რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს - კვირის პალიტრა

რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს

"ონლაინთამაშებში ყოველდღიურად 400 000 კაცია ჩართული"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინკაზინოების ფუნქციონირებაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობა მიიღებს ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოქალაქეებისთვის მოაქვს. დღეს ონლაინკაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი მონაცემებით მოხდეს... ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" აზარტული თამაშების რეგულაციების კონცეფციაზე მუშაობს. "კვირის პალიტრა" ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურაბ კუკულაძეს, გაესაუბრა:

- ონლაინთამაშების გაკონტროლება რთული არ არის. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია ნებისმიერი ვებგვერდის წვდომა და შეზღუდვების დაწესება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა საზოგადოებას არ ჰქონდა რუსული ვებგვერდების წვდომა.

პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა მოთამაშე. პარალელურად უნდა შეიქმნას პროგრამა, სადაც ყველა მოთამაშის შესახებ იქნება ინფორმაცია. ბაზაში დარეგისტრირებულთ უნდა მიეცეთ უფლება, ითამაშონ ონლაინსაიტებზე. ამით არასრულწლოვნებს შეეზღუდებათ ონლაინთამაშებზე წვდომა და სახელმწიფოს ეცოდინება, რა კატეგორია, რა თანხით თამაშობს. უნდა დაწესდეს წაგების ლიმიტიც - პირველ ეტაპზე ფიქსირებული, რათა ერთი თვის განმავლობაში მეტის წაგება არ შეიძლებოდეს. თუმცა, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წაგების შემთხვევაშიც გააგრძელოს თამაში, დეკლარანტი უნდა გახდეს, ანუ საგადასახადო სამსახურში შეავსოს შემოსავლების დეკლარაცია... ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ მასობრიობა. ონლაინთამაშებში ყოველდღიურად 400 000 კაცია ჩართული. აუცილებელია, თამაში იყოს ფასიანი და მოთამაშემაც გადაიხადოს მოსაკრებელი, ანუ ვისაც აქვს გადახდის საშუალება, მხოლოდ მან ითამაშოს. რაც შეეხება რეალურ კაზინოებს, ისინი ცენტრალური უბნებიდან სპეციალურად გამოყოფილ ზონაში უნდა გადაიტანონ. მაგალითად, თბილისის ზღვასთან არსებულ აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანს სპეციალურად დასჭირდება წასვლა.

პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამ თამაში აღიქვა როგორც შემოსავლის წყარო და არა როგორც გართობა. როცა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს სთავაზობენ ისეთ საქმეს, რომელიც აპრიორი წაგებაზეა ორიენტირებული, ჩვენი ვალია, შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა. მოთამაშეს თუ აქვს სურვილი, გარკვეული ბარიერები გადალახოს - დარეგისტრირდეს, წავიდეს შორ გზაზე და ა.შ., მაშინ უნდა მიეცეს ამის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბიზნესი იატაკქვეშეთში გადავა და კრიმინალური ფონის გაუარესებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ თამაშების პოპულარობა, რათა ყველას არ ჰქონდეს წვდომის შესაძლებლობა.

- უმეტესად რა სეგმენტია ჩაბმული სათამაშო ბიზნესში?

- ძირითადი მომხმარებელი დაბალი სოციალური ფენაა, მათ დაბალი შემოსავალი აქვთ და გამდიდრების იმედით თამაშობენ.

- ხომ არ იგეგმება რეალური კაზინოების აკრძალვა, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანში?

- ქვეყანაში აზარტულ თამაშებს ვერ მოვსპობთ. რეალური კაზინოების სახით იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კანონიერად ითამაშონ, ოღონდ ეს უნდა იყოს თბილისის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით. ვიღაცას თუ აქვს საშუალება და უნდა, რომ ითამაშოს, უნდა მიეცეს ამის უფლება. ეს კარგია იმ მხრივ, რომ ფული არ გავიდეს გარეთ. ამით ტურიზმსაც ვავითარებთ. უცხოეთის მოქალაქეებს არ უნდა შეეზღუდოთ თამაში.

- როგორც ვიცით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ონლაინკაზინოები.

- ყველგან არ არის აკრძალული, უბრალოდ, რეგულაციის სხვადასხვა მოდელია. ევროპაში ონლაინთამაშები შეზღუდულია, მაგრამ დაშვებულია სივრცეები, სადაც არსებობს როგორც ონლაინ, ისე რეალური კაზინოები. ორივეგან არსებობს წაგების ლიმიტი და ხდება მოთამაშეთა მკაცრი იდენტიფიცირება. უნდა შეიცვალოს ამ დარგის დაბეგვრის პრინციპებიც. დღეს მხოლოდ მოსაკრებლები იბეგრება. არ აღირიცხება, ვინ აგებს, ვინ იგებს, რამდენი აქვს კაზინოს შემოსავალი. შესაბამისად, არ არსებობს გადასახადები ტრანზაქციებზე, მოგებაზე და ა.შ. არის მხოლოდ ერთჯერადი მოსაკრებელი, რომელსაც კაზინო მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ იხდის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ონლაინთამაშებისგან სახელმწიფოსა და ბიუჯეტს არანაირი ეფექტი არა აქვს. უნდა შეიქმნას ბაზა, სადაც გამჭვირვალე იქნება ამ სისტემაში მოძრავი ფულის წარმომავლობა. ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, უნდა შეიზღუდოს ონლაინთამაშები, ვინაიდან კონტროლისა და დაბეგვრის ერთიანი სისტემის უქონლობა გულისხმობს ფულის გათეთრების მაღალ საფრთხეს. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება, გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაციები. მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყურადღება მიაქციონ და დაიწყონ ამ თემებზე აქტიური მუშაობა. მინდა ვირწმუნო, რომ კიდევ ერთ ჰაერში გაკეთებულ განცხადებასთან არა გვაქვს საქმე.

სესხი აიღო, ფული დადო და წააგო იმ დღეს

13 ივნისის სტიქიის გმირის, ირაკლი იმნაძის თვითმკვლელობამ თბილისი აალაპარაკა. ირაკლი, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლია. 30 წლის ახალგაზრდამ სტიქიის დროს 3 ქალბატონი და 50 ძაღლი გადაარჩინა...

"თვითონ იხრჩობოდა, მაგრამ სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა. თბილი, უსაყვარლესი ადამიანი იყო... აგვისტოდან დაიწყო თამაში. ტოტალიზატორში თამაშობდა, იშვიათად - კაზინოშიც. ონლაინსესხები ჰქონდა აღებული. ამას მოჰყვა სესხზე ვადაგადაცილება, შემდეგ ყადაღა და ოჯახმაც ყველაფერი გაიგო... იმ საბედისწერო დღესაც რაღაც სესხი აუღია, ეს ფულიც დადო და წააგო. რამდენიმე საათში კი ტრაგედია მოხდა... საშინელება იყო. სასწრაფოს მოსვლამდე გული უცემდა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს" - ჰყვება ოჯახის ახლობელი.

შს სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის მხოლოდ დეკემბრის თვეში თვითმკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, წლის მანძილზე კი სუიციდის სულ 395 შემთხვევა ფიქსირდება. უმეტეს შემთხვევაში, გარდაცვლილთა ასაკი 17-დან 30 წლამდე მერყეობს. სუიციდის მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც მეტწილად აზარტულ თამაშებს უკავშირდება.

ნანა ფიცხელაური