"მაგდა პაპიძემ ურო მწოლიარე მეუღლეს ჩაარტყა" - რას წერდა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დღიურში - კვირის პალიტრა

"მაგდა პაპიძემ ურო მწოლიარე მეუღლეს ჩაარტყა" - რას წერდა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დღიურში

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მასალაების ნაწილი პროკურატურამ გაასაჯაროვა. შუალედური გამოძიების მასალების მიხდევით:

გამოძიებამ იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც მკვლელობები მოხდა, მდებარე ნაგვის ურნიდან ამოიღო დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო.  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ,  რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში.

ავეჯზე წაშლილი სისხლის კვალი

ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.

ფრაგმენტი მაგდა პაპიძის დღიურიდან

გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად. (იხ. ვიდეოჩანაწერი)

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის ჩვენებებით და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის და ალა მარქაროვის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა "ტოლჩით" წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის".

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობის მომენტში ბრალდებული მაგდა პაპიძე  შერაცხადი იყო და აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

იხილეთ პროკურატურის განცხადება სრულად

იხილეთ ფოტოები მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმიდან

იხილეთ ვიდეო