სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები

"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა"

10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის ძებნა გამოცხადდა. ხობელი მერაბ აბესაძე, ზესტაფონელები გიორგი ფიჩხაძე და პაატა ჩუბინიძე მცირე მეწარმეები გახლდნენ და როგორც იჯახის წევრები აცხადებდნენ, ისინი სწორედ საქმიანი შეთავაზების შემდეგ გავიდნენ სახლიდან. ახლობლების თქმით, მათ თან გარკვეული თანხა ჰქონდათ (არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ლარი), სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ დაკარგულები შესაძლოა დაეყაჩაღებინათ, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ალბათ ვინმე, რომ პოლიცია სამივეს მოკლულს იპოვნიდა.

სამართლადამცავებმა ჯერ დაკარგულების მიტოვებულ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს მიაგნეს, შემდეგ მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილური ტელეფონი იპოვეს, ბოლოს კი სოფელ ნარაზენში მათ ცხედრებს მიაგნეს. მალევე დააკავეს მათ მკვლელობაში ბრალდებულიც. სამართლადამცავთა მტკიცებით, ეს ყოფილი სამართალდამცავი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაიაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩუბინიძეს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფიჩხაძეს და 1964 წელს დაბადებულ მერაბ აბესაძესს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მოკლულის პაატა ჩუბინიძის ოჯახის წევრების თქმით, მათ პოლიციას გადასცეს ის ნომერი, რომლითაც უცნობმა პირმა პაატა ჩუბინიძეს დაურეკა და რუხში საქონლის შეძენა შესთავაზა.

ინტერნეტში იძებნება 2010 წლის ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქართული პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ოტობაიასთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარეობდა. სროლის შედეგად კი მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია. როგორც ირკვევა, ეს სწორედ ის დავით ბეჭვაიააა, რომელიც ამჟამად სამი ადამიანის მკვლელობისთვისაა დაკავებული.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, მან დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა სასამართლოზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი "ემოციურ ფონზე" აღიარა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებდა.

გიორგი, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას მეგობარი:

- დათოს ვინც იცნიობს, ამას ვერ იჯერებს. ის არ იყო ის კაცი, 3 ათასი ლარის გამო ეს გაკეთებინა და თუ სამ კაცს მოკლავდა, ამას რაღაც სხვა, გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დაიმალებოდა და არც აღიარება გაუჭირდებოდა.

დათოს საოცარი რამეები აქვს გადადატნილი, - მამა კარგი ხელოსანი, არათუ სოფელში, მთელ ქალაქში თითით საჩვენებელი კაცი იყო, ოჯახს არასდროს უჭირდა და 90-იან წლებში მათ ოჯახს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, თუმცა დათომ თავდამსხმელებს თითქმის ყოველთვის დაასწრო და ყაჩაღები დაჭრა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მათ ოჯახს პოლიციაც კი იცავდა. ეს ამბები ზუგდიდში ყველამ იცის... ის 2008 წლის ომის დროსაც იბრძოდა, შემდეგ კი, სპეცრაზმში მსახურების დროს, ენგურის ზოლზე, ხურჩა-ნაბაკევის მიმართულებით პატრულირების დროს, დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. საოცარი რამეები აქვს გადატანილი მის ოჯახს და მაშინ არ გაბოროტებულა, მაშინ არავინ მოუკლავს, თუ არ ჩავთვლით აუცილებელი მოგერიების გამო გასროლას... ამ ყველაფრის შემდეგ, ვინ უნდა დაიჯეროს, რომ ამდენი რამის შემდეგ, სამი შვილის პატრონი 3 თასი ლარის გამო 3 ადამიანს მოკლავდა?

- თქვენ რა ვერსია გაქვს, რა შეიძლება მომხდარიყო?

- არ ვიცი, მაგრამ რასაც გამოძიება ამბობს, უბრალოდ დაუჯერებელია. დათო ყაჩაღი და მძარცველი არასდროს ყოფილა და მეცინება იმ ხალხზე, ვინც იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ თურმე მიშას დროს იყო სპეცრაზმში, მიშას მერეც კარგა ხანს მსახურობდა იქ... მეც ვიყავი იმ დროს სპეცრაზმში, და ჩემი მეგობრებიც, 2008 წლის ომის დროსაც ვიბრძოდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოტენციური მკვლელები ვართ. ზოგს მოვალეობა და ბოროტმოქმედება ერთმანეთში ეშლება.

- დავით ბეჭვაია იცნობდა იმ სამ ადამიანს, ვის მკვლელობაშიც ადანაშაულებენ?

- დიახ, ითქვა, რომ იცნობდნენ, მაგრამ რა ურთიერთობა ჰქონდა, ნამდვილად არ ვიცი. მის ყველა ნაცნობს და მეგობარს არ ვიცნობ. თან ერთმანეთი კარგა ხანია არ გვინახავს, თუმცა, ვიცი, რომ სპეცრაზმში დაბრუნება უნდოდა. რატომ ვერ დაბრუნდა, ან ჰქონდა თუ არა დაბრუნების პერსპექტივა, არც ეგ ვიცი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, დათო ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა და პატრული გამოიძახა. მეზობლების თქმით, იმდენი რამ ჰქონდა გადატანილი, შვილების გამო მუდმივად ფრთხილად იყო. "მას სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. საოცრად კარგი მეუღლე ჰყავს, ქალბატონი შორენა, ზუგდიდში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ექიმია... ეს რაღაც ხელწამოსკრავი ოჯახის არ არის. ამ ხალხს კარგი წარსული და სახელი ჰქონდათ ყოველთვის. აქ ბეჭვაიები ბევრი ცხოვრობენ, მაგრამ დათო ყველასთვის ძალიან საიმედო ადამიანია...რა უნდა გვეთხოვა მისთვის, რომ უარი ეთქვა",- ამბობენ ნარაზენის მცხოვრებლები, რომელთაც გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.

გამოძიების ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა მის მეუღლეს, შორენა სონღულიასაც:

- ადვოკატმა სასწრაფოდ შედგენილ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა, ამიტომ, სრული საფუძველი გვაქვს, გამოძიებას არ ვენდოთ... არის რამდენიმე ეჭვი, რომელსაც პროფესიონალური და ობიექტური გამოძიება სჭირდება. სხვა თუ არაფერი, მე ხომ ვიცი, რომ იარაღი, რომელიც ვითომ შემთხვევის ადგილზე ამოიღო გამოძიებამ, დათომ რამდენიმე წლის დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში და ამის შესახებ შესაბამის უწყება საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული. მას იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული და ასეთი რამეები საკმაოდ კარგაც იცოდა... არსებობს სხვა დეტალებიც, მაგრამ ჯერჯერობით ამააზე ლაპარაკი არ მინდა. დათომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რადგან როგორც თქვა, მას ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარებინეს, მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)