ზუგდიდში გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უკვე დაკავებული მკვლელობაში ბრალდებული.

"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით იპოვეს მიკროავტობუსი, რომლითაც დაკარგულები გადაადგილდებოდნენ. ასევე მდინარე უჩაღალში მიაგნეს ერთ-ერთი დაკარგულის მობილურ ტელეფონსაც.