"თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა - კვირის პალიტრა

"თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა

"მაგდას ჩანაწერი მართლაც მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა"

რამდენიმე დღის წინ, მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. გავრცელებულ მასალას თან ერთვის მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებულებათა ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდების თანახმად, მაგდა პაპიძემ თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

პროკურატურა მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად ბრალდებულის ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავად პაპიძის მიერაა დაწერილი...

"ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი, გახსნილი, გამზადებული. პროსტინა გამზად. პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი. ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფრაგმენტში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაგდა პაპიძის ჩანაწერი, ე.წ. სამოქმედო გეგმა, მის ოთახში პირველად დედამთილმა, ლილი მინდიკაურმა იპოვა და გამოძიებასაც მან გადასცა. "კვირის პალიტრა" ქალბატონ ლილის დაუკავშირდა:

ლილი მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედა:

- მაგდას ჩანაწერი მართლაც მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა. ეგენი (იგულისხმება პაპიძის ოჯახის წევრები) ბევრ ტყუილს ამბობენ და არც მაინტერესებს, რამდენ უაზრობას იტყვიან. მთავარია, ეს დეტალი დამოწმებულია და მისი კალიგრაფიაა. სხვა არავინ შევიდოდა მის ოთახში და არავინ დაწერდა და დატოვებდა ჩანაწერს. ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული და იქ ვიპოვე.

თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა არ მჯეროდა, და როცა დააკავეს, მის ჯანმრთელობაზეც კი ვზრუნავდი.

2-3 დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამბობენ, რადგან დიაბეტი ჰქონდა, თითქოს იმან გამოიწვია აფექტი და მისი ეს ქმედება, მაგრამ მაგდა მშვენივრად აზროვნებდა და კარგადაც იყო. მისი და ამბობს, აწეული ჰქონდა შაქარიო, არაფერი არ ჰქონდა აწეული, იმ საღამოს მშვენიერ აზრზე იყო, ჩემს ოთახში შემოდიოდა და სისხლიან ტილოებს რეცხავდა სარეცხ მანქანაში. მეტს ვერაფერს ვეღარ გეტყვით, ყველაფერი გაირკვევა.

იხილეთ სრულად