"რას ვიფიქრებდი, ხალხს თუ ხოცავდნენ!" - მკვლელობა ძველი ვალის გამო - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდი, ხალხს თუ ხოცავდნენ!" - მკვლელობა ძველი ვალის გამო

დღისით, მზისით დედაქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარმა მკვლელობამ, საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა. თავდასხმის ობიექტი ძმები, აღნიშნული სადგურის მეპატრონე ძმები - ზურაბ და გია ბერიშვილები გახდნენ, რომელთაგან ერთი - ზურაბი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე კი - დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიღომში, 16 თებერვალს მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება. მათივე ცნობით, პირი, რომელმაც, დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანს ესროლა, დაკავებულია.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან - ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბ-ს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

აღნიშული ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები სიცოცხლის აბსოლუტურ დაუცველობაზე საუბრობენ და მომხდარს შეძრწუნებულები აღწერენ:

ნანა გოგავა:

- აღმაშენებლის გზატკეცილზე წლებია ვვაჭრობ, მაგრამ ასე დაუცველად მხოლოდ შევარდნაძის მმართველობის და მის წინა პერიოდში თუ მიგრძვნია თავი. ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ კაცი მოკლეს, თანაც ერთი კი არა, 5 შეიარაღებული კაცი დღისით, მზისით დაესხა თავს და ეს დანაშაული ხახვივით შერჩებოდათ შემთხვევით პატრული რომ არ შესწრებოდა ამ უბედურებას.

- ვინ იყვნენ ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონენი?

- ამ ობიექტზე ახალი მოსულები იყვნენ და ბევრი არც იცნობს. თუმცა, ჩემთან მაღაზიაში რამდენჯერმე შემოვიდნენ. არც ერთი ძმა არ ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას, თავისთვის შრომობდნენ და არა მგონია, ვინმესთვის რაიმე ისეთი დაეშავებინათ, რომ სიკვდილი დაემსახურებინათ…. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, დაახლოებით დღის 3 საათზე გასროლა რომ გავიგონე, მეგონა, ბავშვები ასაფეთქებელს ისვრიან-მეთქი, რას ვიფიქრებდი, ხალხს თუ ხოცავდნენ! ამასობაში მეორე სროლის ხმაც გაისმა, ის უფრო ძლიერი იყო და მივხვდი, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. მაღაზიიდან რომ გამოვვარდი, ასე 20 წლის ბიჭმა ჩამიქროლა გვერდით, არც ნიღაბი ეკეთა და არც არაფერი, უბრალოდ კეპიანი ქუდი ეხურა და უკან პატრული მისდევდა, კივილში გავარჩიე, რომ სწორედ ის ბიჭი იყო მკვლელი და იმიტომ მისდევდა პატრული.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეტყობა ძმებ ბერიშვილებს რაღაცის მაინც ეშინოდათ, უფროსს მანქანაში რევოლვერი ჰქონია, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოასწრო. საწყალს პირდაპირ გულში ესროლეს. საბედნიეროდ, მის ძმას გიას, ტყვიები ისეთ ადგილზე არ ჰქონდა მოხვედრილი, რომ გარდაცვლილიყო, ექიმებმა დროზე უშველეს.

ვიდეო

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)