომ გეგმავდით?

- მეგობრის შვილმა დამირეკა და მითხრა, ბიძინა კუჭავას შვილს და მის ადვოკატს შენი ნახვა უნდათ, სახლის მისამართს და ტელეფონის ნომერს მთხოვენო. უარი ვუთხარი, არც ტელეფონი მისცე და არც მისამართი უთხრა-მეთქი. მერე ტელევიზიით მოვისმინე მისი მეუღლის და ადვოკატის მინიშნებები, ამბობდნენ, თითქოს ეს არ იყო თვითმკვლელობა. ვადასტურებ, რომ მათი საუბრის ჩაწერა მსურდა, რადგან ვხედავდი, პროვოკაციას მიწყობდნენ. ეს არ იყო დაკავშირებული პოლიციასთან, არც სპეციალური პერანგი მცმია. რეალობა ასეთია: კუჭავამ მანქანაში ჩვენ თვალწინ მოიკლა თავი. ჩემი მეგობარი ძალიან განიცდის, რომ შარში გავეხვიე.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- 25 წელიწადი რუსეთში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი - დედ-მამა, ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი ძმა თავისი ოჯახით. ძმა გარდამეცვალა, მისი ოჯახი კი დღემდე რუსეთშია. ოჯახური ბიზნესი - სასადილოები, ძირითადად, სანქტ-პეტერბურგში გვქონდა. ამ ბიზნესის ნაწილი გავყიდეთ, რადგან ფული გაუფასურდა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დედა საქართველოში ჩამოვიდა. დედა ასაკოვანია, ავადმყოფია, მას მოვლა უნდოდა, ამიტომ ჩემი ცოლ-შვილიც დაბრუნდა საქართველოში. მე ხან აქ ვარ, ხან - რუსეთში. 28 დეკემბერს საახალწლოდ ჩამოვედი. დანარჩენი რაც იყო, უკვე გიამბეთ.

- თქვენი გეგმა მარტო კუჭავას აეროპორტამდე მიყვანა იყო?

- მიმყავდა აეროპორტში. ბილეთს ავუღებდი და წავიდოდა თბილისი-მინსკის რეისით. არც ის ვიცოდი, იარაღი თუ ჰქონდა.

- კუჭავას ოჯახი თქვენს დაკავებასაც ითხოვს.

- აბა, მე მკითხეთ, ვინ არის დასაჭერი! ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ და მოვითხოვ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ.

ქირიას საქმიდან კუჭავას საქმემდე

16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, ერთ-ერთ ბინაში პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა, სხეულზე კი ემჩნეოდა დანაწევრების კვალი. გამოძიების მტკიცებით, იქვე იყო "ბალგარკა" და დიდი ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთაც. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი და დავით პოპოვი მეუღლესთან ერთად ისხდნენ, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თეა ხურცილავა