"ეს ადგილი არალეგალი ქართველების თავშესაფრად მიიჩნევა" - თურქეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ეს ადგილი არალეგალი ქართველების თავშესაფრად მიიჩნევა" - თურქეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს

"ასეთი რამეები, საქართველოში მცხოვრებთ გიკვირთ, თორემ აქ მოპარვა, სიკვდილი, უგზო-უკვლოდ გაუჩინარება და ასეთი უბედურებები, ლამის ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული"

14 თებერვალს, თურქმა სამართალდამცავებმა მალათიის პროვინციაში, კონაკბაშის რაიონის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, 39 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს მოქალაქე მირიან ბოგვერაძეა, რომელიც სანადირო თოფით მოკლეს. როგორც მედია იტყობინება, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილია  ნივთები, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, მოპარული იყო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება...

თურქეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მირიანი, თურქეთში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა, მისთვის უცნობია, კონკრეტულად, სად და რაზე მუშაობდა დაღუპული...

გიორგი, სტამბოლში მცხოვრები ქართველი:

- როგორც ვიცი, მირიანის ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. რაღაც დროის განმავლობაში, სტამბულში, რამდენიმე ქართველთან ერთად, ქირით ცხოვრობდა, შემდეგ, ისინი დაიფანტნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, მართლაც დიდი ხანი არავის უნახავს.

- სად მუშაობდნენ?

- არ ვიცი... აქ ყველანაირ ქართველს შეხვდებით და ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ზოგი ამბობს რაზე მუშაობს, ზოგი – არა. ჩვენც არ ვეძიებით, ცხოვრებამ მოიტანა, რომ ასე გაიფანტნენ ადამიანები და ყველა ისე ირჩენს თავს, როგორც უხერხდება... მალათიის პროვინცია, სტამბოლთან ახლოს არის და იქ ბევრი ქართველი აფარებს თავს, რადგან პოვინციაა, თურქი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში იმდენად არ არის, თან სტამბოლთანაც არც ისე შორსაა. ეს ადგილი შეიძლება ითქვას, რომ არალეგალი ქართველების თავშესაფრად მიიჩნევა. თან არის ადგილები, სადაც სეზონური სამუშაოებისთვის პატარა კოტეჯებია აშენებული. ისინი ვისაც, სტაბილური სამუშაო ვერ იპოვა და შესაბამისად, ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვს, ასეთ კოტეჯებში ბინავდება... შესაძლოა, ასე შეაფარა თავი მირიანმაც ან სულაც იქ მუშაობდა და ცხოვრობდა. ასეთ შემთხვევაში თურქი "პატრონი" ხმასაც არ ამოიღებდა, რადგან რომ ნახოთ, რა პირობებში მუშაობენ აქ არალეგალი ქართველები, ვერ დაიჯერებთ, ხშირად მათ არაადამიანებივით ექცევიან.

სახლი, სადაც მოკლული ქართველი ოპოვეს

- თურქული მედიის ვერსიით, ის სანადირო თოფით არის მოკლული და ჭრილობა თავში აქვს...

- დიახ, ჩვენც წავიკითხეთ. ძნელია მიცვალებულზე ლაპარაკი, ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. გარშემო დასახლებაც არის და გარკვეული ტიპის საწარმოებიც. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ თქვეს, რომ სახლში, რომელიც, სავარაუდოდ, დროებით დაკეტილი იყო და არა მიტოვებული, მოპარული ნივთებიც იპოვეს... არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ იქ მცხოვრები და მომუშავე პერსონალი სამართალდამცველებისგან მეტ ყურადღებას ითხოვდნენ, ანუ ყოფილა ფაქტები, როდესაც რაღაცები დაიკარგა, მათ შორის სამუშაო იარაღები. ყოფილა შემთხვევები, რომ დაკარგული ნივთების გამო იქ დასაქმებული ქართველებიც გაათავისუფლეს.

ჩივილით ვერ უჩივლებდნენ, რადგან უმეტესობა არალეგალი ჰყავთ და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მხოლოდ სიტყვიერი გარიგება ხდება. არის შემთხვევები, როდესაც, თურქი დამსაქმებლები, არალეგალებს ფულს არ უხდიან, ისინი ამას ვერ აპროტესტებენ, დეპორტის შიშით, რითაც თურქი "პატრონები" სარგებლობენ. განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ გაუჭირდათ და ყველა გზას ეძებენ, რათა ფული არ გადაუხადონ დასაქმებულს... შესაძლოა, მირიანი არც არაფერ შუაში იყოს იმ ნივთებთან, უბრალოდ ვიღაცამ გაიმეტა და გამოიყენა... საერთოდ, ასეთი რამეები, საქართველოში მცხოვრებთ გიკვირთ, თორემ აქ მოპარვა, სიკვდილი, უგზო-უკვლოდ გაუჩინარება და ასეთი უბედურებები, ლამის ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული. ინტენსიურად ვიგებთ, სამწუხარო ფაქტებს, რომ სადღაც ქართველი მოკლეს, ან ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს, ანდაც ქართველმა თავი მოიკლა...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი უკვე დაუკავშირდნენ მირიან ბოგვერაძის ოჯახს, თუმცა, მომხდარის გარშემო, სხვა დეტალებზე არ ლაპარაკობენ.

პ.ს.

"ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე.

მისი განმარტებით, საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს, ხოლო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს.

"დავავალოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა, ვინც მოგვმართავს ჩვენი თანამემამულის გადმოსვენებაში დაფინანსებისა და დახმარების თხოვნით, უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულნი", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილთა გადმოსვენება თვეობით ვერ ხერხდებოდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)