ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?! - კვირის პალიტრა

ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა, შემდეგ მეორე ძმის მკვლელობა - ანგარებით ჩადენილი დანაშაული თუ შურისძიება?!

პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ.

(ფოტოზე: ძმები ჩუბინიძეები, მარცხნივ მოკლული პაატა ჩუბინიძე)

9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა. ხობში ახლობელს, მერაბ აბესაძეს შეუარა, რომელიც საქმიანობაში ეხმარებოდა და სამივენი ზუგდიდში ჩავიდნენ, სწორედ ამის შმედეგ გაქრა მათი კვალი...

მომხარ დანაშაულზე ჟურნალი "გზა" სტატიას 18 თებრევლის ნომერში აქვეყნებს და მკვლელობის მეტად საინტერესო დეტალებზე უყვება მკითხველს, რომლის ამონარიდებსაც გთავაზობთ:

"დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ნარაზენში მცხოვრები, ყოფილი სპეცრაზმელი, 40 წლის დავით ბეჭვაია დააკავეს.

დავით ბეჭვაია

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე დავით ბეჭვაიას წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. ისიც დადასტურებულია, რომ წინადღეს პაატა ჩუბინიძის ტელეფონზე ბეჭვაიამ რამდენჯერმე დარეკა და ზუგდიდში ჩასვლა სთხოვა.

...

მთავარი კითხვა მაინც ტრიალებს საზოგადოებაში, - როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა სამი ადამიანის მოკვლა და შემდეგ ცხედრების დამარხვა. ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამონაწილე, ამაზე ჯერჯერობით გამოძიება არაფერს ამბობს.

მართალია, მომხდარს ფულის გამოძალვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა, მაგრამ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ისიც ირკვევა, რომ ეს ძმებ ჩუბინიძეებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემზარავ ტრაგედიამდე თვე-ნახევრით ადრე, პაატა ჩუბინიძის უმცროსი ძმის, კახას სახლი დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მაშინ ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, მაგრამ კახა ჩუბინიძის სახლზე თავდასხმაც დღემდე გამოუძიებელია. ჩუბინიძის საახლობლოში იმასაც ამბობენ, რომ მათზე თავდასხმა წლების წინაც მომხდარა, სწორედ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

მაშინ ძმების დაყაჩაღება უცდიათ. იმასაც ამბობენ, ძმებმა დამნაშავეები ამოიცნეს და ისინი პოლიციამ დააკავაო. ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმაში დადანაშაულებული პირები ოჯახს ემუქრებოდნენ. რაღაც გზებით, მათ ციხიდან გამოსვლაც მოახერხეს და თურმე დღეს თავისუფლებაში არიან. როცა კახას სახლი დაიცხრილა, ეჭვი გაჩნდა, რომ ციხიდან გათავისუფლებულებმა ამ გზით იძიეს მათზე შური. თუმცა, რამდენად აქვს ზესტაფონში მომხდარ ფაქტს კავშირი სამი ადამიანის მკვლელობასთან, უცნობია. იმედია, სამართალდამცავები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ, რადგან საეჭვოდ ემთხვევა ჯერ ერთი ძმის სახლზე თავდასხმა და შემდეგ - მეორე ძმის მკვლელობა. ჭირისუფალთან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით და ჩვენთვის უცნობია, აქვთ თუ არა სხვა ვერსია მომხდარზე ან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ადრე მომხდარ თავდასხმასთან დავით ბეჭვაიას".

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 18 თებერვლის ნომერში

ასევე იხილეთ: სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები