ახალნამშობიარები ქალი ფანჯრიდან გადახტა - კვირის პალიტრა

ახალნამშობიარები ქალი ფანჯრიდან გადახტა

5 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 26 იანვარს ჩაუტარდა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა."

5 თებერვალს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ოქსანა ჩახვაძე კლინიკა "მედინას" მეხუთე სართულიდან გადმოხტა.

7 იანვარს, ახალგაზრდა ქალმა ბათუმის დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრში გოგონა გააჩინა. რამდენიმე დღეში შვილთან ერთად სახლში გაწერეს, თუმცა მოგვიანებით სისხლდენით ისევ სამშობიაროში მიიყვანეს, სადაც მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ ჰემორაგიული შოკის გამო "მედინაში" გადაიყვანეს.

"5 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 26 იანვარს ჩაუტარდა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა. მდგომარეობა რომ დასტაბილურდა, პალატაში გადავიყვანეთ", - განაცხადა "მედინას" დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ. მისი თქმით, პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ექიმები ინფორმირებული იყვნენ.

"2012 წლიდან აღრიცხვაზე იყო, შიზოფრენია დაუდგინდა და ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდნენ. პალატაში მარტო იმყოფებოდა და ფანჯრიდან რომ გადახტა, ფაქტის თვითმხილველი არავინაა. ამ შემთხვევამდე მასთან კლინიკის თანამშრომელი იყო შესული და საეჭვო არაფერი შეუმჩნევია", - აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

ხვიჩა მაღლაკელიძე, გარდაცვლილის სიძე:

"2 წლის წინ მეორე სართულიდან გადმოხტა, მაშინ სიკვდილს გადაურჩა. აგრესიული არასდროს ყოფილა, უბრალოდ დეპრესიული იყო. ოქსანა 30 წლის იყო. მისი დაორსულება გვიან გავიგეთ, გათხოვილი არ იყო. ფეხმძიმობის დროსაც და მერეც ნათელ გონებაზე იყო. პატარას მზრუნველობას არ აკლებდა. თითქოს ბავშვის დაბადებამ შეცვალა. პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა და ამიტომაც წამლებს აღარ სვამდა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ მან ასე დაასრულა სიცოცხლე".

თეა ხურცილავა