"ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო?" - რას ამბობს ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე - კვირის პალიტრა

"ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო?" - რას ამბობს ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე

ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის ოთარ მამფორიას განცხადებით, სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად ჰკითხეს, თავად ხომ არ მოკლა მეუღლე, თუმცა შემდეგ ეს ვერსია თავადვე გამორიცხეს. ამის შესახებ მამფორიამ ჟურნალისტებს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას განუცხადა.

იხილეთ ასევე: "ქალი ნაწამები იყო" - დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი შურისძიების მიზნით მოკლეს?!

მამფორიას განმარტებით, მან გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილი სახლში, მძინარეები დატოვა.

მამფორიას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი იყო, რომ მოხდა ყაჩაღობა, თუმცა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ფული სახლშია, ეს ვერსიაც გამოირიცხა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორიებს სახლში თანხა ჰქონდათ, მან უპასუხა, რომ ეს იცოდა ბიძაშვილმა და ასევე მეზობლებმაც.

"რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს კითხვა იმიტომ დამისვეს, რომ ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდსო. არც ისე დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და მერე ეს ვერსია გამორიცხეს. მკითხეს ასევე თუ მყავდა მტერი უბანში, ან სანათესაოში და ესეც უარვყავი", - განუცხადა ჟურნალისტებს მამფორიამ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.