"ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ" - სისხლიანი გარჩევა ბენზინგასამართ სადგურზე - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ" - სისხლიანი გარჩევა ბენზინგასამართ სადგურზე

დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მფლობელი, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგური, სადაც მკვლელობა მოხდა, ძმების საკუთრებაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირი პოლიციამ მალევე დააკავა. მათივე თქმით, "ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებთან დაახლოებით 5 პირი იმყოფებოდა, სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

"პოლიციამ იყოჩაღა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მალევე დააკავა. დანარჩენები მიიმალნენ", - განაცხადა თვითმხილველმა რომან ცხვირალაშვილმა რომელიც ამბობს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელები, რომელთაგან ერთ-ერთი მოკლეს და ერთ-ერთი დაჭრეს, ნათესავები არიან.

მისი თქმით, გასროლის ხმაზე პოლიცია ადგილზე მივიდა და იმ პირებს დაედევნა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებს ესროლა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეს ზედამხედველობას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა უწევს.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით