"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?" - კვირის პალიტრა

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"გამომძიებელი მეკითხებოდა, - მტერი ვინ გყავდათო? - არ გვყოლია მტერი"

ამაზრზენი დანაშაული, რომელმაც საზოგადოება შეძრა, 22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, დილის საათებში მოხდა. მამფორიების მეზობლებმა განგაში მაშინვე ატეხეს, როცა ბინაში კვამლი შენიშნეს. ისინი მეზობლის კარზე აბრახუნებდნენ, მაგრამ არც ტელეფონის ზარს პასუხობდა ვინმე და არც კარს აღებდნენ. სასწრაფოდ სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ მეხანძრეებს კი საშინელი სურათი დახვდათ: ახალგაზრდა ქალი, ნინო ომანაძე მისაღებ ოთახში ყელგამოჭრილი ეგდო, ხოლო საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს მისი პატარა გოგონა, რომელიც დამნაშავეს ცეცხლში დაეწვა. შემზარავი დანაშაული ჯერჯერობით გაუხსნელია. უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ასე სადისტურად დედა-შვილი. მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე  სტატიას 25 თებერვლის ნომერში ჟურნალი "გზა" აქვეყნებს. ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ ინტერვიუ ნინო ომანაძის მეუღლეთან, ოთარ მამფორიასთანაც ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ოთარ მამფორია:

- დილით სახლში მძინარე ცოლ-შვილი დავტოვე და წავედი სამსახურში. უფროსი ვაჟი მე წავიყვანე სკოლაში. სამსახურში დამირეკეს და იქ გავიგე, რაც მოხდა. არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ცოლ-შვილი. ვერსია არ მაქვს. სახლში ფული რომ ინახებოდა, ეს ბევრმა იცოდა. იცოდა ჩემმა მამიდაშვილმა, მეზობელმაც. თავიდან მეგონა, ყაჩაღობის მიზნით მოხდა თავდასხმა, მაგრამ ფული არ არის წაღებული. რამდენიმე საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. გამომძიებელი მეკითხებოდა, - მტერი ვინ გყავდათო? არ გვყოლია მტერი. ჩემი დაკითხვით რომ ვერაფერი გაიგეს, მეუბნებოდნენ, შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით-მეთქი? - ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდს, მტერი ან ვინმე გიჟი ხომ არ გყავთ გარემოცვაში, მითხარი, ვის შეეძლო ეს დანაშაული ჩაედინაო? არ მაქვს ამაზე პასუხი და რა მეთქვა? ამის მერე მითხრეს რამდენჯერმე, - შენ მოკალიო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ არის. მიზეზი უცნობია ჩემთვის, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა.

სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 25 თებერვლის ნომერში