14 წლის გოგონა სანადირო თოფით დაჭრეს - კვირის პალიტრა

14 წლის გოგონა სანადირო თოფით დაჭრეს

უბედური შემთხვევა მოხდა - გამორიცხულია, სხვა რამე ყოფილიყო მიზეზი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 14 წლის გოგონა თავისი სახლის წინ კარის მეზობელმა სანადირო თოფით დაჭრა. გოგონას თელავის საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ის დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ბრალდებული, 22 წლის ხვიჩა ყარალაშვილი, გოგონას კარის მეზობელია. მართალია, პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა და ახალგაზრდა კაცს ოფიციალურად ბრალიც წარედგინა, მაგრამ სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ გოგონა უბედური შემთხვევის მსხვერპლია.

დავით მამუკელაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მატანში:

- საღამოს ხვიჩა თოფს წმენდდა და ტყვიაც ამ დროს გავარდა. სხვა ვერსია, გარდა უბედური შემთხვევისა, არც კი განიხილება. შეიცვალა თუ არა ბრალდების კვალიფიკაცია, არ ვიცით, თუმცა, როგორც დაჭრილის ახლობელმა გვითხრა, გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას არ ითხოვს.

"ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. ოჯახებს შორის არასოდეს უთანხმოება არ ყოფილა. უბედური შემთხვევა მოხდა - გამორიცხულია, სხვა რამე ყოფილიყო მიზეზი. ჩვენი, დაზარალებული ოჯახის, სურვილია, მას არ დაუმძიმდეს მდგომარეობა. ისიც ბავშვია, მომავალი წინ აქვს" - გვითხრა დაჭრილი გოგონას ნათესავმა.

შეიცვლება თუ არა ბრალდების კვალიფიკაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თეა ხურცილავა